ვინ არის სუსტი რგოლი - "პირველი გამოცდა მთავრობას გაზაფხულზე ელოდება" - კვირის პალიტრა

ვინ არის სუსტი რგოლი - "პირველი გამოცდა მთავრობას გაზაფხულზე ელოდება"

"კირვალიძის სინდრომი" "ქართული ოცნების" ავადმყოფობად იქცა"

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. რა გამოწვევების წინაშე დგას მთავრობა და ეყოფათ თუ არა სამინისტროების ახალ ხელმძღვანელებს კომპეტენცია, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უპასუხონ, "კვირის პალიტრასთან" ექსპერტები ლადო პაპავა და გია ხუხაშვილი საუბრობენ:

"პრემიერს განათლების მინისტრის შეცვლა მოუწევს"

- მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა განახლებულ შემადგენლობაში ე.წ. ძველი სახეებიც არიან, ვფიქრობ, ახალარჩეული მთავრობის ნეგატიურ და პოზიტიურ ქმედებებზე ასი დღის შემდეგ უნდა ვისაუბროთ. მანამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინისტრთა კაბინეტში ყველაზე სუსტი რგოლი განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეა. პროტესტსაც არ მოვერიდები იმის გამო, რომ ისინი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მოხვდნენ. არაფერს გვეუბნება ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ვინაობაც, ისევე როგორც ის საზოგადოებისათვის უცნობი ადამიანები, რომლებიც კომიტეტების თავმჯდომარეებად შეირჩნენ - არავინ იცის, რა კომპეტენციის ადამიანები არიან. ვიმედოვნებ, გააზრებული აქვთ ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას - ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, დემოკრატიული პრინციპების განვითარება, ევროკავშირთან დაახლოება, მისი ეკონომიკური მოდელის რეალიზაცია, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება ისე, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ერთი მტკაველითაც არ დაზიანდეს.

- და მაინც, როგორია თქვენი მოლოდინი - ახალ შემადგენლობას ამ გამოწვევებთან გამკლავების უნარი აქვს?

- ჩემი აზრით, პრემიერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას "ნაცების" დავალებას ასრულებდა უნივერსიტეტიდან ღირსეული პროფესორების გაყრაში) შეცვლა მოუწევს. მისი განცხადებები სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ცვლილება აუცილებელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის შემთხვევაშიც. რაც შეეხება ეკონომიკურ ფლანგს, აუცილებელია საპარტნიორო ფონდის გააქტიურება - ის სასტუმროებისა და საღორეების მშენებლობით არ უნდა იწონებდეს თავს, მეტი მუშაობაა საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური ეკონომიკის შექმნის მიმართულებით, რაზეც "ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგია - 2020" მიუთითებს, უბრალოდ, მთავრობამ მიივიწყა და თაროზე შემოდო. ყველაზე დიდი გამოწვევა კი ლარია, რისთვისაც ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო. სავალუტო ბაზარზე პრობლემაა, რაც პირველ რიგში, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ლარის შემდგომი გაუფასურება გარდაუვალია - თურქეთი დიქტატურის გზას ადგას, ისევე, როგორც აზერბაიჯანი, რაც მათ ვალუტებზეც აისახება. შესაბამისი მექანიზმი უნდა აამოქმედოს ეროვნულმა ბანკმა, რომ ლარის გაუფასურებას ნახტომისებური ეფექტი არ ჰქონდეს, მთავრობამ კი უნდა შეიმუშაოს ღონისძიებები შეჭირვებული მოსახლეობის დასაცავად. უნდა გვახსოვდეს, რომ წყალდიდობას ებრძვიან არა ხმლით, არამედ ჯებირებით.

კიდევ ერთი საკითხი, რაც "ქართული ოცნების" ავადმყოფობად იქცა და მას პირობითად "კირვალიძის სინდრომს" ვუწოდებ. კარგად გვახსოვს, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ მისი ყველა წამყვანი სპეციალისტი დააკავეს და მეცნიერებსაც კი დაერივნენ. ეს უდიდესი შეცდომა გახლდათ, რადგან ამ გადაწყვეტილებამ მინისტრთა კაბინეტში ფულის ხარჯვის შიში გაამძაფრა. მაგალითად, განათლების სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფულს ვერ ითვისებდა, არადა, უამრავი სკოლა და უნივერსიტეტია გასარემონტებელი. უბრალოდ, სამინისტროს ეშინოდა და "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის" პრინციპით მოქმედებდა. ახლა ხელისუფლებას არ აქვს ამდენი დრო - სწრაფი მოქმედებები და მეტი პროფესიონალიზმია აუცილებელი!

"მალე გამოჩნდება, რამდენად აქვს ხელისუფლებას კრიზის-მენეჯმენტის უნარი"

პირველ მძიმე გამოცდას უწინასწარმეტყველებს გაზაფხულზე ახალ მთავრობას ექსპერტი გია ხუხაშვილი: - ბანალური ასი დღე აუცილებლად უნდა მიეცეს მთავრობას, თუმცა, მთავარ კითხვაზე - გადავედით თუ არა ინსტიტუციურ მართვაზე და არიან თუ არა მინისტრები საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი - ამ დრომდე ვერ მივიღე პასუხი... რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, ოთხპუნქტიან გეგმას, რომელიც პარლამენტში წარმოადგინეს, ამბიცია აკლია, რომ ნახტომისებურად განვითარებას მივაღწიოთ, არადა, აუცილებელია - სოციალური რისკები სულ უფრო იზრდება და მოქალაქეების ყოფაც გაუმჯობესების ნაცვლად, რთულდება. შესაბამისად, ორდინარული გადაწყვეტილებები საკმარისი არ გახლავთ. გარდა ამისა, არ მესმის, რატომ არ შეიცვალა კულტურის მინისტრი, ან რას ისახავს მიზნად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი ფიგურის შემოყვანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რიტორიკა ძირითადად, სისხლიან ცხრა წელზე იყო აგებული. ვფიქრობ, პირველი გამოცდა ახალ მთავრობას გაზაფხულზე, მარტის დასაწყისში ელოდება. დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში მცირე მასშტაბის კრიზისი ჩამოყალიბდება. მოქალაქეები ბოლო მარაგს საახალწლოდ დახარჯავენ, ეკონომიკა ამოიქოქება და ლარზე ზეწოლა გაძლიერდება. ამ ვითარების გამოყენებას თვითმმართველობის არჩევნებამდე პოლიტიკური ძალებიც შეეცდებიან. სწორედ ამ დროს გამოჩნდება, რამდენად აქვს ხელისუფლებას კრიზის-მენეჯმენტის უნარი. ამ მიმართულებით კონკრეტულ გეგმას ვერ ვხედავ, არადა, თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

რუსუდან შელია