"ვასაიდუმლოებდით, რომ ქართველებს არ დაებლოკათ... მალე ინტერნეტგამოცემაც გვექნება" - აფხაზების გეგმები თურქეთში - კვირის პალიტრა

"ვასაიდუმლოებდით, რომ ქართველებს არ დაებლოკათ... მალე ინტერნეტგამოცემაც გვექნება" - აფხაზების გეგმები თურქეთში

"გაზეთის მთავარი იდეა იყო, მკითხველისთვის გვეჩვენებინა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც სტაბილურად ვითარდება"

თურქეთში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ "საბაჰთან" ერთად, აფხაზური გაზეთის გამოცემას ქართულ საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა... თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა მომხდარი უკვე გააპროტესტეს. "საბაჰის" ჩანართში, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა მოხსენიებული.

ბატონი ელჩის თქმითვე, საელჩომ შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინა და მომხდარის გამო "შეწუხებულია" თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

როგორც ირკვევა, აფხაზეთის შესახებ დანართი, გაზეთ "საბაჰთან" ერთად, თურქეთის რამდენიმე რეგიონში უფასოდ დარიგდა.

ჩანართი "აბხაზია", თურქეთის იმ 5 ქალაქში გავრცელდა, სადაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი აფხაზი ცხოვრობს. ის, ერთ-ერთ ყველაზე მაღალტირაჟიან საგაზეთო გამოცემა "საბაჰში" ჩანართის სახით, პირველად 10 ნოემბერს გამოიცა.

აფხაზი საზოგადოების ინფორმაციით, ჩანართის მიმართ დიდი ინტერესის გამო, ისინი დამატებით ტირაჟის გაშვებასაც გეგმავდნენ...

"ეს იყო პირველი ნომერი, რომელიც თურქეთში, ჩვენი დიასპორის დიდი ძალისხმევით გამოვიდა. გამოცემა განკუთნვილი იყო, ადგილობრივი აფხაზებისა და თურქებისთვის და სუფთა ტურისტული შინაარსის იყო. 12-გვერდიან ჩანართში, დეტალურად იყო აღწერილი აფხაზეთის ბუნება, ღირსშესანიშნაობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და უახლესი ისტორია. აღსანიშნავია, რომ გამოცემა გამოსვლიდან რამდენიმე საათში დაიტაცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის თავიანთი ისტორიული სამშობლოს მიმართ ინტერესი დიდია... ჩანართის მაღალტირაჟიან გაზეთში ჩადების იდეა ეკუთვნის, ანკარაში, გაზეთ "საბაჰ აფხაზიას" მთავარ რედაქტორს, ოსმან ალტინიშიკს, რომელიც აფხაზეთში რამდენიმე თვის წინ, ჟურნალისტების დელეგაციას ახლდა", - წერს ერთ-ერთი აფხაზური ინტერნეტგამოცემა.

ინარ გიცბა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი:

- პირველად ჩანართი, 36-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა და რამდენიმე საათში დაიტაცეს. გაზეთი კოჯაალის, საქარიას, დიუზჟე, ზონგულდაკსა და ბოლიში გაიყიდა, ეს ის რეგიონებია, სადაც აფხაზო-ადიღური დიასპორა კომპაქტურად არის ჩასახლებული... ასეთი დიდი ინტერესის გამო, ჩვენ მისი უფრო ფართო ტირაჟით გამოცემა გვქონდა დაგეგმილი, იმედია, მოვახერხებთ... ამ ფაქტს ბოლო წუთამდე ვასაიდუმლოებდით, რათა ქართველების მიერ არ დაბლოკილიყო, მათ მხოლოდ მისი გამოსვლის დღეს გაიგეს და დაბლოკვა სცადეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ადგილობრივმა აფხაზურმა დიასპორამ მისი გაცნობა მოახერხა... ასევე ვგეგმავთ, ინტენტერნეტგამოცემასაც, რომელსაც მკითხველი დეკემბრიდან იხილავს... ის გაზეთის "საჰაბის" მხარდაჭერით, მის ბაზაზე იმუშავებს... გაზეთის გამოშვების მთავარი იდეა იყო, მკითხველისთვის გვეჩვენებინა, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელიც სტაბილურად ვითარდება.

აფხაზურ წრეებში მწვავე შეფასებები მოჰყვა ქართული მხარის კრიტიკასა და სხვადასხვა უწყებების ქმედით ღონისძიებებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს, ამასთან დაკავშირებით რეაქცია ჰქონდა და გამოხატეს თავიანთი მკაფიო დამოკიდებულება. ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთის ელჩი საქართველოში აფიქსირებენ იმ განუხრელ პოზიციას, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"ისინი წინმსწრებად არ ყოფილან საქმის კურსში ამ ჩანართის შესახებ. თვითონ გაზეთი "საბაჰი" ნამდვილად არის ერთ-ერთი პოპულარული გამოცემა თურქეთში. ამიტომ, ცხადია, ამ საკითხში ახლა ჩართული გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო, ასევე ქართული დიასპორა თურქეთში, რომელთაც თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შესაბამის რეაგირებას და მომავალში ამგვარი რამ აღარ განმეორდება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- არ ვიცი, რა გახდა ამის საფუძველი და ვინ გააკეთა ეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თურქეთსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის, ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებები ერთნაირია. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა აღიარებდა და აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას... თუმცა, როდესაც ესა თუ ის გაზეთი თავს უფლებას აძლევს, თავის გამოცემაში, ასეთი ჩანართი ჩადოს, ამ დროს საქმეში უნდა ჩაერთონ შესაბამისი უწყებები და ასეც მოხდა, - განცხადებები გააკეთეს საქართველოს საგარეო სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ თურქეთში. ჩვენ მოვისმინეთ ელჩის განცხადება, რომელმაც ანკარის პოზიცია გაგვაგცნო. ისინი თავად აღელვებული და შეხუწებული არიან ამ ფაქტის გამო. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი რამ მეტჯერ აღარ განმეორდება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)