"მივმართავ მმართველ პარტიას" - რა გზავნილები აქვს პრეზიდენტს ახალმოწვეულ პარლამენტთან - კვირის პალიტრა

"მივმართავ მმართველ პარტიას" - რა გზავნილები აქვს პრეზიდენტს ახალმოწვეულ პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა დაგვიანების ტრადიცია არც დღეს დაარღვიეს.

რეგისტრაცია პარლამენტის 141-მა წევრმა გაიარა.

გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრეზიდენტი პარლამენტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმს სთავაზობს. იგი მზადყოფნას გამოთქვამს, დაამკვიდროს პრობლემურ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვა და შესთავაზოს ის საკითხები პარლამენტს, რომელიც მისი აზრით, უპირველესად საჭიროებს დახვეწასა და სრულყოფას.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა, დღეს პარლამენტში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას; ამასთან, ბოლო ოთხი წლის მანძილზე იგივე პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ექვსი წლის ვადით შეირჩა და დაინიშნა მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია.

„შესაბამისად, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ - დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. მისივე თქმით, დღეს მოსახლეობა ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელოდება.

„ამიტომ მივმართავ მმართველ პარტიას - დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად - პირველ ყოვლისა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლად მონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები.

მისი განცხადებით, არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის თქმით, არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე; არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

როგორც გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განვლილი სამი წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ინსტიტუციების, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვა. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო ის რეალობა, რომელიც ჩემსა და ჩემი გუნდის წინაშე დადგა. მიმაჩნია, ამ საკითხებზე ნაკლები ენერგია და დრო რომ დახარჯულიყო, პრეზიდენტის და სხვა უწყებათა რესურსი უკეთესად მოხმარდებოდა როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის ინტერესებს. ამიტომ, ერთი მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ვერ შევეგუები სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების - მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი, ხოლო მეორე მხრივ, მინდა მოგახსენოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას აქტიური თანამშრომლობისთვის”, -

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცესს წევრს, რევაზ არველაძეს გადაეცა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას წარუძღვება.

პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ. სიითი შემადგენლობის უმრავლესობით კი, დეპუტატები პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს და ვიცე-სპიკერებს დაამტკიცებენ. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევით დასრულდება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა: მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საინტერესო მომენტები

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით