"ნადეჟდა სავჩენკოს ჰკითხონ" - კვირის პალიტრა

"ნადეჟდა სავჩენკოს ჰკითხონ"

რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციამ უკრაინასთან დაკავშირებულ ორ რეზოლუციას

საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ცნობილია, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც ქართული დელეგაცია საბჭოში არ იმყოფებოდა, ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო - პირველი უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს, მეორე კი - უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებს უკავშირდებოდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სტრასბურგში, დელეგაციაში იმყოფებოდნენ მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გუგული მაღრაძე. კვაჭანტირაძის განცხადებით, კენჭისყრისას შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ, თუმცა, "ნაცმოძრაობის" განცხადებით, თავად შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი კენჭისყრას ესწრებოდა. რა მოხდა სტრასბურგში? - დეტალების გასარკვევად ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დავუკავშირდით:

"როგორ დავამტკიცოთ ეს, ვიდეოკადრები წარმოვადგინოთ?"

- "ნაცმოძრაობა" ისევ ჩასაფრებულ პოზიციაშია. გასაგებია, რომ მათ სურთ, უსაფუძვლო ბრალდებებით ის დადებითი შეფასებები გადაფარონ, რაც ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიისა და მონიტორინგის კომიტეტის წევრების მხრიდან არჩევნების წარმატებით ჩატარებას მოჰყვა. ვიდრე სიცრუეში დაგვადანაშაულებენ და მეგობარ სახელმწიფოსთან პირდაპირი კონფრონტაციის გაღვივებას შეეცდებიან, ფაქტები უკეთ გადაამოწმონ!

- რეალურად იმყოფებოდით თუ არა შვეიცარიის დელეგაციასთან შეხვედრაზე, როდესაც თავად შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელი კენჭისყრაზე ფიქსირდებოდა?

- შვეიცარიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფილიპო ლომბარდი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა. როგორ დავამტკიცოთ, რომ ის ნამდვილად შეხვდა ქართველ კოლეგებს ელჩისა და მისივე სამდივნოს თანამშრომლის თანდასწრებით? შეხვედრის ჩანაწერი წარმოვადგინოთ თუ ვიდეოკადრები? თუ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია? "ნაცმოძრაობას" რაც არ აწყობს, არასოდეს იტყვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მეგობარ ნადეჟდა სავჩენკოს მაინც ჰკითხავდნენ, რა დოკუმენტებზე მოვაწერეთ ხელი და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა. თავად რა მიზეზით არ წამობრძანდნენ ასამბლეაზე, თუ ასე აწუხებდათ უკრაინის საკითხი?!

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას"

რა გავლენას მოახდენს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაზე ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაციამ უკრაინისთვის ორ მნიშვნელოვან რეზოლუციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი საუბრობს:

- გამომდინარე იმ კომიკური პასუხებიდან, რაც მათგან მოვისმინეთ თავის მართლებისას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ადგილი ჰქონდა დაუდევრობასა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, მიჭირს საუბარი, რომ ეს იყო განზრახ გაკეთებული პოლიტიკური გზავნილი.

- ეს დაუდევრობა შეიძლება აისახოს ორი პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

- ვიმედოვნებ, სერიოზულ გავლენას არ და ვერ მოახდენს. ქართველ დეპუტატთა "გმირობას" ადეკვატურად შეაფასებენ უკრაინის პოლიტიკურ წრეებში - ქართველ პოლიტიკოსთა განსაკუთრებული კვალიფიკაცია უკრაინაშიც კარგად აქვთ გათვითცნობიერებული. ასევე, იმედი მაქვს, მმართველი გუნდი არ აიგივებს უკრაინის სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა არაკვალიფიციური პოლიტიკოსებისგან ამასაც ვერ გამოვრიცხავ. თუ ასეა, უნდა ითქვას, რომ არც რევანში გამოვიდა სათანადო სააკაშვილის წინააღმდეგ და ვერც რევანშის ადრესატი შეირჩა გონივრულად...

დიდი ხანია ხელისუფლებას ვთხოვ, მომზადდეს და ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, რაც საშუალებას მოგვცემდა, უკეთესად გავიაზროთ სახელმწიფოს პრიორიტეტები, გამოწვევები და რისკები. სამწუხაროდ, დღემდე ამ სტრატეგიასთან მიახლოებული დოკუმენტიც კი არ მინახავს. შესაძლებელია, არასერიოზულადაც ჟღერდეს, მაგრამ ეჭვი არსებობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნია ჩამოყალიბებული ხედვა და შესაბამისად, შეჯერებული საგარეო პოლიტიკური კურსიც.

რუსუდან შელია