"შესაძლოა, საქართველო რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე აღმოჩნდეს..." - ამერიკული ანაკონდა რუსული დათვის წინააღმდეგ და... საქართველო - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, საქართველო რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე აღმოჩნდეს..." - ამერიკული ანაკონდა რუსული დათვის წინააღმდეგ და... საქართველო

"ნატო-ს გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, რომ როდესაც სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ლაპარაკი, აქ მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი იგულისხმება და არა მთლიანად შავი ზღვის რეგიონი"

ნატო შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას რომ გეგმავს, კარგა ხანია ვიცით, თუმცა ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უფრო კონკრეტულად ილაპარაკა და განაცხადა, რომ კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, ნატო-ს სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში გააძლიერონ და ამისთვის საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.

იხილეთ: "რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა ყირიმის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - ვინ აპირებს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალების გამოგზავნას?

მან ასევე გააკრიტიკა რუსეთი და თქვა, რომ ნატო გარკვეულ ზომებს რუსეთიდან მომდინარე გაზრდილი საფრთხეების გამო მიმართავს და მისი მოქმედებები მხოლოდ თავდაცვითი ზომებიდან გამომდინარეობს.

"დიალოგი განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც დაძაბულობა მაღალია", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. თუმცა, იქვე ისიც დასძინა, რომ ალიანსი არა მხოლოდ რუსეთთან დიალოგს ესწრაფის, არამედ მის შეკავებასაც მტკიცე თავდაცვის უზრუნველყოფით.

"ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს. ჩვენ ახლა ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა არ გვსურს და სწორედ ამიტომ, ნატო-ს ქმედებები არის თავდაცვითი და პროპორციული. ამავდროულად, ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის მუქარებით სავსე რიტორიკა".

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას მალევე გამოეპასუხა რუსეთის პირველი პირი. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, არ არის საჭირო რუსეთის პროვოცირება, რათა მან თავისი ინტერესები აქტიურად დაიცვას.

"გვეუბნებიან: აი, ბოროტი რუსეთი ასეთ და ასეთ ნაბიჯებს დგამს - ჩვენს პროვოცირებას ნუ ახდენთ! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, რათა ჩვენი ინტერესები აქტიურად დავიცვათ. მოდით, რამეზე მოვილაპარაკოთ. არაფერზე შეთანხმება შეუძლებელია. რაზეც ვთანხმდებით, არ სრულდება", - განაცხადა პუტინმა.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება, ძალიან ნიშანდობლივია, რადგან მას არ დაუკონკრეტებია, რომ როდესაც სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ლაპარაკი, აქ მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები: თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი იგულისხმება და არა მთლიანად შავი ზღვის რეგიონი. აქ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ლაპარაკია უკრაინასა და საქართველოზეც. ეს ქვეყნები ნატოს წევრები არ არიან, მაგრამ თუ ნატო-ში უკვე ფიქრობენ, რომ ამ სივრცეში მათი გაძლიერება რუსეთის გავლენის შეჩერებას ნიშნავს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი მესიჯია, რადგან ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ეს ორგანიზაცია ისედაც ეხმარება...

კიდევ ერთი რამ, - ჯერ კიდევ 2008 წელს ვამბობდი, რომ ნატო შავ ზღვაზე გავლენას კარგავდა, რადგან საქართველოსთან ომის შემდეგ, რუსეთი მიხვდა, რა სახის პრობლემებიც ჰქონდა და ქმედით ნაბიჯებზე გადავიდა. ლაპარაკია, აგვისტოს ომის დროს, ოჩამჩირეში დესანტის გადმოსხმის პროცესის დროს გამოკვეთილ პრობლემებზე, მაშინ გადაწყვიტეს მისტრალის ტიპის ორი უნივერსალური სადესანტო ხომალდის შეძენა, რადგან მიხვდნენ, რომ ამ სფეროში ხარვეზები ჰქონდათ. ამის შემდეგ დაიწყეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღებაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელეს, - ახალი წყალქვეშა ნავები შემოიყვანეს. მანამდე რუსეთს, შავ ზღვაში, მხოლოდ ორი წყალქვეშა ნავი ჰყავდა დარჩენილი და მათგან ერთი არ დაცურავდა. მეორე კი, არასაბრძოლო იყო... თუ ცივი ომის დამთავრებიდან მოყოლებული 1990-იანი წლების ჩათვლით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო ძლიერი შავ ზღვაში, შემდეგ, პირველობა თანდათან თურქეთმა მოიპოვა, ახლა რუსეთი ხელახლა იკრებს ძალებს. ყირიმის ანექსირების შემდეგ, მისი უპირატესობა გაიზარდა, იქ თანამედროვე რუსული შეიარაღება განათავსეს, მათ შორის, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომელთა მოქმედების რადიუსი და სიზუსტე გაზრდილია...

- გარშემო შექმნილი ვითარება როგორ შეიძლება საქართველოზე აისახოს?

- საქართველო ამ სიტუაციაში სათადარიგო მოთამაშეც კი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენ არ ხელგვეწიფება სტრაგეტიულ მოთამაშეებზე რაიმე გავლენა მოვახდინოთ.... თუ ნატო ან ამერიკა საქართველოს მიერ კონტროლირებად სანაპირო ზოლზე, განათავსებს სხვადასხვა, როგორც ხომალდსააწინააღდეგო, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემებს, ამ მხრივ სიტუაცია შეიცვლება. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, საქართველო რუსეთის სარაკეტო დარტყმების სამიზნე აღმოჩნდეს... ასე რომ, არც ისე სახარბიელო სიტუაციაში ვართ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში:

- ცივი ომის შემდეგ, შეიქმნა და არსებობდა ასეთი პროექტი, "ანაკონდას მარყუჟი", რომელიც რუსეთის გარშემო სივრცის ათვისებას ნიშნავდა და რომლის ნაწილია, "მარშალის ხელშეკრულებით" ნატო-ში სხვადასხვა ქვეყნის გაწევრება, შემდგომში, ასევე რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განლაგება...

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სივრცეში, ნატო-ს წევრი ქვეყნების (რუმინეთის, თურქეთის), ტერიტორიული სივრცეც იყო, რუსეთი იქ თავს მაინც კომფორტულად გრძნობდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ, ვითარება შეიცვალა. ვიცით ალბათ, რომ ყირიმის ანექსია სწორედ იმიტომ მოახდინა, რომ სამხედრო ფლოტისთვის საკუთარი ნავსადგური ჰქონოდა; პლუს სტრატეგიული თვალსაზრისით მოიპოვა საკვანძო ტერიტორია. ერთი სიტყვით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთს შავი ზღვის უფრო მეტი სივრცის კონტროლის შესაძლობება მიეცა... საქმე ის არის, რომ აფხაზეთის აკვატორიაში, გუდაუთის ბაზაზე განლაგებულია სტრატეგიული ბომბდამშენების ესკადრილია და შესაბამისი სარაკეტო სისტემა, რომელიც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს ფარავს. ასე რომ, რუსეთმა, აფხაზეთისა და ყირიმის დაკავებით, სამხედრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, შესანიშნავი პლაცდარმი, ამავდროულად კი, მის სამეზობლოში სახიფათო ვითარება შექმნა. სწორედ ამიტომაც ნატომ შავი ზღვის კონტროლის გაძლიერება გადაწყვიტა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო თვალსაზრისით. ამ სიტუაციაში კი, საქართველო ძალზე მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ის შესაძლოა განტევების ვაცი აღმოჩნდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2008 წელს. გადაწყვეტილებაში ვერ ვერევით, მაგრამ იძულებულია იყოს იქ, სადაც არის. სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ეს მისი გვერდის ავლით ვერ მოხდება.

- შეიძლება თუ არა, შედარებით მომგებიანი პოზიციის შერჩევა?

- არა თუ არ შეიძლება, უბრალოდ, გამორიცხულია. თუნდაც ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, ასეთ გეპოლიტიკურ სივრცეში მდებარე ქვეყნები პირდაპირ ან ირიბად მაინც ხვდებიან ამ დაპირისპირებაში.

- რა იკითხება რუსეთის პირველი პირის განცხადებაში?

- პუტინის პოზიციიდან ისე ჩანს, რომ რუსეთის პროვოცირება ხდება. ის, რაც კრემლს ხელზე აქვს დახვეული ეს არის, ამერიკის დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და ბალტიისპირეთის გარდა, სხვა ქვეყნების გაწევრება არ მოხდებოდა. ასე რომ, თავისი პოზიციიდან მართალია. ახლა მიდის ბრძოლა ენერგეტიკული კომუნიკაციების მოსაპოვებლად. ასე რომ, პუტინის განცხადება თვალთმაქცობაა. ყველა დიდ ქვეყანას აქვს სამხედრო და პოლტიკური ამბიციები, მაგრამ როდესაც ვირჩევთ პარტნიორს, უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად მისაღებია ჩვენთვის ამა თუ იმ პარტნიორის ხედვები. ამიტომაც ავირჩიეთ დასავლეთი, თუმცა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ზოგ შემთხვევაში, რუსეთისა და დასავლეთის მეთოდოლოგია არ განსხვავდება.

სტოლტენბერგის განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ბლოკირებულია საკუთარ ტერიტორიულ წყლებში და ეს სახელმწიფო შეეცდება, მის მიერ კონტროლირებადი სივრცე შეინარჩუნოს. იმის პროგნოზი, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კუნთების თამაში და პირველად ვის უმტყუნებს ნერვები, ძნელია.

რა აკავშირებს ტრამპს, პუტინსა და ჟან-კლოდ ვან დამს? - კუნთების თამაშის სიყვარულს რას გაუგებ კაცი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)