სტელა ადლეიბა: "საით მივდართ, რას ვემსგავსებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა თუ სამხედრო კოლონია"?! - კვირის პალიტრა

სტელა ადლეიბა: "საით მივდართ, რას ვემსგავსებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა თუ სამხედრო კოლონია"?!

"ამბობენ, რომ ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გადაგვასახლებენ" - რას უქადის ქართველებს გალის სამხედრო ქალაქად ქცევა?!

"აფხაზეთს ქურდები მართავენ. მათ შორის, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებიც, რომლებსაც ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ ჩვენი პოლიტიკოსები... ყველგან ქაოსია"

ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდება.

ახალი კანონის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს სამხედრო ქალაქში საშვის გარეშე არ შეუშვებენ. საშვი კი, ე.წ. ერის წყალზე მდებარე რუსულ საგუშაგოში უნდა წარადგინონ.

ადგილობრივების თქმით, რაიონში სპეციალური საშვის გამოყენების სისტემა გასული კვირიდან ამოქმედდა, კონკრეტულად, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის მცხოვრებლები, გალში საშვის გარეშე არ დაიშვებიან.

რუსული საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან, რომ გალში 2 ახალი სამხედრო ბაზა გაიხსნება, სადაც 3 ათასამდე რუსი, მძიმე ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო განთავსდება. ამას დაემატება 19 რუსული სამხედრო საგუშაგო. ასევე იგეგმება სამხედრო აეროპორტის აშენებაც. რუსი ჯარისკაცები გალში, ოჯახებთან ერთად იცხოვრებენ.

სამხედრო ქალაქში, სპეციალური სისტემის ამოქმედების შემდეგ, გადაადგილება შეზღუდული იქნება, შესაბამისად, ყველა გასვლა-შემოსვლა უნდა შეთანხმდეს ადგილობრივ სამხედრო კომენდატურასთან. ადგილობრივმა უნდა წარადგინოს კომენდატურიდან მიღებული სპეციალური საშვი. ამგვარი შეზღუდული სისტემა საბჭოთა კავშირის დროს საზღვრისპირა დასახლებებში, მაგალითად, ახალქალაქსა და ახალციხეში არსებობდა, სადაც სამხედრო შენაერთები იდგა.

აფხაზეთში, სამხედრო ქალაქების მშენებლობა 2008 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რუსეთმა, ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გალის რაიონში, ჯერჯერობით მხოლოდ მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. სოფლებში გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა, ოჩამჩირესა და ტყვარჩელიდან შემოსულებთან დაკავშირებით კონტროლი უკვე გამკაცრდა. გალელები ვარაუდობენ, რომ მშენებლობების აქტიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ, მათი ცხოვრება ძალიან გართულდება.

ნონა, გალის რაიონში მცხოვრები:

- აქამდე ე.წ. საზღვრის გადაკვეთა, კვირაში სამი-ოთხჯერ მაინც გვიწევდა, რა დროსაც ისედაც გვიქმნიდნენ პრობლემებს, - დიდხანს გვაჩერებდნენ და ჯარიმას გვახდევინებდნენ, ანდაც იზოლატორში წაყვანით გვემუქრებოდნენ. ასე დაუნდობლად განსაკუთრებით იმათ ექცევიან, ვის მიმართაც ეჭვი აქვთ, რომ ქართულ ბაზარზე ვაჭრობენ, ციტრუსით, ტანსაცმლით ან სურსათით... ყველანაირად ცდილობენ, გალის სეზონური (ციტრუსი, თხილი, ხილი) თუ ყოველდღიური შემოსავალი (რძის ნაწარმი, არაყი), ფსოუსკენ გადაამისამართონ. ამ ბოლოს დროს, ამის გაკეთებას პირდაპირ გვაიძულებენ, რამდენჯერმე გვითხრეს კიდეც, - წადით ფსოუსკენ და პრობლემები არ შეგექმნებათო... ყველაფერი ენგურის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვისკენ მიჰყავთ.

მერაბი, გალის რაიონში მცხოვრები:

- ამბობენ, რომ სოფელ სიდაში დაიწყეს უკვე სამშენებლო სამუშაოები. მძიმე სამშენებლო ტექნიკა შეიყვანესო... მე ნანახი მაქვს, გუდაუთის ბაზები, შორიდან ვნახე, თორემ ახლოს ვინ მიმიშვებდა, დაცულია... აქ, ჩვენს სოფელში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მაგრამ პროექტში, მეზობელი სოფლებიც არის შეყვანილი და ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის... იქითკენ მიდის საქმე, რომ ზუგდიდში გადასვლა უკიდურესად გართულდება... ქართული მხარე, ენგურის ხიდზე, სარემონტო სამუშაოებს ატარებდა და ვფიქრობდით, - ეს ჩვენთვის ცოტა შეღავათი იქნებოდა. ახლა კი, ამბობენ, რომ გალის სოფლები ოჩამჩირესა და ტყვარჩელში გადაანაწილეს, იქ უნდა გადაგვასახლონ. გალში კი, სამხედრო ბაზებსა და დამატებით საგუშაოებს ააშენებენ, რისი დაჯერებაც არ მინდა, ეს თუ მოხდა, არ ვიცი, რა გვეშველება.

გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევას აპროტესტებს აფხაზური საზოგადოების ერთი ნაწილი. მათი თქმით, ეს ახალი არ არის, აფხაზეთში 2008 წლიდან მიმდინარეობს სამხედრო ქალაქების მშენებლობა. კიდევ ერთი, - თუ კი, გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევა აფხაზეთის უსაფრთხოებას ემსახურება, მაშ რატომ არის გამოუსწორებელი კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში (!).

სტელა ადლეიბა:

- ბევრს ვფიქრობ, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, - საით მივდართ, რას ვემსგავსებით, ნამდვილად დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ თუ სამხედრო კოლონია?! 23 ნოემბერს, გაგრიდან სავაჭრო კომპლექს "კონტინენტის" იურისტი, ალექსანდრე კუზნეცოვი გაიტაცეს... მას შემდეგ, რაც საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ჩაერთვნენ, დაკარგული ბიჭვინთაში იპოვეს... არც კი ვიცი, უკვე ღირს თუ არა, ლაპარაკი განვითარებაზე, წინსვლაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, სადაც პარლამენტი სავსეა ნარკომანი დეპუტატებით... აფხაზეთს ქურდები მართავენ. მათ შორის, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობენ, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებიც, რომლებსაც ძალიან დიდ ანგარიშს უწევენ ჩვენი პოლიტიკოსები... ყველგან ქაოსია. თუ ჩვენ არ ვეცდებით წინ წავიდეთ, ყველაზე ახლო და სტრატეგიული მეზობელი რუსეთიც კი ეცდება, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს.

ელვირა ბერაია:

- გალზე ასეთი ამბების ატეხვა სასაცილოდაც კი მეჩვენება, მაშინ, როდესაც ახალი ათონი და გუდაუთა უკვე გადაქცეულია სამხედრო ქალაქებად. თუ არ გვინდა სიმართლე დავინახოთ, კი ბატონო, დავხუჭოთ თვალები... ჩადით და ნახეთ, რამდენი ასეული რუსი სამხედროა იქ მობილიზებული და სასაცილოა, ამ ფონზე ჩვენ ტურისტულ ქვეყანასა და შვეიცარიის მოდელის აშენებაზე რომ ვლაპარაკობთ. გალელები ამით არაფერს წააგებენ, ისინი არც აფხაზეთს ეკუთვნოდნენ ბოლომდე და არც საქართველოს. ახლა სამშენებლო სამუშაოებში ჩაერთვებიან და შემოსავალიც გაუჩნდებათ... ჩვენ ვიკითხოთ, იმ მოსახლეობას, ვისაც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის სისხლი გვაქვს დაღვრილი.

აფხაზეთში ცხოვრების შთაბეჭდილებებზე, სოციალურ ქსელებში წერენ რუსი სამხედროების ოჯახის წევრები.

"ახალ ათონში, ზღვასთან ახლოს ვართ. ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია, რომელსაც გარშემო გაზონი, საბავშვო, სპორტული და სათამაშო მოედანი აკრავს. საცხოვრებელი ბინები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ტელევიზორით, წყლის გამათბობლით. რამდენიმე ოჯახს, საბავშვო ლოგინებიც კი დაახვედრეს..." - წერს სოციალურ ქსელში სამხედრო მოსამსახურის, კაზიმაგომედ ჰუსეინოვის მეუღლე, რომელიც გულისტკივლით ამბობს, რომ სამხედრო როტაციის შემდეგ, ამ სამოთხის დატოვება მოუწევს.

რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, გუდაუთასთან ახლოს აშენებულ სამხედრო ქალაქში, გასულ წლებში, ერთბაშად 300 სამხედრო ჩამოიყვანეს, ოჯახთან ერთად. 2011 წელს, ახალ ათონში, ყველაზე მასშტაბური სამხედრო ქალაქი, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. ოკუპირებულ აფხაზეთში გალი ერთადერთი რაიონია, რომელიც მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების 2011 წლის აღწერით, გალში 29 813 ქართველი ცხოვრობს, რაც ამ რაიონის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს და, ექსპერტების თქმით, გალის სამხედრო ქალაქად ქცევის შემდეგ, სწორედ ამ ქართველ მოსახლეობას შეეზღუდება მიმოსვლა ენგურის ხიდზე, უფრო მეტიც, დიდი ალბათობაა, რომ გალი დანარჩენი საქართველოსთვის საერთოდ ჩაიკეტოს კიდეც.