"ლონდონის ბირჟაზე გაიტანენ აქციებს თუ იუპიტერის, კრემლს ხელი იქაც მიუწვდება" - რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25% გაიყიდება?! - კვირის პალიტრა

"ლონდონის ბირჟაზე გაიტანენ აქციებს თუ იუპიტერის, კრემლს ხელი იქაც მიუწვდება" - რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25% გაიყიდება?!

"როდესაც ქვეყანას აქვს უცხოური ვალუტის სერიოზული დეფიციტი, პრობლემების დროებით გადაგორების თვალსაზრისით, ხელისუფლებას ოპერატიულად სჭირდება ქეში, თუმცა რამდენად მოკლე ვადებში განთავსდება აქციები ბირჟაზე, არ ვიცი. მაგრამ 25%-მდე აქციების გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია"

რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს რკინიგზის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის 25%-ის გაყიდვას გეგმავს.

„ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას. რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კოორპორაციის 25%-ის ბირჟაზე განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. შარშან ნამდვილად არ იყო ამ კუთხით საუკეთესო დრო. ეს არის ძალიან საფრთხილო და სწორად გასაკეთებელი საკითხი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილის შესყიდვით დაინტერესდა აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი". როგორც გამოცემა Trend-ს SOCAR Georgia-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, თუ აქციების გაყიდვა ოფიციალურად გამოცხადდება, კომპანია განიხილავს ამ საკითხს.

ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და საქართველოს რკინიგზის აქციების 25%-ის განთავსება ლონდონის ან შანხაის ბირჟებზე იგეგმება. ქუმსიშვილი "სოკარის" მხრიდან დაინტერესების საკითხსაც გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, თუ აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდება, საქართველოს არა სამი, არამედ 5 კომპანია ეყოლება ლონდონის ბირჟაზე, რაც საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბირჟები შეიძლება იყოს ლონდონი ან შანხაი. შესაბამისად, ეს არის ღია განთავსება. აქ არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული დაინტერესებული პირის ინტერესზე ლაპარაკი და არც გვაქვს ასეთი პირის ინტერესი. კონსულტანტებთან ერთად გვინდა შევარჩიოთ საუკეთესო მომენტი ამ 25%-ის წილის ბირჟზე გატანის", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ორი მსხვილი ორგანიზაციის 25%-მდე წილის გაყიდვა სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და ამას გარკვეული უპირატესობებიც აქვს, თუმცა მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა წილი რუსულმა კომპანიებმა შეიძინონ, რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იქნება.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციების წილების გაყიდვა ორი მიზეზით ხდება. პირველი ის, რომ ასეთი ტიპის კომპანიებს სტრატეგიული ინვესტორი თუ ეყოლება, ცუდი არ იქნება. ის, გარდა იმისა, რომ აქციების მფლობელი იქნება, სტიმულს მისცემს ინვესტიციების განთავსებას და უფრო ბიზნესურ ხედვას შეიტანს კომპანიების განვითარებაში. მეორე მიზანი გახლავთ ოპერატიული, როდესაც ქვეყანას აქვს უცხოური ვალუტის სერიოზული დეფიციტი, პრობლემების დროებით გადაგორების თვალსაზრისით, ხელისუფლებას ოპერატიულად სჭირდება ქეში, თუმცა რამდენად მოკლე ვადებში განთავსდება აქციები ბირჟაზე, არ ვიცი. მაგრამ 25%-მდე აქციების გაყიდვა პრობლემად არ მიმაჩნია.

25%-მდე აქციების პაკეტი მცირე პაკეტია და აქ დიდი საფრთხეები არ არის. ზოგადად, სტრატეგიულ ობიექტებში კონტროლის გადაცემა, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხის შემცველია და პოლიტიკური რისკები ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა 25%-მდე პაკეტს ეს ნაკლებად ეხება. ეს კომპანიის მუშაობის ბლოკირების საშუალებასაც არ იძლევა. რაღაც ტიპის გადაწყვეტილებაზე ალბათ მოახდენს გავლენას, მაგრამ სტრატეგიული რისკების შემცველი არა მგონია იყოს, თუნდაც ეს იყოს რუსული კომპანია.

ბუნებრივია, ჩვენთვის ბევრად უფრო სწორი იქნება ისეთი პარტნიორები გვყავდეს, რომელთანაც ამ დერეფანში განვითარების საერთო სტრატეგია გვაქვს, ჯერჯერობით ასეთია "სოკარი". ლოგიკურად, რუსული კომპანიები დაინტერესებული არ არიან ამ დერეფნის განვითარებით იმიტომ, რომ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, კონკურენტ მარშრუტებში აქვთ ინტერესი და შესაბამისად, უფრო საბოტირებას შეეცდებიან, ვიდრე ამ კორიდორის განვითარებას. "სოკარი" და ჩვენი ნავთობისა და გაზის სისტემა ერთიანი გეოპოლიტიკური სტრატეგიის სისტემაა და შესაბამისად, აქ ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება, ამიტომ თუ არჩევანი რუსულსა და აზერბაიჯანულს შორის უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული უნდა ავარჩიოთ.

სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი:

- ჩემი აზრით, ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის ზურგში ლახვრის ჩაცემა. ამ იდეის პატრონებს, იქნებ, ის მაინც გაეხსენებინათ, რომ ანალოგიური სურვილი სააკაშვილის ხელისუფლებასაც ჰქონდა და ვერ მოახერხეს, მაშინ იმარჯვა ჯანსაღმა აზრმა. ლაპარაკი იმაზე, რომ ლონდონში გაიტანენ აქციებს, თითქოს იქ კრემლი ხელს ვერ მიაწვდენს, ტყუილია და აჩნეს ეჭვს, რომ ვიღაცას კრემლის წინაშე ვალდებულება აქვს, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა სხვას ჩააბაროს.

დალოცვილიშვილებო, რატომ არ მოგივიდათ თავში, თუ ისე გიჭირთ, რომ სახელმწიფოს სიმდიდრე უნდა გაყიდოთ, ის სიმდიდრე, რომელსაც სხვაგან ვერ მოიპოვებთ და ღვთისგან არის ნაბოძები, მისი აქციები აქციონერული გზით საქართველოს მოქალაქებს შესთავაზოთ?! ეს სახელმწიფო საკუთრებაა და არა ახალბედა პოლიტიკოსების, ამიტომ მზად ვარ, ყველგან დავასაბუთო ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება პრემიერის და არცთუ წარმატებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ინიციატივისადმი, რომლის ფინანსთა მინისტრად გადაყვანა ჩემთვის გაუგებარია.

ეს რეტიანი წინადადება წარმოთქვეს, სააკაშვილ-ბენდუქიძის პირობებში და იმათაც კი შერცხვათ ამ ნაბიჯის გადადგმა. ლონდონის ბირჟაზე გიატანენ აქციებს, თუ იუპიტერის, კრემლს ხელი იქაც მიუწვდება.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)