ვისგან მიიღეს ხელისუფლებაში დასაქმების დაპირება "ქართული ოცნების" პარლამენტს გარეთ დარჩენილმა წევრებმა - კვირის პალიტრა

ვისგან მიიღეს ხელისუფლებაში დასაქმების დაპირება "ქართული ოცნების" პარლამენტს გარეთ დარჩენილმა წევრებმა

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებმა, რომლებიც ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში აღარ არიან, კვლავ მიიღეს დაპირება, რომ ხელისუფლებაში დასაქმდებიან.

როგორც ლორთქიფანიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდა. მისი თქმით, მასთან მიმართებაშიც გარკვეული ”სამომავლო თემები” მოიაზრება.

”მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ვარ საჯარო სამსახურში - აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ორი მოწვევის პარლამენტში ვხელმძღვანელობდი ფრაქციის აპარატს, ვიყავი პარლამენტის წევრი. ვმუშაობდი ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ასე რომ, ჩემთვის საჯარო სამსახური და აღმასრულებელი ხელისუფლება არის ორგანული. კონკრეტული საუბარი არ მიდის. არის თემები, რასაც მოვიაზრებთ. ვარ ეკონომისტი და მაქვს მუშაობის დიდი გამოცდილება. ვიყავი ”საქართველოს ეროვნული ზარაფხანას” გენერალური დირექტორი 4 წლის განმავლობაში. სადაც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, იქ ვიქნები წარმოდგენილი. ასე რომ, დათო ლორთქიფანიძისთვის შესაბამისი ადგილის შეთავაზება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს”, - განაცხადა ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც ახალი მოწვევის პარლამენტში აღარ არიან, რჩებიან გუნდის წევრებად.

”საუბარი ასევე შეეხო აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჩვენს მოსალოდნელ გადანაცვლებას. კონკრეტული თანამდებობები არ ყოფილა განხილული. ეს იყო პირველი შეხვედრა და ვისაუბრეთ თუ ჩვენი განვლილი გზიდან, ვინ სად მოიაზრებს თავს”, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა 14 იანვარს, საგურამოს კორპორატიული შეკრების შემდეგ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ამ შეკრებაზე აღნიშნა, რომ პარლამენტის ის წევრები, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სსიპ-ებში, ან დაინტერესების შემთხვევაში, მასთან ბიზნესში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის მოქმედი წევრები, რომლებიც IX მოწვევის პარლამენტში აღარ არიან, ”ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს გუშინ შეხვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"