"იარაღს დაურიგებდნენ "ნაციონალებს" და ისინი დაიწყებდნენ ქუჩაში სროლას" - ვისი გეგმის ნაწილია შსს-ს მიერ აღმოჩენილი დამარხული იარაღი?! - კვირის პალიტრა

"იარაღს დაურიგებდნენ "ნაციონალებს" და ისინი დაიწყებდნენ ქუჩაში სროლას" - ვისი გეგმის ნაწილია შსს-ს მიერ აღმოჩენილი დამარხული იარაღი?!

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია. მათივე თქმით, საბრძოლო მასალა შენიღბულად 2009-2011 წლებშია დამარხული.

"კერძოდ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა 2009-2011 წლების განმავლობაში განხორციელდა. სამართალდამცველებმა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და გორის რაიონში, ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ტყის მასივში, მიწის ქვეშ იპოვეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა"- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შსს-ში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმაზე, არსებობს თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი და ვისი გეგმის ნაწილია მიწაში დაფლული იარაღი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით დარჩიაშვილის თქმით, ეს წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებული სამალავებია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის გაკეთდა და სავარაუდოდ, ამის თაობაზე მოქმედი ხელისუფლება, ხელისუფლების გადაბარების პროცესში ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.

დავით დარჩიაშვილი:

- საუბარი იყო, საქართველოში რუსეთის არმიის ხელახლა შეჭრის შემთხვევაში წინააღმდეგობის უჯრედების მომზადებაზე, რაც სავსებით ლეგიტიმური ნაბიჯია. თუმცა, ანტისახელმწიფოებრივი კანონდარღვევითი მოქმედებაა, ამ ყველაფრის გამჟღავნება, რასაც ახლა აკეთებენ. მაგრამ ამ ხელისუფლების მხრიდან იმდენი სახელმწიფოებრივი საიდუმლოებაა გაცემული რუსული აგენტურისათვის, ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, არაფერს ცვლის. ეს ხელისუფლება ვერ გასცდა შეთქმულების თეორიებს, თითქოს ოპოზიცია დესტაბილიზაციას აპირებს.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, სხვადასხვა დროს ნაპოვნი იარაღის "გამოჩენა" წინასააარჩევნო პერიოდს დაამთხვიეს.

- შს მინისტრმა თქვა, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში იპოვეს ეს იარაღი და 29 სექტემბერს გამოაჩინეს. როცა ჰკითხეს, არჩევნებს ემთხვევაო? - არაო, - უპასუხა. აბა, რას ემთხვევა, საინტერესოა? დღეს მომწიფდაო განაცხადა. რატომ მომწიფდა 29 სექტემბერს, რა ხდებოდა ასეთი, გარდა იმისა, რომ 10 დღეში არჩევნებია დანიშნული?.. ახლა ცდილობენ, ასეთი თეორია განავითარონ, რომ ამ იარაღს დაურიგებდნენ "ნაციონალებს" და ისინი დაიწყებდნენ ქუჩაში სროლას... ეს არის კიდევ ერთი უცნაური მცდელობა, არჩევნების წინ მოახდინონ ამომრჩევლის მობილიზაცია და "ნაციონალური მოძრაობის" ხელახლა დემონიზაცია... თუ სიმშვიდე და სტაბილური მდგომარეობა იქნება, წესით ხელისუფლებამ უნდა მოიგოს არჩევნები. გამწვავება მათ არ უნდა აწყობდეთ, მაგრამ რატომღაც ამწვავებენ სიტუაციას, რაც მიკვირს...

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- თუ საუბარია იმაზე, რომ ეს იმ ხელისუფლების მიერ სპეციალურად შენახული შეიარაღება და აღჭურვილობა იყო, რათა საჭიროების შემთხვევაში პარტიზანული მოქმედებებისა და ოპერაციებისთვის გამოეყენებინათ, სავარაუდოდ მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში, მაშინ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ისინი ვალდებული იყვნენ, ეს კონკრეტული მონაცემები, ადგილები და იარაღი, მათთვის მიეწოდებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაციის შენახვა, უკვე დანაშაულია.

- კიდევ ერთი ვერსიით, ეს რეზერვისთვის იყო განკუთვნილი.

- დიახ, ასეთი მოსაზრებაც გავრცელდა, მაგრამ სხვა საკითხია, თუ რა იყო შენახული. ძირითიადად ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილები და მისთვის საჭირო კომპონენტები, რომელსაც ცოდნა სჭირდება, როგორ უნდა ააწყო და შემდეგ, როგორ უნდა გამოიყენო. ამას მაღალ დონეზე მომზადებული პროფესიონალი თუ შეძლებს, სხვა შემთხვევაში, ახალბედა, ან მოუმზადებელი ადამიანი მის მოქმედებაში მოყვანას ვერ შეძლებს, შესაძლოა, აუფეთქდეს და თავად დაზიანდეს... ასე რომ, უფრო მეტი შანსია, რომ ეს დივერსიული ჯგუფების სათადარიგო ბაზებისთვის კეთდებოდა. ეს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა. თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ინფორმაცია ახალი ხელისუფლებისთვის უნდა გადაეცათ, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს შეიარაღება ოფიციალურ სტატუსს კარგავს. გარდა ამისა, სრულებით შესაძლოა, ასე შენახული იარაღი ვინმეს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, ბავშვს აღმოეჩინა და საქმე ფატალურ შედეგამდე მისულიყო.

- შსს-ს ინფორმაციით, შეაირაღება დაახლოებით 2009-2011 წლებშია დამარხული. რამდენად შესაძლოა, ამდენი წლის განმავლობაში პარკში გახვეული იარაღი ვარგისიანი ყოფილიყო?

- ეს კიდევ ერთი სადაო საკითხია, ამ სახით შენახულ იარაღს დაჟანგვის კვალი უნდა ჰქონოდა. საერთოდ, შესანახად განკუთვნილ იარაღს შლიან, ზეთავენ, შეზეთილ ქაღალდში ახვევენ და ასე ინახავენ, თუმცა, არც მაშინ არის გარანტია, რომ არ დაიჟანგება. პარკში შეხვეული იარაღის ვარგისიანობის პრეცენდენტზე აქამდე არაფერი მსმენია.

- კიდევ ერთი, საზოგადოების ერთი ნაწილის მოსაზრებას საფუძველი, რომ ეს არსენალი შესაძლოა, რამდენჯერმე დაანონსებულ "სახელმწიფო გადატრიალებასთან" იყოს დაკავშირებული?

- ამ და სხვა ვერსიების გამოსარიცხად, საჭიროა, ნომრების დეტალური გადამოწმება, ადრე ფიგურირებდა თუ არა ეს იარაღი რომელიმე საქმეში.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)