"პოროშენკომ კონონენკოს დაავალა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მოამზადონ" - კვირის პალიტრა

"პოროშენკომ კონონენკოს დაავალა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მოამზადონ"

16 ნოემბერს, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ვადიმ რაბინოვიჩმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, განიხილონ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი.

რაბინოვიჩის განცხადებით, ვინაიდან უკრაინას არ შეუძლია თავისი მოქალაქეების ექსტრადირება, "სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას უკრაინის მოქალაქეობა".

რამდენიმე საათის შემდეგ, გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში" გამოეხმაურა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან.

"ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მოამზადონ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული შეუძლებელია.

"საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს", - დასძენს მიხეილ სააკაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: "ერთი კაცის გამო არ წავეჩხუბოთ საქართველოს" - უკრაინა საქართველოს სააკაშვილს გადმოსცემს?

წყარო