"ბურჭულაძე შულერია"! - კვირის პალიტრა

"ბურჭულაძე შულერია"!

"პაატა ბურჭულაძე შეეცადა "გირჩისთვის" ორჯერ მიეყიდა ადგილები საპარალამენტო სიაში"

27 სექტემბერს პაატა ბურჭულაძის მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" "გირჩმა" დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით კი, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა.

ბევრი მითქმა- მოთქმა იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა გიორგი ვაშაძის მოძრაობა "ახალი საქართველო", როგორც ვაშაძემ და ბურჭულაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს ისინი კვლავ ერთ ბლოკად აგრძელებენ საარჩევნო ბრძოლას. ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩება პარტია "ახალი მემარჯვენეები".

გვესაუბრება პაატა ბურჭულაძის ექსთანაგუნდელი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე:

- როდესაც დავტოვე პარტია და ვთქვი, რომ პაატა ბურჭულაძისთვის პარტია და ზოგადად, პოლიტიკაში შემოსვლა იყო ბიზნესპროექტი, მაშინ "გირჩის" ლიდერები ცდილობდნენ ჩემთვის შეურაცხმყოფელი ეპითეტების მოწებებას, თუმცა გუშინ, მათ თავადვე დაადასტურეს ის, რასაც მე ორი კვირით ადრე ვამბობდი.

პარტია პაატა ბურჭულაძისთვის ნამდვილად იყო და დღემდეა ბიზნესპროექტი. ბურჭულაძე, შეეცადა ორსვლიანი ბიზნესკომბინაცია გაეთამაშებინა - ჯერ როდესაც კოალიცია შეიქმნა, მან გარკვეული თანხის სანაცვლოდ მაშინ გამოათავისუფლა ადგილები სიაში და შემდეგ უკვე 27 სექტემებერს სცადა ეს ადგილები ხელმეორედ გაეყიდა "გირჩზე". მას სურდა ერთი და იგივე ფინანსურ ოპერაციაში ორმაგი სარგებელი ენახა. ეს იყო მთავარი მოტივი, სხვა ნებისმიერი მიზეზი, რაც შეიძლება პაატა ბურჭულაძის გუნდის ნარჩენებმა დაასახელონ, იქნება სრული ბლეფი. ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური სარეგებელის მიღების მცდლობასთან და ისეთ პოლიტიკურ შულერობასთან, როგორიც ქართული პოლიტიკის ისტორიასაც არ ახსოვს. რეალურად პაატა ბურჭულაძე შეეცადა "გირჩისთვის" ორჯერ მიეყიდა ადგილები საპარლამენტო სიაში. ვიმეორებ, ბურჭულაძე შულერია!

- ანუ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ ბურჭულაძე სიაში რიგი ადამიანების ყოფნის სანაცვლოდ "გირჩს" სთხოვდა ფულს, რეალობად მიიჩნევთ?

- დიახ, ნამდვილად ასეა. ამ ფაქტით ცხადად დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძე როგორც პოლიტიკოსი და მმართველი, უბრალოდ, არ არსებობს. მან ჯერ დაანგრია საკუთარი გუნდი და შემდეგ უკვე დაანგრია კოალიცია. მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა და აშენებდა ჯერ ფონდს და შემდეგ - პარტიას. ისინი ამ ყველაფერს აკეთებდნენ ერთადერთი მიზნით, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოგვეყვანა ახალი თაობა. პაატა ბურჭულაძის იმჟამინდელი საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან გამომდინარე, ჩვენ რეალურად გვქონდა ამის რესურსი. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძემ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია (მისთვის ბევრჯერ მითქვამს რომ ეს იყო მისი მისია) უბრალოდ გაყიდა, რითაც გაყიდა საკუთარი გუნდიც და ამომრჩეველიც.

- მინდა გკითხოთ ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერეზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობენ. როგორ ფიქრობთ, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ სახელმწიფო გადატრიალება?

- ამ ფაქტს სამრთლებრივად ვერ შევაფასებ, თუმცა, მიმაჩნია, რომ რევოლუცია საქართველოში ამ ეტაპზე გამორიცხულია. დღეს საზოგადოების განწყობა, კატეგორიულად ემიჯნება, ნებისმიერი ტიპის რევოლუციას. არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შესაცვლელად, ერთადერთი რესურსი, რომელიც ნებისმიერმა ავის მოსურნემ შეიძლება გამოიყენოს, არის სამხედრო გადატრიალება, ანუ მოინახოს დასაყრდენი ძალოვან სტრუქტურებში (შსს, თავდაცვის სამინისტრო და სხვ.), რომლებიც მზად იქნებიან სამხედრო ძალით ხელისუფლების შესაცვლელად. ყველა სხვა სცენარი გამორიცხულია, რადგან ხალხი ძალადობრივ ქმედებას ხელისუფლების შესაცვლელად მხარს არ დაუჭერს. მე ისიც ნაკლებად მგონია რომ ძალოვან სტრუქტურებში "ნაციონალურ მოძრაობას", ჰყავდეს იმგვარი დასაყრდენი, რომელიც მზად იქნება წავიდეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე და მიიღოს მონაწილეობა სამხედრო გადატრიალებაში!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)