ვინ არის ყველაზე სტაჟიანი, ვინ - ყველაზე ორიგინალური, ვინაც - გონებამახვილი კაპიტანი?.. - ქართველი პარლამენტარი ქალები - კვირის პალიტრა

ვინ არის ყველაზე სტაჟიანი, ვინ - ყველაზე ორიგინალური, ვინაც - გონებამახვილი კაპიტანი?.. - ქართველი პარლამენტარი ქალები

გასულ კვირას მე-9 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ის ქალბატონი დეპუტატებიც, ვინც პარლამენტში სამი პარტიის ეგიდით მოხვდნენ. მათგან არაერთს საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს, მათ შორის რამდენიმე ისეთიცაა, ვინც წინა მოწვევის პარალამენტშიც იყო, თუმცა არიან ახალბედებიც, ვინც ახლა უნდა გააცნოს საზოგადოებას თავი.  პარლამენტში 19 ქალია... ვინ არიან ისინი? -  ამას ჩვენი სტატიიდან და მეტად საინტერესო ფოტოგალერეიდან შეიტყობთ.

"ქართული ოცნების" ქალბატონები

„ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი 2010-2012 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. 2013-2015 წლებში ის პრემიერ- მინისტრის თანაშემწე გახლდათ და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს კურირებდა. 2015-2016 წლებში კი მუშაობდა აღმოსავლეთ -დასავლეთის მართვის ინსტიტუტში საკანონმდებლო და პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ხელმძღვანელად. მან ახალ პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავა.

თამარ ხულორდავა პროფესიით იურისტია. 2005-2015 წლებში ის ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერი იყო. 2015-2016 წლებში კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. მას პარლამენტში ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტი ჩააბარეს.

სოფიო ქაცარავა 2005 წლიდან 2016 წლამდე საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2011 წლამდე ქაცარავა საელჩოში პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო. 2011 წლიდან 2016-მდე კი ის ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივნის პოზიციას იკავებდა. პარლამენტში კი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ირინე ფრუიძე 2010-2012 წლებში პარტია "ახალი მემარჯვენეების" საერთაშორისო მდივანი იყო. ის წლების განმავლობაში საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამავე ორგანიზაციაში 2015 წლიდან დღემდე იყო ფონდების მოძიების მენეჯერი. ჩვენი საზოგადოება კი მას "ინტელექტკლუბიდან" იცნობს, ის ინტელექტუალური თამაშის "რა, სად, როდის?" უცვლელი კაპიტანია.

მანანა კობახიძე წინა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახლდათ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობაში ის თანამდებობის გარეშე დარჩა. მან კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო და 1990-1991 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობდა; 1991 წლიდან 2001 წლამდე კი სკოლის პედაგოგი იყო. 2003 წლიდან მუშაობა გააგრძელა არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", 2009-2011 წლებში ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა და პარალელურად ადვოკატობდა.

ეკა ბესელია 1998-2012 წლებში იყო საადვოკატო ფირმა "ეკა და კომპანიას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 2010-2012 წლებში კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2012 წელს ის გახდა პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით. ახალი მოწვევის პალამენტში მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ჩააბარეს.

მარიამ ჯაში - 1993-1998 წლებში სწავლობდა უმაღლეს სამედიცინო სკოლა "აიეტში"და მიღებული აქვს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია. 2010 წელს ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პროგრამის - ედუარდ მეისონის კურსზე; 2011 წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში; 1999-2000 წლებში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელად; 2012-2014 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. უშუალოდ ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებას და უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვისა და C- ჰეპატიტის პროგრამის ამოქმედებაში; 2014 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ "საქართველოს სოლიდარობის ფონდს", არის ეროვნული სოლიდარობის ფონდის პროექტის ავტორი; ის მე-9 მოწვევის პარლამენტში პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა.

სვეტლანა კუდბა 1990-1993 წლებში მერაბ კოსტავას სახელობის აჭარის რეგიონული საზოგადოების თავმჯდომარე იყო, 1993 წლიდან 2012 წლამდე კი წმ. ნინოს და წმ. ფრანჩესკოს სახელობის საქველმოქმედო ფონდს თავმჯდომარეობდა. 2005-დან 2012-მდე კუდბა კიდევ ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მუშაობდა. 2012 წელს "ქართული ოცნების" სიით გახდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ენძელა მაჭავარიანი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში სამების ტაძრის პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის "ქართული ოცნების" პროპორციული სიის 43-ე ნომერი იყო.

ნინო გოგუაძე 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრად, იმავდროულად იყო გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე. 2012 წლიდან დღემდე ის კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანია; არის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის საბჭოს წევრი. "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ის 59-ე ნომერი იყო.

დეპუტატი ქალები"ნაციონალური მოძრაობიდან"

ელენე ხოშტარია 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, შემდეგ კი ამავე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 2004 წელს დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილედ. 2004-2006 წლებში მუშაობდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსად ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ხოლო 2007 წლიდან ევროპულ და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ. ის არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი.

სალომე სამადაშვილი 2005-2007 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; მან 2013-2014 წლებში მუშაობა გააგრძელა ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის საპატიო მოწვეული მკვლევარის პოსტზე ბრიუსელში, ბელგიაში. 2015 წელს სამადაშვილს ეკავა ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორის პოზიცია (მალტა-ტრიპოლი); 2016 წელს მან დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი და საკონსულტაციო ფირმა Samadashvili International Consultants. პარალელურად, ის ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ლელა ქებურია 1998 წლიდან 2012 წლამდე ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად . 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ის იყო ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 2015 წლიდან გახდა ენმ-ს ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ირმა ნადირაშვილმა კარიერა 1994 წელს "რუსთავი" 2-ში კორესპონდენტად მუშაობით დაიწყო, სადაც 2005 წლამდე მუშაობდა. 2005-2007 წლებში მას ეკავა ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტი, 2008 წელს კი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

ირმა ნადირაშვილი 2008 წელს კვლავ დაუბრუნდა "რუსთავი 2"-ს, 2009 წელს კი ამავე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც გახდა და იქ 2010 წლამდე იმუშავა. 2010-2012 წლებში ის იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2012 წელს კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში შევიდა.

თინათინ ბოკუჩავა 2009-2011 წლებში მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, 2011 წელს მან მუშაობა განაგრძო საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2012 წელს ის იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე. 2012 წლის ოქტომბერში ბოკუჩავა პარლამენტის წევრი გახდა.

ხათუნა გოგორიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი პარლამენტარია, ის უკვე ოთხი მოწვევის დეპუტატია. გოგორიშვილი პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიას წყალობით მოხვდა და 2003-2004 წლებში იყო პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატების" სამსახურის უფროსი. ის 2004 წლიდან "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

"ნაციონალური მოძრაობის" სიის კიდევ ერთი ქალბატონი მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, ეს სანდრა რულოვსია, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

„პატრიოტთა ალიანსის“ გენდერული თანასწორობა

"პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში სულ 6 დეპუტატი შევიდა და მათგან 3 ქალბატონია.

ირმა ინაშვილი პროფესიით ჟურნალისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე. არის მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი.

ადა მარშანიამ 1983 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1983-1987 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კონსულტანტი; 1987 წლიდან სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. მარშანია აქამდე ოთხჯერ იყო პარლამენტის წევრი საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტში. 2016 წელს ის უკვე მეხუთედ შევა საკანონმდებლო ორგანოში. ადა მარშანია ასევე იყო საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის წევრი და ფრაქცია ლეიბორისტების თავმჯდომარის მოადგილე.

ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია "იბერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მფლობელია. ის ბლოკ "საქართველოს აღორძინების" პარტიული სიით ერთხელ უკვე იყო პარლამენტის წევრი.

...და დამოუკიდებელი პარლამენტარი

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და მას მერე, რაც "ქართულმა ოცნებამ" მის ოლქში საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა, ის დეპუტატი გახდა. სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია, საფრანგეთში, ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, საქართველოში თავდაპირველად ჩამოვიდა როგორც საფარანგეთის ელჩი საქართველოში, მალევე მიხეილ სააკაშვილმა მას მოქალაქეობა მისცა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, თუმცა მას მერე, რაც ზურაბიშვილი თანამდებობიდან წავიდა, სააკაშვილის ხელისუფლების მკაცრი ოპონენტი გახდა. ჩამოაყალიბა პარტია "საქართველოს გზა".

იხილეთ ფოტოგალერეა