"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები გამებუტნენ, მათ აღარ ვუყვარვარ" - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები გამებუტნენ, მათ აღარ ვუყვარვარ"

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებით მდგომარეობა ისეა გაუმჯობესებული, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სათქმელი აღარ დარჩა. სწორედ ამის გამო კი, ამ უკანასკნელთ სადებატო აღარაფერი აქვთ და "ქართული ოცნების" კანდიდატებთან დებატებში არ სხდებიან.

ამის თვალსაჩინოდ კი, ივანიშვილმა "რუსთავი 2"-ს მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ექსპრემიერს "გაებუტნენ" და "კითხვასაც აღარ უსვამენ".

"ნახეთ, ვის მიჰყავს ფსონი ამ შეხვედრებში?!- "რუსთავი 2"-ს. მაგრამ არცერთ შეხვედრაზე ჩემთან აღარ მოდიან - გამებუტნენ. კი არ გამებუტნენ, საკითხი აღარ აქვთ. მაგათი ყველა ტრიუკი ვიცი, კითხვას რომ სვამენ, ვიცი რა აქვთ შიგნით ჩაგდებული და სწორად ვპასუხობ. ჩემი დანახვა აღარ უნდათ. მიპატიჟებაზეც უარი მითხრეს და აღარ ვუყვარვარ საერთოდ.

იგივეა ჩადებული აქაც. რაზე უნდა იდებატოს "ნაციონალურმა მოძრაობამ". სინდისი გადახაზული აქვთ და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი. სათქმელი აღარ აქვთ, იმდენად ყველა მიმართულებით არის გაუმჯობესებული სიტუაცია. ეტყობა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან სათქმელი არაფერი აქვთ და დებატებშიც არ სხდებიან".