პარლამენტმა 118 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია - კვირის პალიტრა

პარლამენტმა 118 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია

ირაკლი კობახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატურას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის სამმა წევრმა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის დანარჩენმა წარმომადგენელმა მის წინააღმდეგ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას.

”ჩემი კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებით გამართული დებატები შორს იყო ნამდვილად ჯოჯოხეთისგან, თუმცა იგრძნობოდა პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა. მე ვისურვებდი 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა პარლამენტის თითოეულ წევრს. იმ წევრებს, რომლებიც დღეს იყვნენ აგრესიულები და არ იყვნენ აგრესიულები, იყვნენ კონსტრუქციულები და არ იყვნენ კონსტრუქციულები, საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე და არ საუბრობდნენ სიძულვილის ენაზე. არ დავიშურებ ძალას იმისთვის, რათა ხელი შევუწყო საქართველოში პარლამენტარიზმის შემდგომ განვითარებას და უზრუნველვყო ის, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს ჰქონდეს საპარლამენტო მუშაობაში საკუთარი თავის სათანადო გამოვლენის შესაძლებლობა”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იხილეთ ასევე: მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საინტერესო მომენტები

"ინტერპრესნიუსი"