"საქართველო მიიღებს მთავრობას, სადაც ერთი მინისტრი მატყუარაა, მეორე საყდრისის ამფეთქებელი, მესამე - არჩევნების გამყალბებელი" - კვირის პალიტრა

"საქართველო მიიღებს მთავრობას, სადაც ერთი მინისტრი მატყუარაა, მეორე საყდრისის ამფეთქებელი, მესამე - არჩევნების გამყალბებელი"

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამა - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" გააცნო. კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატები მინისტრების კანდიდატებს უსმენენ.

პარლამენტის ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებს მწვავე კითხვებს უსვამს. დასმულ კითხვას კი უმეტესად სიტყვიერი კამათი ახლავს თან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სერგო რატიანის თქმით, ქვეყანა იმყოფება მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, ლარმა გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია. "არის კორუფცია, არის კრიმინალის ზრდა და ამ პირობებში არ არსებობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა და ყველაფერი გრძელდება ისე, როგორც იყო. ეს ქვეყანას შეიყვანს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში და შესაბამისად, ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ ეს მთავრობა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიცია ზის იმისთვის, რომ კრიტიკული სახე მიიღოს, კრიტიკული ფორმით გამოხატონ თავისი აზრები.

"თავისთავად ცხადია, ოპოზიციას აქვს თავისი ნიშნა - კრიტიკა კრიტიკისთვის. რიგ შემთხვევებში ოპოზიციამ ძალიან ბევრი შინაარსობრივი შეცდომა დაუშვა. მეტიც, ისინი ელემენტარულ საკითხებშიც არ ერკვევიან, მათი პროფესიონალიზმი, მათი კვალიფიკაცია, რასაც ვუყურებდი, არის ძალიან დაბალი. მე მგონი ზოგს პროგრამაც კი არ ჰქონდა წაკითხული".

"ნაცმოძრაობის" დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ამ ორი დღის განმავლობაში, ყველა მოსმენაზე, რომელზეც იყვნენ, ნახეს მთავრობა, რომელიც აბსოლუტურად პარალელურ რეალობაში ცხოვრობს, რომელიც არ აღიარებს ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს. მისივე თქმით, მთავრობა საუბრობს, რომ ლარის გაუფასურება ეკონომიკის კეთილდღეობაზე მეტყველებს და ქვეყანაში კრიმინალი არ მომატებულა.

„აბსოლუტურად არანაირი გეგმა ამ ადამიანებს პრობლემების მოგვარების არ აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ძალიან პირდაპირ უნდა შეხედოს ხელისუფლებამ. ეს არ არის სტატისტიკა და ციფრები, რომელსაც თავისი სურვილით კერავენ. ეს არის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ხელსუფლებამ გასაჭირში მიატოვა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანის" წევრი:

საქართველო მიიღებს მთავრობას, სადაც იქნებიან მინისტრები, რომელთა შორის ერთი მატყუარაა და ვერ თუ არ აღიარებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სწირავდა გარკვეულ თანხებს დასახმარებლად. მეორე არის საყდრისის, ანუ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ამფეთქებელი, მესამე კი - არჩევნების გამყალბებელი. აი, ასეთი ტიპის მთავრობას მიიღებს საქართველო და ქართველი ხალხი. ჩვენ ამ ადამიანებზე, ამ მინისტრებზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას. ვინაიდან კენჭი ეყრება და მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ მთლიანად გუნდს, ჩვენ ამ ნდობას ვერ და არ გამოვუცხადებთ“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნიკა მელიამ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს  მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანის, შალვა თადუმაძის, ოთარ ფარცხალაძისა და ნინო გვენეტაძის მონაწილეობით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ 30 ნოემბერს მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.

„შეიძლება მართლაც დავიჯერო, რომ საქმის კურსში არ ხართ, აკი გითხარით გუშინ, რომ გვაქვს განცდა, რომ ნომინალურად ასრულებთ პრემიერის მოვალეობას, მაგრამ მე მაინტერესებს, თქვენ თუ აცნობიერებთ, რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს ამ ქვეყანაში?“, - მიმართა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს.

თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოზე რაიმე ზეწოლა უარყო.

„ეს ინფორმაცია, რაც თქვენ თქვით და ბრალი დასდეთ მინისტრს და მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსს, არის აბსოლუტური სიცრუე. არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება. თუ რამე მსგავსს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაცხადოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით