"მატროსოვის ციხეში სააკაშვილს საკანი ელოდება" - კვირის პალიტრა

"მატროსოვის ციხეში სააკაშვილს საკანი ელოდება"

"სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი არ არის. სააკაშვილი კარგად შეადარა მისმა მეუღლემ თხუნელას. სააკაშვილს ერთადერთი რისი გათხრაც შეუძლია - არის სამარე ”ნაციონალური მოძრაობისთვის",

"რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული"

27 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუცია, თუმცა ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის.

"რომელ არეულობაზე და გადატრიალებაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, აქ სერიოზული საქმით ვარ დაკავებული და არა კონსპირაციებით...

ცოლ-შვილი გავუშვი საქართველოში, სანდრა არჩევნებში კენჭს იყრის. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად, უეჭველად და ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. თუკი რამე რევოლუციური უნდა მოხდეს საქართველოში, ეს იქნება არჩევნების შემდეგ.

ეს იქნება რევოლუციური გაუმჯობესება სოციალური სტანდარტების და ხალხის ცხოვრების დონის. ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა, ეს იქნება რევოლუციური გაადვილება ბიზნესისთვის საქმიანობის, ეს იქნება რევოლუციური განათლების რეფორმა. მართლაც, ამ რეფორმებს რევოლუციურად ჩვენ გავატარებთ. არჩევნებს ჩვენ ჩავატარებთ მშვიდად და ივანიშვილი ვერაფერს არევს. ყველაფერი მიდის მისი გარდაუვალი მარცხისკენ, ხელისუფლების ხავერდოვანი ჩანაცვლებისკენ და შემდგომი საქართველოს განვითარებისკენ. ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძელებთ საქართველოში აღმშენებლობას, პროგრესს და განვითარებას საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ”.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, "გამოქვეყნებული ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი კრიმინალური წარსულით შეკრული და კრიმინალური იდეებით გაერთიანებული ბანდა".

"მათ უამრავი სისხლიანი რამ აქვთ ჩადენილი, ამიტომაც ზის ამდენი მათინი ციხეში, ამიტომაც არის მათი ამდენი წევრი გაქცეული ქვეყნიდან და ამიტომაც არის ამდენი სისხლის სამართლის საქმე აღძრული ყოფილ პრეზიდენტზე. ის რაც მოვისმინეთ, ამაში ახალი არაფერი იყო, უბრალოდ, ეს იყო დადასტურება იმის, რაც აქამდეც ვიცოდით. არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია. აქამდეც მოგვისმენია, რომ ის ურეკავდა ”რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორს, რომ გვამები აუცილებლად უნდა ყოფილიყო, უნდა აღემართათ ბარიკადები თითქოს ვინმის შეჭმას აპირებდნენ ტელევიზიაში და ისინი აპირებდნენ ”რუსთავი 2” ყოფილიყო მთავარი იარაღი ამ დესტაბილიზაციის მოსაწყობად.

ეს, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიასგან განსხვავებით ჟურნალისტები და ”რუსთავი 2-ზე” მომუშავე სხვა ადამიანები ასეთ პროვოკაციებს არ აჰყვებიან და არ წამოეგებიან. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ის ადამიანები აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო გადატრიალებაში, კონსტიტუციურ წყობილების დამხობაში და ეს ადამიანები უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან. ეს არის კიდევ უფრო მეტი დანაშაული...

"ნაციონალურ მოძრაობას” აქვს რესურსი აღიაროს ის რასაც აპირებდა და ეს კრიმინალური დაჯგუფება დაიშალოს. სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება ნომერ მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მისთვის გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა მაინც კომფორტული საკანი ყოველგვარი ცოცხების და ყოველგვარი წამების გარეშე. მან უნდა აგოს პასუხი მის მიერ დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულისთვის, თუმცა სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი არ არის. სააკაშვილი კარგად შეადარა მისმა მეუღლემ თხუნელას. სააკაშვილს ერთადერთი რისი გათხრაც შეუძლია - არის სამარე ”ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით