"სააკაშვილი დათანხმდა პოროშენკოს იყოს მისი მართული ოპოზიცია - ზედაპირზე იტივტივებს და თანაც გვარიან ფულს იშოვის" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი დათანხმდა პოროშენკოს იყოს მისი მართული ოპოზიცია - ზედაპირზე იტივტივებს და თანაც გვარიან ფულს იშოვის"

"სააკაშვილი დაიბარეს პოროშენკოსთან და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა დამოუკიდებელ თამაშს, გაუშვებდნენ მოლდოვაში ელჩად"

"მას შემდეგ, რაც "რუსთავი2" აღარ იქნება სააკაშვილის ხელში, საქართველოში მისი ამბავი დასრულდება"

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო და პირველი საპროტესტო მიტინგიც გამართა კიევში. მართალია ხელისუფლება და პრეზიდენტი პოროშენკოც გვარიანად გააკრიტიკა, მაგრამ უკრაინელ ექსპრეტთა ნაწილი ეჭვობს, რომ ის პოროშენკოს მართულ ოპოზიციონერად ყალიბდება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლების სულ უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი ითხოვს უკრაინიდან მის ექსტრადირებას. გვესაუბრება საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა, რომელიც ერთი პერიოდი უკრაინის ექსპრეზიდენტის იანუკოვიჩის მრჩეველიც იყო.

- მიმდინარე წლის აპრილში, ჯერ კიდევ გუბერნატორმა სააკაშვილმა სამდღიანი ულტიმატუმი წაუყენა პოროშენკოს და გადამდგარი იაცენიუკის ნაცვლად, პრემიერად მის დანიშვნას ითხოვდა, სააკაშვილი დაიბარეს პოროშენკოსთან და დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდა დამოუკიდებელ თამაშს, გაუშვებდნენ მოლდოვაში ელჩად.

სააკაშვილმა ქართულ არჩევნებამდე ოდესის გუბერნატორად დატოვება ითხოვა და ისიც დატოვეს იმ პირობით, რომ უკრაინულ პოლიტიკაში არ ჩაერეოდა და მხოლოდ ოდესის ოლქის ფარგლებში იტრიალებდა. როგორც მე ვიცი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოროშენკო ოდესას ესტუმრა და სააკაშვილს შესთავაზა, გუბერნატორობიდან წასულიყო ოპოზიციაში, ოღონდ ისე, რომ პოროშენკოს მისი მართვა შეძლებოდა, რაშიც დიდ გასამრჯელოს აიღებდა. ეს წინადადება მოეწონა სააკაშვილს, სრულიად უფუნქციოდ დარჩენას არჩია პოროშენკოს მარიონეტი ოპოზიციონერის ფუნქცია შეასრულოს.

იმის აღსაკვეთათ, რომ მომავალში სააკაშვილმა თავისი თამაში ითამაშოს, უკრაინელმა ძალოვნებმა უამრავი მასალა შეაგროვეს სააკაშვილის კორუფციული საქმიანობის შესახებ ოდესაში. ოდესაში სააკაშვილის გაშვებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ შეგროვებულიყო დოკუმენტურად გამყარებული კომპრომატი მასზე, რომელიც დაიდება და იქნება გარანტია იმისა, რომ სააკაშვილმა თავისი თამაში ვერ ითამაშოს.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი რეიტინგები, რომლითაც პირველ ადგილზე იულია ტიმოშენკოა. სწორედ ეს იქნება სააკაშვილის ფუნქცია: წაართვას ტიმოშენკოს ხმების 3-4%, ანუ შეასრულოს მართვადი ოპოზიციის როლი, რომელსაც, თავის დროზე, საქართველოში ქრისტიან-დემოკრატები და "პადოშა" ასრულებდნენ. პირადად მე, სამარცხვინოდ მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის ყოფილი პირველი პირი ასე რომ დაეცა. წარმოიდგინეთ, რომ ზვიად გამსახურდია ან შევარდნაძე წასულიყო უკრაინაში გუბერნატორად, შემდეგ პოროშენკოს ტექნიკური კანდიდატი გამხდარიყო და ამით ფული ეშოვნა.

- რაში აწყობს ეს "თამაში" სააკაშვილს?

- სააკაშვილს არჩევანი არ აქვს. აშშ-ში მას მკაფიოდ უთხრეს, აქ არ გვჭირდებიო და არ მისცეს სამუშაო ვიზა. საქართველოში ძებნილია და თუ ჩამოვა, მიუჯდება ახალაიას და მერაბიშვილს. უკრაინაში კი მისი თაღლითობის თაობაზე უკვე ტომეულები დადეს, მოკლედ, ის იტივტივებს პოლიტიკის ზედაპირზე და თან გვარიან ფულსაც იშოვის.

უკრაინის პოლიტიკაში საკმაოდ მაღალი ნიხრებია: მაგალითად, იანუკოვიჩი თავის დეპუტატებს 80,000 დოლარს უხდიდა, სხვა ფრაქციიდან მასთან გადასვლაში კიდევ 3-5 მილიონს. სააკაშვილს კი სხვა პრინციპი, გარდა ფულის შოვნისა, არ აქვს და სწორედ ამისთვის სჭირდება ძალაუფლება. პირველი დიდი ფული 90-იან წლებში, საქართველოში "გაზპრომის" ლობირებით...

გარდა ფინანსური ინტერესისა, მას შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ რადის მომავალ არჩევნებში გადალახოს 5%-იანი ბარიერი და შეიყვანოს პატარა ფრაქცია, თუმცა არ მგონია, ამის საშუალება მისცენ. მისი ფუნქცია იქნება მიიღოს 3-4% და ხმები ძირითადად ტიმოშენკოს წაართვას.

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა რომ სააკაშვილი ისევ აქტიურად ჩაებას ქართულ პოლიტიკაში?

- ეს გამორიცხეთ, ხომ ხედავთ, საკუთარი პარტიიდანაც აგდებენ. მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2" აღარ იქნება სააკაშვილის ხელში, საქართველოში მისი ამბავი დასრულდება. ცხადია, ის უკრაინაში შეეცდება ბევრი ილაპარაკოს საქართველოში თავის "წარმატებულ" რეფორმებზე. ასევე, ხელიდან არ გაუშვებს შანსს, წაკბინოს ივანიშვილს, თუმცა რეალურ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე ვეღარ მოახდენს და "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა გარდაუვალია.

ეს ცალსახად პოზიტიური იქნება, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" აფერხებს ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების დაწყებას. ხელისუფლებას შესაძლოა ურჩევნია ასეთი დისკრედიტირებული ოპოზიცია ჰყავდეს, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ეს ცუდია. ამიტომ მისასალმებელია თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება და პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდებიან ახალი, ევროპული მსოფლმხედველობის პრაგმატული ძალები. "იარლიყების მიწებების" პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს და პოლიტიკური დებატები საგნობრივი და კონსტრუქციული გახდეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)