"თუ კვირიკაშვილი ჩემი უარის გამო გავანაწყენე, ბოდიშს ვუხდი" - კვირის პალიტრა

"თუ კვირიკაშვილი ჩემი უარის გამო გავანაწყენე, ბოდიშს ვუხდი"

"რიგითი დეპუტატის რანგში მეტი შესაძლებლობა მაქვს, ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ვიზრუნო. ვიცე-სპიკერობისას ამას იშვიათად ვაკეთებდი"

"მთავარ ამოცანად კარიერული წინსვლა რომ დამესახა და ამ მიმართულებით მიზანმიმართული ნაბიჯებიც გადამედგა, ვიცესპიკერობიდან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩებოდა"

ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტის ახალ შემადგენლობაში რიგით დეპუტატად დარეგისტრირდა - როგორც თავად განმარტავს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი საკუთარი ინიციატივით განაცხადა, რადგან თანამდებობრივ ჩარჩოებში მოქცევის სურვილი არა აქვს:

- ახალ პარლამენტში დღეს თქვენს პოზიციას გია ვოლსკი იკავებს - რატომ გააკეთა გუნდმა არჩევანი მასზე და არა თქვენზე, ხართ თუ არა განაწყენებული ამ პოზიციის გამო?

- არ მივეკუთვნები იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს წყენიდან გამომდინარე ან ემოციებით იღებენ - ჩვენ, პარლამენტის დეპუტატებს, საზოგადოების წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება, შესაბამისად, დაუშვებელია ჩვენი პოზიციები რაიმე ტიპის წყენას ეფუძნებოდეს. რაც შეეხება გუნდის დამოკიდებულებას, მოლაპარაკების პერიოდში, არც ერთ ეტაპზე მათგან პატივისცემისა და თანადგომის გარდა, არაფერი მიგრძნია. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

- თქვენ საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობთ, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა თქვენი უარი კომიტეტის თავმჯდომარეობაზე აღიქვა როგორც პასუხი გუნდის მიმართ, რომელმაც გარკვეულწილად ჩამოგაქვეითათ - თქვენთვის ვიცე-სპიკერობა რომ შემოეთავაზებინათ, არ დათანხმდებოდით?

- პოსტი არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი. ჩემს ამა თუ იმ მაღალ თანამდებობაზე ყოფნას ყოველთვის გარკვეული გარემოება განაპირობებდა - 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი ვიცე-სპიკერობა შემომთავაზა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკაში ახალფეხშედგმული ადამიანისთვის, დიდი გამოწვევა გახლდათ. შესაძლოა, გარკვეული ხარვეზი მქონდა და ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებასაც ვიღებდი, თუმცა ყოველთვის პრინციპების ერთგული ვიყავი და ჩემს მოვალეობას ერთადერთი სულისკვეთებით ვასრულებდი - მოქალაქეების ყოფა ყოფილიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა. 2012 წელსვე მთავარ ამოცანად კარიერული წინსვლა რომ დამესახა და ამ მიმართულებით მიზანმიმართული ნაბიჯებიც გადამედგა, ვიცესპიკერობიდან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩებოდა. მე კი ეს არ გავაკეთე, რადგან თანამდებობა ჩემი მოწოდება არასოდეს ყოფილა. არავითარი წყენა არ მაქვს არავის მიმართ. არ მესმის, რატომ ატყდა მსგავსი აჟიოტაჟი.

- აჟიოტაჟის საფუძველი გარკვეულწილად თქვენც შექმენით, როდესაც საკითხზე კონსულტაციები დააანონსეთ და ბოლო დღეებში მედიასთან კავშირი, ფაქტობრივად, გაწყვიტეთ.

- ველოდებოდი, რას გადაწყვეტდა პარტია. შესაძლოა, ჩემი კოლეგების ნაწილი გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, ნაწილი - არ იზიარებდა, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა, დეტალებზე საბოლოო შეთანხმების შემდეგ მესაუბრა. მადლობელი ვარ, რომ ჩემს პოზიციას გუნდი პატივისცემით შეხვდა.

- მაინც მინდა გკითხოთ - თქვენთვის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობა თქვენთან დაკავშირებული ე.წ. კოკაინის სკანდალის გამო ხომ არ გახდა მიუღებელი, ან ალეკო ელისაშვილის განცხადებები ხომ არ გახდა ფაქტორი, რის გამოც გუნდმა ახლა პარლამენტში თქვენი ვიცე-სპიკერობა არ ისურვა?

- ეს იყო ბინძური კამპანია, რომლის მიმართაც საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს კითხვები აღარ აქვს. გამოძიება ოთხი თვე მიმდინარეობდა და მტკიცებულებების წარმოდგენა ვერავინ შეძლო. დიახ, იმ მძიმე პერიოდშიც გუნდი ბოლომდე მენდობოდა და კომიტეტის თავმჯდომარეობის შემოთავაზებაც ამის დადასტურება გახლდათ. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არ არის აუცილებელი, ჩემი საქმიანობა მომავალშიც პრინციპულად გავაგრძელო - დეპუტატის რანგში მეტი შესაძლებლობა მაქვს ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ვიზრუნო. ვიცე-სპიკერობისას ამას იშვიათად ვაკეთებდი.

- თავადაც ამბობთ, რომ თქვენი მიზანი ახლა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა იქნება, კომიტეტის თავმჯდომარეობა უფრო მეტ შესაძლებლობას არ მოგცემდათ ამ მხრივ?

- ადამიანის უფლებების დაცვა ჩემი საქმე და პროფესიაა. ვიცე-სპიკერის რანგში ამ მიმართულებით საქმიანობას აქტიურად ვერ ვახერხებდი - ზოგჯერ პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებდი, დელეგაციებსა და საბჭოებს ვხელმძღვანელობდი, გადატვირთული გრაფიკი მქონდა და თანაც რეგლამენტით არ მქონდა უფლება, რომელიმე კომიტეტის წევრი ვყოფილიყავი. ახლა, როგორც რიგით დეპუტატს, მეტი შესაძლებლობა მომეცემა სხვადასხვა გამოწვევაზე აქტიურად ვიმუშაო...

- არც გიორგი კვირიკაშვილს გამოუხატავს წყენა თქვენს უარზე?

- გიორგი კვირიკაშვილმა არა მხოლოდ შემომთავაზა, მთხოვა კიდეც, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობას დავთანხმებოდი. შესაძლოა ჩემი უარის გამო გავანაწყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ნამდვილად არ მინდოდა პროცესი გაწელილიყო და ვინმეს ეფიქრა, რომ კონსულტაციები ვაჭრობას დაემსგავსა, ან რამე მსგავსი. თავიდანვე ვთქვი, რომ მზად ვიყავი, პარლამენტში საქმიანობა რიგითი დეპუტატის პოზიციიდან გამეგრძელებინა.

რუსუდან შელია