"ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო" - კვირის პალიტრა

"ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო"

ჰპირდებიან თუ არა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს? რატომ გამოაცხადეს მათ "ნაცმოძრაობა" მთავარ საფრთხედ, "კვირის პალიტრას" ზურაბ აბაშიძე ესაუბრა, რომელმაც "თავისუფალი დემოკრატები" ვიქტორ დოლიძესთან, დავით ონოფრიშვილსა და სხვებთან ერთად 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.

- "ნაცმოძრაობა" ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და წარმოადგენს. სააკაშვილი ყოველთვის მზად არის რევოლუციისთვის, რათა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე ქვეყნისთვის საფრთხედ ეს მიმაჩნია და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, რასაც სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება.

- შეცდომად აფასებთ, რომ წინასაარჩევნოდ "თავისუფალი დემოკრატების" რიტორიკა "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგოდ არ იყო მიმართული?

- "თავისუფალ დემოკრატებს" "ნაცმოძრაობასთან" კავშირი არ ჰქონიათ. მე და ჩემი მეგობრები კი ვამბობდით, რომ

"ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში არ შეიძლებოდა. ვამბობდით იმასაც, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაპირებები სათანადოდ ვერ შეასრულა. ფაქტია, ასეთმა კამპანიამ ჩვენს სასარგებლოდ ვერ იმუშავა.

- ხომ არ ნანობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნებაც" გააკრიტიკეთ?

- ვაკრიტიკებდით "ქართულ ოცნებას", რადგან ოპოზიციაში ვიყავით და ელექტორატს ჩვენში ალტერნატიული ძალა დაენახა.

- ამბობენ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრები მაღალ თანამდებობებს მიიღებენ...

- თანამდებობა რომ მნდომოდა, არ წავიდოდი ოპოზიციაში და დღესაც ვიქნებოდი ვიცე-სპიკერი. ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო და ამის გამო პასუხი მოეთხოვებათ.

დღეს თუ ჩავთვალე, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა დავუჭირო მხარი, ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ეს ის ძალაა, რომელთან ერთადაც ქარტეხილები გამოვიარე.

"ქართულმა ოცნებამ" ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ არა ფატალური!

- "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებული პერსონების თქმით, ირაკლი ალასანიას ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. თუ ასე იყო, ალასანია რომ დათანხმებულიყო, მიიღებდნენ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში ადგილებს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი თანამდებობებს?

- ასეთი შეთავაზება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ზოგს უნდა, საკუთარი ფანტაზია საზოგადოებას რეალობად მიასაღოს.

- თუმცა, თქვენი წამოსვლა პარტიიდან და შემდეგ ამომრჩევლისთვის მოწოდება, მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატებს დაუჭირონ, ზოგმა ბოდიშის მოხდად შეაფასა.

- ჩვენს განცხადებებს ბევრი დადებითად შეხვდა. ჩემი პირველი არჩევანი იყო "თავისუფალი დემოკრატები", მეორე - "ქართული ოცნება". ასე იყო და ასევე დარჩა!

- თვლით, რომ სახელისუფლებო ძალას არჩევნები არ გაუყალბებია?

- ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ გაყალბება არ ყოფილა. საზოგადოებამ გადაწყვეტილება მიიღო, საერთაშორისო თანამეგობრობამ შედეგები აღიარა... ისე კი ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ.

"ბინძურ გარიგებებში მონაწილეებს პარტიის დატოვება მოუწევთ"

არჩევნების მეორე ტურის წინ "თავისუფალმა დემოკრატებმა" 400-მდე კომისიის წევრი გამოიწვიეს. რა გახდა ამის მიზეზი, "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე საუბრობს: - იმ საარჩევნო ოლქებიდან, სადაც მეორე ტური ტარდებოდა, 385 კომისიის წევრი გამოვიწვიეთ. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ მეორე ტურზე ვინმეს "ქართული ოცნების" ან "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ჩვენი სახელი არ გამოეყენებინა.

სამწუხაროდ, 8 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენსავე კომისიის წევრებს, როგორც სახელმწიფო ძალასთან, ისე "ნაცმოძრაობასთან", გარიგებები ჰქონდათ. თუმცა დასაბუთებას დრო სჭირდება. მათ, ვინც ბინძურ გარიგებებში მონაწილეობდა, პარტიის დატოვება მოუწევთ.

- ჭიათურაში, სადაც "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი მეორე ტურშიც მონაწილეობდა, კომისიის წევრები არ გამოიწვიეთ, რატომ?

- ჭიათურიდან არავინ გამოგვიწვევია, მხოლოდ ერთი შევცვალეთ და უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები დავამატეთ.

- ჭიათურაში არჩევნების მეორე ტურს დამკვირვებლის სტატუსით ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. რა გახდა ამის მიზეზი?

- ჩვენს კანდიდატს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. გადავწყვიტეთ, თავად გაგვეკონტროლებინა პროცესი და ყოველი დარღვევის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლისთვის მიგვეწვდინა ხმა. მოქალაქე ამბობდა, მეუბნებოდნენ, "თავისუფალი დემოკრატების" წევრს თუ ხმას მისცემ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო. ვიცი, სკოლის დირექტორები წინასწარ აღრიცხავდნენ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა მასწავლებლებს.

- "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრებმა ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ ჭიათურაში - თქვენს, ხოლო სხვა ოლქებში "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

- ისინი "თავისუფალი დემოკრატების" წევრები აღარ არიან და შეფასებისგან თავს შევიკავებ.

ეკა ასათიანი