ზუგდიდის რაიონში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი სცემეს - ერთი გოგონას მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

ზუგდიდის რაიონში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი სცემეს - ერთი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წევრი სცემეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მერი შენგელაიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, ლიკა დემეტრაძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ცნობით, გოგონას თავში ქვა აქვს ჩარტყმული.

როგორც ჟურნალისტებს ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა განუცხადა, საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

”ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს, ერთი გაეწერება ბინაზე”, - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შემოყვანისას ინციდენტის შედეგად დაშავებული გოგონა გონზე იყო.

”გოგონა უგონო მდგომარეობაში არ შემოუყვანიათ. ადგილზე ჰქონდა რამდენჯერმე გონის კარგვა და ასევე ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, რადგან გარკვეული მომენტები არ ახსოვს. მას ყელზე აღენიშნება ორმხრივი ნაჭდევი”, - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.