"რამდენიც ვართ, იმდენი ვიბრძოლებთ" - მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა - კვირის პალიტრა

"რამდენიც ვართ, იმდენი ვიბრძოლებთ" - მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

ქუთაისში დღეს პარლამენტის მე-9 მოწვევის პირველი სხდომა იმართება.

სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

სხდომის დაწყებამდე, პირველი კომენტარები გააკეთეს პარლამენტის ახალარჩეულმა წევრებმა.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ექნება ძალიან ბევრი საკითხი დღის წესრიგში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ყველაფერზე დაიწყება მსჯელობა სპეციალური ფორმატის ფარგლებში“.

“ერთ-ერთი ამომავალი წერტილი დემოკრატიული სისტემის არის პარტიული ძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია და ამ საქმეში განსაკუთარებული როლი ენიჭება ამ მოწვევის პარლამენტს... მნიშვნელოვანია, რომ შედგეს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რომელიც იქნება წარმოდგენილი პარლამენტში".

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართული ოცნების“ მიერ წამოწეულ საკითხებს, რომელსაც ისინიც იზიარებენ, მხარს დაუჭერს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტია არ ითანამშრომლებს.

კითხვაზე, როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურულად „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში, ინაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხალხს აწუხებს, სწორედ მათგან იქნება გასაჯაროებული.

„არის მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს 6 დეპუტატი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება“, - განაცხადა ინაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო რატიანის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტი მე-8-სგან განსხვავებული იქნება თუნდაც იმით, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტში იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც ჰქონდათ რეპუტაცია და „ბიძინა ივანიშვილმა გაწმინდა „ქართული ოცნებაც“ კი, პოლიტიკური ფიგურებისგან“.

„ამ მოწვევის პარლამენტს აქვს სერიოზული გამოწვევები და ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები. საკმაოდ სერიოზული პრობლემებია კრიმინალის, კორუფციის მიმართულებით. ამის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძროლა და ეს უნდა იყოს შეჩერებული. გარდა ამისა, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ძალაუფლება, რომელიც არ არის პროპორციული იმ ხმების, რომელიც აიღო. ჩვენ რამდენიც ვართ, იმდენი ვიბრძოლებთ არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მის გარეთ“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, კრიმინალი, კორუფცია, არის სერიოზული კრიზისი და ეს უმრავლეობა ამ კრიზისზე პასუხისთვის მზად არ არის“.

ჩვენი, ოპოზიციის ვალია პარლამენტში და მის გარეთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამისთვის ყველა ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ მეთოდს მივმართავთ პარლამენტში...

ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ფოტოგალერეა: მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საინტერესო მომენტები

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით