"სრული ბოდვაა" - იგეგმებოდა თუ არა საპარლამენტო გადატრიალება?! - კვირის პალიტრა

"სრული ბოდვაა" - იგეგმებოდა თუ არა საპარლამენტო გადატრიალება?!

გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წინა მოწვევის პარლამენტში შეიძლებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის კონფიგურაცია შეცვლილიყო. არსებობდა თუ არა შანსი, რომ პოლიტიკური სურათი მართლაც შეცვლილიყო და შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა მომავალში "რესპუბლიკელებთან", "თავისუფალ დემოკრატებთან" ან "ეროვნულ ფორუმთან" თანამშრომლობას, ამ საკითხზე გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიას აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს.

გიორგი ბარამიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ჩემს განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცა. მე ვთქვი, როდესაც "თავისუფალი დემოკრატები" გავიდნენ უმრავლესობიდან, შანსი იყო, საპარლამენტო კონფიგურაცია შეცვლილიყო-მეთქი. იყო ცალკეულ დეპუტატთან ლაპარაკი, თუმცა ამ პარტიებს ("თავისუფალ დემოკრატებს", "ეროვნულ ფორუმს" და "რესპუბლიკელებს") "ნაციონალური მოძრაობის" გარდა არ აღმოაჩნდათ ამ ნაბიჯის გადადგმის პოლიტიკური ნება. მოკლედ, შანსი შანსად დარჩა... მოლაპარაკებები არ გამართულა".

დავით ლორთქიფანიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის მოწვევის პარლამენტში 65 დეპუტატით შევიდა (რომელთაგან 33 პროპორციული სიით იყო წარმოდგენილი, ხოლო 32 მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ). მათგან ბევრი პარლამენტში ყოფნისას "ქართულ ოცნებას" მიემხრო. ბოლოს, როგორც კენჭისყრებიდან მახსოვს, "ნაციონალურ მოძრაობას" 42 დეპუტატიღა ჰყავდა. ასე რომ, ამ რაოდენობას "რესპუბლიკელების" - 10, "ეროვნული ფორუმის" და "თავისუფალი დემოკრატების" 6-6 დეპუტატიც რომ დავამატოთ, საპარლამენტო უმრავლესობა მაინც ვერ გამოდის. თანაც, როგორც ვიცით, "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი" ამ თემაზე კონსულტაციების გამართვის ყველანაირ შესაძლებლობას გამორიცხავდნენ.

პასუხი ბარამიძეს

ზურაბ აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი: "სრული ბოდვაა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა და ვერც იქნებოდა".

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია