"განხეთქილება არა, კვახი" - რამ განაპირობა მაჭავარიანის ტაიმ-აუტი პოლიტიკაში? - კვირის პალიტრა

"განხეთქილება არა, კვახი" - რამ განაპირობა მაჭავარიანის ტაიმ-აუტი პოლიტიკაში?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკურ ცხოვრებაში დროებით ტაიმ-აუტს იღებს. რატომ მიიღო პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება და სად გააგრძელებს საქმიანობას, kvirispalitra.ge მიხეილ მაჭავარიანს დაუკავშირდა:

- ვფიქრობ, რომ ახლა პარლამენტშიც და პარტიაშიც ჯობია ახალი სახეები იყვნენ. ვერ ვხედავ რესურსს ის საქმე გავაკეთო, რაც მაინტერესებს. ეს პარლამენტი ქართულ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერაფერს შეცვლის. ვიბრძვით მაჟორიტარებისთვის და თუ მოგვიწია კიდევ შესვლა, უმჯობესია ახალი ადამიანები შევიდნენ პარლამენტში, ვისაც მეტი გამოწვევა ექნებათ. ვიქნები პარტიის აქტიური მხარდამჭერი და ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველთვის ღიად დავაფიქსირებ

- რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი? "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული განხეთქილება ხომ არა?

-  განხეთქილება არა, კვახი. რა ეტყობა ჩემს განცხადებას განხეთქილების? ადამიანმა თუ გადაწყვიტა ცოტა ხანი დასვენება, გვერდზე გაწევა და პარტიის  დახმარება გარედან, ეს განხეთქილებაა? მე პარტიის აქტიური მხარდამჭერი ვიქნები. უბრალოდ 1995 წლიდან ვარ პარლამენტში, აქტიურ პოლიტიკაში, ვიყავი მინისტრი, ვიცე-სპიკერი და ახლა, არჩევნების შედეგების მიხედვით, ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტში შესვლა რომ მომიწიოს, მაინც არ ღირს. ჯობია ახალი ენერგია შევიდეს.

მეორე ტურებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. მეორე ტურშიც უნდა მიგვეღო მონაწილეობა და პარლამენტშიც უნდა შევსულიყავით. ჩემი გადაწყვეტილება არანაირ განხეთქილებასა და ჩხუბს არ უკავშირდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება არც არის, პირიქით, მთელი პარტია მობილიზებულია იმისკენ, რომ "ქოცებს" არ მივცეთ აბსოლუტური ძალაუფლება.

- პარტიაში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- ჩემი გადაწყვეტილება მანამდეც იცოდნენ, უბრალოდ მეგობრებმა მთხოვეს, რომ ცოტა გვიან გამეხმაურებინა. საარჩევნო სიაში 32-ე ვიყავი და ეს პოზიცია იმიტომ ავირჩიე, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი, სხვა ინტერესი არ მქონია.

- სად აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

- სულ მაინტერესებდა და დრო არ მქონდა, რომ ჩამებარებინა პოლიტიკური მეცნიერებების კუთხით და დამეცვა დისერტაცია. მინდოდა რაღაც შეხება მქონოდა სტუდენტებთან და ვაპირებ ეს პერიოდი ამ მიმართულებით გავაქტიურდე, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ვრჩები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)