"სააკაშვილმა უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება­ მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება­ მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა"

"სააკაშვილის შანსი უკრაინაში ნულის ტოლია. ოდესაში, ვინც "მიშკა ქართველის" წესებს არ დაემორჩილა, ყველას ბიზნესი წაართვა"

საქართველოს ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგა, უკრაინაში პოლიტიკური პარტია - "ახალი ძალების პლატფორმა" დააფუძნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად ორი ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის სტატუსის შენარჩუნებას და რა მოლოდინი აქვთ მის უკრაინელ კოლეგებს, ამ საკითხზე გაზეთი "კვირის პალიტრა" მასალას აქვეყნებს, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს.

უკრაინის რადას დეპუტატი, პოროშენკოს ბლოკის წევრი დმიტრი გოლუბოვი:

- სააკაშვილის შანსი უკრაინაში ნულის ტოლია. ოდესაში, ვინც "მიშკა ქართველის" წესებს არ დაემორჩილა, ყველას ბიზნესი წაართვა. ერთი შეხედვით, კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი უკრაინის ერთ-ერთ მთავარ კორუფციონერად იქცა. დიდი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ყბედია, რომლის ზღაპრებიც დღითი დღე საპნის ბუშტებივით სკდებოდა.

- გაქვთ მტკიცებულება, რატომ უწოდებთ სააკაშვილს უკრაინის მთავარ კორუფციონერს?

- მან უკრაინელი მეომრებისთვის ჩარიცხული ფულით მდიდრული ცხოვრება მოიწყო, ბოლო მოდელის ავტომობილები შეიძინა. პარალელურად, ხვდებოდა რადის დეპუტატებს, რომ მათგან პრემიერის პოსტზე დასაწინაურებლად მხარდაჭერა მიეღო, თუმცა ჩემი კოლეგები კარგად ხვდებიან მის მიზნებს და იმასაც, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი თაღლითია. ჩვენი ქვეყანა უკვე საკმარისად დაიტანჯა იმისთვის, რომ კიდევ ერთი თაღლითი პოლიტიკოსი არ შეიფაროს.

უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო:

- როგორც ამბობენ, სააკაშვილს უკრაინაში არ ჰქონდა საკმარისი პოლიტიკური რესურსი კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად.

- ის პრეზიდენტ პოროშენკოს ნდობით სარგებლობდა, თუმცა ოლიგარქებთან ბრძოლისას მათი გზები მაინც გაიყო. რეალურად, პოროშენკოს სააკაშვილი საკუთარი პიარისა და კონკრეტული პირების მოსაშორებლად სჭირდებოდა - საქმე გაკეთდა და ახლა უკრაინული პოლიტიკური სპექტრიდან სააკაშვილის მოშორების დრო დადგა.

უკრაინა საქართველოსგან განსხვავებულ ვითარებაშია - აქ არსებულ პრობლემებს, მათ შორის კორუფციას, ტერორითა და ხალხის დაშინებით ვერ აღმოფხვრი. ვფიქრობ, ამას სააკაშვილიც მიხვდა და ახლა ცდილობს, დრო მაქსიმალურად გაწელოს, რათა ქართველმა სამართალდამცავებმა კარზე არ მოუკაკუნონ.

ექსტრადირების საკითხის განახლებასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა პოროშენკო დღეს იმდენად რთულ პოლიტიკურ ვითარებაშია, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "მიშკა ქართველი" მალე მოცურდება და თანაც იმაზე მძიმედ, ვიდრე საქართველოში"