"რა ქნას, პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას" - კვირის პალიტრა

"რა ქნას, პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას"

14 ოქტომბერს "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო, თუმცა დიდ პოლიტიკოსად ვერ შედგა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო „რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე ვთქვი, რომ „რესპუბლიკური პარტია“ არის 0,3 პროცენტიანი პარტია და არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 1 პროცენტზე ცოტა მეტი რეიტინგი აქვს“, - ასე გამოეხმაურა ბერძენიშვილის განცხადებას კახა კალაძე.

კალაძის პასუხი უპასუხოდ არც ლევან ბერძენიშვილმა დატოვა.

”დაგვცინის, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დაცინვა. ეს პრინციპში კარგად გასააზრებელია, როცა გაირკვევა ვინ არის, რას წარმოადგენს. პოლიტიკურ მოღვაწეობას რომ დაამთავრებს და გაირკვევა ვინ არის, მერე გავარკვევთ მაგის დასაცინი ვინმე იყო თუ არა. მგონია, კახა კალაძეს ამისთვის არ უნდა მოეცალა ახლა, არ შეიძლება ერთნახევრიან პარტიათან ასეთი ბოღმით ბრძოლა, მაგრამ რა ქნას პატარა კაცი ყოფილა, მე არ ვიკადრებდი ამას, რაც მან იკადრა. მას ხუთჯერ შეეშალა. 1.55 რომ გავყოთ 0.3-ზე ხუთია. მე ხუთჯერ რომ მეშლება, ასე არ ვიქცევი. დასაცინი ახლო-მახლო გაიხედოს და ბევრი ეყოლება. მე არ გავახსენებ მას რა შეცდომები ჰქონია ცხოვრებაში, ფეხბურთში, პოლიტიკაში, კარგად იყოს ის და მისი ამომრჩეველი. ისტორიამ თქვას - არის თუ არა დასაცინი რომელიმე პოლიტიკური პარტია ამ ტიპის და ამ გაქანების პოლიტიკოსისგან”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით