"არასდროს მიმიღია ერთპიროვნულად გადაწყვეტილება" - ვის უწოდებს სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" "თვითგამოცხადებულ ლიდერებს"?! - კვირის პალიტრა

"არასდროს მიმიღია ერთპიროვნულად გადაწყვეტილება" - ვის უწოდებს სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" "თვითგამოცხადებულ ლიდერებს"?!

მიხეილ სააკაშვილი: "მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი"

ოდესის გუბერნატორობიდან ახლახან წასულმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"- ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არჩევნები შეაფასა და "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებაზეც ილაპარაკა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნოდ არ მოემზადა სწორად და "დედის რძესავით" შეირგო გაყალბება. "წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ადამიანი, რომელიც ჩამოდიოდა ჩემთან, ამბობდა, არჩევნებზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთო! მათ მიღებულ შედეგებზეც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა მოიწვიონ ფართომასშტაბიანი ყრილობა, სადაც თითოეული დელეგატი ხმა მნიშვნელოვანი იქნება და სწორედ ისინი გადაწყვეტენ ვინ უნდა უხელმძღვანელოს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ კონტექსტში მან 5-6 "თვითმარქვია ლიდერი" ახსენა. "არასდროს მიმიღია ერთპიროვნულად გადაწყვეტილება" , - განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ამიტომაცაა მნიშვნელოვანი პარტიის რიგითი წევრების აზრის გათვალუსწინება და არა "სვეტების..."

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ის გიგი უგულავას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილის თაობაზე? - სააკაშვილმა უპასუხა: "ისეთს არაფერს, გიგის მალე გათავისუფლებას ვუსურვებ... ისე საქართველოში რომ მიდიოდა, შევხვდი და ვუთხარი, არ წახვიდე, დაგიჭერენ-მეთქი... ის სხვაგვარად ფიქრობდა, ამბობდა, წლის ბოლომდე არ დამიჭერენო..."

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ არის მისი ბრძოლა ორ ფრონტზე - უკრაინასა და საქართველოში ორი კურდღლის დევნა? - განაცხადა:

”მე მეორე კურდღელს არ მივდევ, ვინ თქვა, რომ კურდღელს მივდევ?! არავითარი კურდღელი ეს არ არის. ეს არის ერთ დიდ ბრძოლაში მონაწილეობა. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და რატომ?! მე ვიყავი აქ, როდესაც მიმდინარეობდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. დავრბოდი აქ მიტინგებზე. თბილისშიც დავდიოდი მიტინგებზე და აქაც დავდიოდი. თბილისში ვმონაწილეობდი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში და აქაც ვმონაწილეობდი... მე ვიყავი აქ 1991 წელს, როდესაც უკრაინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მე ვმონაწილეობდი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის გამართულ რეფერენდუმში 1991 წლის ოქტომბერში. მე მივეცი ხმა აქ უკრაინის დამოუკიდებლობას, როგორც უკრაინის მცხოვრებმა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსთვის გადამწყვეტია.

”ეს ერთი ბრძოლაა. მაშინდელი ლოზუნგი იყო - თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. ეს იყო ბალტიელების ლოზუნგი, უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლოზუნგი, ქართველების ლოზუნგი. ეს არის დღესაც ასე - ეს არის ერთი თავისუფლება და ერთი ბრძოლა. საქართველოსთვის რაც აქ მოხდება, არის გადამწყვეტი. ჩემი კონცენტრაცია არის გარდაუვალი, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გარშემო არსებობს სამი ცენტრი - ანკარა, მოსკოვი და კიევი. ამ სიტუაციაში ანკარას აქვს თავისი პლუსები, ნამდვილად გასათვალისწინებელი. მოსკოვი ვისაც უნდა, იმას საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდა. რჩება ერთადერთი დიდი პოტენციური 100%-იანი მიზიდულობის ცენტრი და ეს არის კიევი”, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.