"არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე ცხონებულ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც რაიმე მოვისმინოთ" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე ცხონებულ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც რაიმე მოვისმინოთ"

"თუ ამ ჩამონათვალში არ გაჟღერდა ეროსი კიწმარიშვილის გვარიც, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი იქნება, რომ ამ საქმის გამოძიება პროკურატურის ინტერესში არ შედის"

გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა. კადრები კუდ-ის ოპერატორმა გადაიღო, სადაც ჩანს, როგორი სისასტიკით უსწორდებიან მომიტინგეებს სპეცრაზმელები, კუდ-ისა და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. დარბევამდე დათა ახალაიამ რუსთაველზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავების ბრძანება გასცა, სანაცვლოდ კი თანამშრომლებს მაღალ პრემიებს დაჰპ-ირდა: "მეტი, მეტი დაკავება გვინდა! სიჩუმე! ვაკავებთ ყველას, მეტი დაკავებული, მეტი პრემია".

პროკურატურის მტკიცებით, პრემიის სახით მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე 900.000 ლარამდე გაიცა. ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ 13.780 ლარი მიიღო, ვასილ ლელუაშვილმა - 9.000. არც დავით ახალაია დარჩენილა პრემიის გარეშე, მას 6.500 ლარი ერგო, რევაზ შიუკაშვილს - 4.135.

პროკურატურის განცხადებებში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები. განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ვიდეომასალების გასაჯაროების შემდეგ.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი:

- პროკურორმა ბრძანა, ინფორმაცია აპრილში მივიღეთო, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი წლის აპრილში. რასაკვირველია, ასეთი სიახლე საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, გამოძიება დასრულდეს, წერტილი დაესვას ამ სადისტურ პროცესს, მაგრამ გვრჩება კითხვა, თავად ყველაზე დაინტერესებული პირები, დასახიჩრებულები, ჭირისუფლები, რატომ არ იყვნენ ინფორმირებული თუნდაც 5 თვით ადრე, რომ ეს კადრები პროკურატურას ჰქონდა?!

ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ ახლა გირგვლიანის საქმეში ჩნდება უცნობი დეტალები. ეს კი უკვე აღიქმება როგორც პროკურატურის წინასაარჩევნო პროდუქტი. არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე რაიმე კიდევ მოვისმინოთ ცხონებულ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეზეც. თუ ამ ჩამონათვალში არ გაჟღერდა ეროსი კიწმარიშვილის გვარიც, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი იქნება, რომ ამ საქმის გამოძიება პროკურატურის ინტერესში არ შედის.

- კიწმარიშვილის საქმე ახსენეთ. პროკურატურამ ამ საქმეს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მისცა, ამ აზრს არ იზიარებთ?

- დადგება დრო და პროკურატურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც დღეს ამაყად ლაპარაკობენ კიწმარიშვილის თვითმკვლელობაზე, დიდ ზეწოლაში მოექცევა, რადგან ადრე თუ გვიან სიმართლე აუცილებლად გაცხადდება.

უფრო თეთრი ძაფით არის შეკერილი კაბელების საქმე. იგივე ითქმის რაფალიანცის საქმეზეც, რომელიც მართლმსაჯულების შავი ხვრელია და მიკვირს, რომ აქამდე ცუდი ან კარგი, ან ბოდიში საჯაროდ არ გამოთქმულა. წარმოუდგენელია, რომ ასეთი, ყველას თვალწინ მომხდარი მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია. იმედია, არჩევნების წინ ჩვენი პროკურატურა არ განაცხადებს, უკვე დავადგინეთ კენედის მკვლელობის ყველა დეტალიო.

იხილეთ სრულად

თეა ხურცილავა