ვინ უნდა შექმნას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი? - ახალი საჯილდაო ქვა პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის?! - კვირის პალიტრა

ვინ უნდა შექმნას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი? - ახალი საჯილდაო ქვა პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის?!

დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურის შედეგით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხეა ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიისთვის და არსებობს საშიშროება "ქართულმა ოცნებამაც" კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება სცადოს. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა ამას ოპოზიციაში საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს საჯილდაო ქვად იქცევა ისიც, კომისია ვისი ეგიდით უნდა შეიქმნას - პრეზიდენტის თუ პარლამენტის?

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის ინიციატივა მოიწონა და გამოთქვა მზაობა ემონაწილევა საკონსტიტუციო ჯგუფის შექმნის პროცესში, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ იქვე ნათლად მიუთითა, - ეს შენი საქმე არ არის და ამას პარლამენტი მიხედავსო.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პრეტენზია, რადგან რეალურად მას არ აქვს საზოგადოების ამხელა მხარდაჭერა. საკონსტიტუციო ჯგუფის შექმნას კი მხოლოდ ფიქციას და პიარად აფასებენ:

მიხეილ მაჭავარიანი, "ნაციონალური მოძრაობა":

- კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებით, მით უფრო, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს ჩვენი მოსახლეობის 78%-ის მხარდაჭერა. "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ასეთი გუნდის შექმნის მაშინ, როცა პარლამენტში სხვა პარტიებიც შევიდნენ.

- თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და არაერთი საკონსტიტუციო ცვლილებაც განახორციელა...

- დიახ, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. შევქმენით კომისია, რომელშიც იმჟამინდელ პარლამენტში წარმოდგენილი სხვა ოპოზიციური პარტიებიც იყვნენ და ცვლილებები მათი მონაწილეობით განხორციელდა. მაგათ საკონსტიტუციო უმრავლესობა რეალური საქმისთვის კი არა, ქუთაისიდან პარლამენტის გადმოსატანად და არაერთი მაგათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებათ.

კონსტიტუციაზე მომუშავე სპეციალურ ჯგუფში მონაწილეობის საკითხზე ჯერ ვერ შეჯერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. მაგალითად, განსხვავებული პოზიციებია რესპუბლიკურ პარტიაში, რომლის წევრი და ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტან ხმალაძე მზად არის ჯგუფის მონაწილეობაში ჩაერთოს, პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აცხადებს, რომ ინიციატივა უბრალო პიარია და ახალი კომისიის მუშაობაში მონაწილების აზრს ვერ ხედავს.

ვინ უნდა დააფუძნოს ამგვარი ჯგუფი? - ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ "ინტერპრესნიუსს" ასე უპასუხა:

"ვინ ან რა უშლის პრეზიდენტს ხელს, რომ ასეთი ჯგუფი შექმნას?! ეს ხომ სახელმწიფო ინსტიტუტი არ არის?! ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნა შეუძლია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს. სამუშაო ჯგუფი არ არის ის, რომლის გადაწყვეტილებებიც შესასრულებლად სავალდებულოა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებასაც კი არა აქვს სავალდებულო ძალა - ის არის მხოლოდ რეკომენდაცია, რომლის საფუძველზე შეიძლება მოხდეს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონ-პროექტის ინიცირება. ინიცირების გაკეთების უფლება კი აქვს მხოლოდ ორ სუბიექტს - ეს არის პარლამენტის წევრთა უმრავლესობა და 200 ათასი ამომრჩეველი".

რაც შეეხება სახელმწიფო კომისიის შესაძლო შექმნის საკითხს, ხმალაძის განმარტებით, სახელმწიფო კომისიების შექმნა ყველა შემთხვევაში პრეცედენტული იყო:

"არანაირი კანონით არ არის განსაზღვრული, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო კომისია, ვის აქვს ამის უფლება და ასე შემდეგ. ასეთი რამ განსაზღვრული არ არის, მაგრამ არის პრეცედენტები, რომელიც საქართველოშია - ასეთი კომისიები იყო ან პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ შექნილი. ერთადერთი, ვისაც ასეთი კომისია არ შეუქმნია, მთავრობაა".

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

- თუ მმართველი გუნდი მართლაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპირებს, ამ ცვლილებებზე მუშაობისთვის სპეციალური ჯგუფის შექმნა აუცილებელია. ჩემი აზრით, ის პარლამენტის ქუდქვეშ უნდა იყოს და არა - პრეზიდენტის. პრეზიდენტის ინიციატივას მე მივაწერდი მის მზაობას, რომ თუ შეიქმნება ასეთი ჯგუფი, მასში მონაწილეობა პრეზიდენტის წარმომადგენელმაც მიიღოს.

- სახელისუფლო ჯგუფის მტკიცებით ჩვენს კონსტიტუციაში აუცილებელია ცვლილებების შეტანა...

- ვიზიარებ ამ აზრს, თუმცა, მიმაჩნია, რომ საერთო სჯა-ბაასით და კონსენსუსით უნდა განხორციელდეს ცვლილებები და მხოლოდ და მხოლოდ მის გასაუმჯობესებლად და არა გასაუარესებლად, რაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა. აქამდე, როდესაც პოლიტიკური ძალა იწყებდა კონსტიტუციის გადასინჯვას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ვიწრო ინტერესებს არგებდა მას. ამჯერადაც თუ იგივე განმეორდა ძალიან ცუდი იქნება.

იხილეთ ასევე: "მამა ბუში წავიდა, შვილი ბუში წავიდა, ესენი რა გახდნენ? 9 წელი იყვნენ, გეყოთ რა, წადით!"

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)