"გაიმარჯვა მიშას გუნდმა" - რა გადაწყვიტა "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭომ? - კვირის პალიტრა

"გაიმარჯვა მიშას გუნდმა" - რა გადაწყვიტა "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭომ?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. ჯერჯერობით პარტიის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, პარტიის ერთ-ერთი წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ 25/24-ის წინააღმდეგ მოქმედი პარტიის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მოთხოვნამ გაიმარჯვა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია მრავალრიცხოვან ყრილობას ჩაატარებს. "25/24, ერთმა თავი შეიკავა, გაიმარჯვა მიშას გუნდმა", - წერს თაქთაქიშვილი.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტსაბჭოს სხდომა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. განსახილველ თემებს შორის იყო პარტიის მიერ დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს პარტიის ყრილობის ჩატარების საკითხი განიხილეს. პარტიაში აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მომხრე იყო ყრილობის ჩატარების 2158 დელეგატის მონაწილეობით და ახალი თავმჯდომარის არჩევის, ხოლო მეორე ნაწილი, მხარს უჭერს უფრო მასშტაბურ ყრილობას 7 000 დელეგატის მონაწილეობით. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიის თავმჯდომარედ სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილი უნდა დარჩეს.