"ეს ბელადი იმოძღვრება უკრაინიდან, მისი მეუღლე კიდევ რაღაც გვირაბებს უთხრის" - კვირის პალიტრა

"ეს ბელადი იმოძღვრება უკრაინიდან, მისი მეუღლე კიდევ რაღაც გვირაბებს უთხრის"

29 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა შიდა ქართლში გამართა. რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, ივანიშვილმა აქტიურად ილაპარაკა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და "ნაციონალურ მოძრაობაზე".

ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ სააკაშვილს წასასვლელი არსად ექნება.

”თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დააკვირდით ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებს. ეს ბელადი იმოძღვრება უკრაინიდან, მისი მეუღლე კიდევ რაღაც გვირაბებს უთხრის. ჩვენ არც ისე შორს ვართ ევროპისგან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემას ვგულისხმობ. ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ მის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს. მას ძალიან კარგი საკანი ელოდება. მგონი, ამ არჩევნების შემდგომ წასასვლელიც აღარ ექნება”.

ექსპრემიერი ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერების თემასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდა, დადასტურდება ისიც, რომ ის თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

”ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე დიდი კვლევები არ არის საჭირო და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ავთენტურია თუ არა. მათი განცხადებები ნახეთ და ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. ნახეთ, თუ გნებავთ მათი გაქცეული ლიდერის განცხადებები, რომ ეგზიტპოლი, რომელიც დაიდება ”რუსთავი 2”-ზე, იქნება ბოლო ჭეშმარიტება და თუ არადა, წარღვნის მსგავსი რაღაც მოხდება. მისი მეუღლის განცხადებაც გაიხსენეთ, რომ ისეთი მაგარია მიშა, "ტუნელს" გათხრის და ჩამოვა სოლოლაკამდე. მათი დამოკიდებულება ისედაც ჩანს, ჩანაწერის ავთენტურობა არაფერს ნიშნავს. იგივე პათოსია პრინციპში, რაც მრავალჯერ მითქვამს. დაწყებული 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ, რომ გაზაფხულზე მოაწყობდნენ რევოლუციას, გაზაფხულზე არ გამოსდიოდათ და შემოდგომაზე და ა.შ. ამით ამაგრებდნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს. არ იფიქროთ, რომ ეს კადრები მოპარულია, ჩემი წარმოდგენით, პროკურატურამ უარიც რომ თქვას ამ კადრების ავთენტურობაზე, თავად გამოვლენ და იტყვიან, რომ მართლა ილაპარაკეს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” ამით რეკლამას იკეთებს, ვინაიდან სხვა არაფერი დარჩათ და ამით ამაგრებენ პოზიციას.

”ხელწერა ვერ შეიცვალეს, უნიჭოები აღმოჩნდნენ, არ აქვთ ამის რესურსი, ამაზევე სხედან. ქვების სროლით მოვიდნენ, ძალადობით იყვნენ ცნობილი. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტშია. ახლა ცდილობენ, რომ გუნდის ნარჩენი მოვიდეს არჩევნებამდე და იქნებ, საოცრებაც მოხდეს, რომ მათი მშიშარა ლიდერი გახდეს მართლა ლიდერი. მისმა ფოტომ მსოფლიო მოიარა, გორში გადაღებულმა. იქნებ მართლა დაძლიოს შიში მანაც და თავის თანამებრძოლებმაც, ”ნაციონალური მოძრაობა” მშიშრების კომპლექტაციაა და ამიტომაც არის ერთი გუნდი”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, 9 დღეც მოითმინოს და ყველაფერი დასრულდება.

”ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს და ახლა ომი უნდა მოვიგოთ, პირობითად”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით