"გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს" - კვირის პალიტრა

"გიგა ბოკერია დღემდე ფიქრობს, თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს"

ოთარ კახიძე: "სააკაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო,

პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა"

ყრილობა ორი ათასის ნაცვლად, შვიდი ათასი დელეგატის ჩართულობით ჩატარდება, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი კი დღის წესრიგიდან მოიხსნა - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის ორ ფლანგს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

გაგრძელდება თუ არა დაპირისპირება პარტიაში და რა გეგმა აქვს ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგს, "კვირის პალიტრის" კითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე პასუხობს:

- ბუნებრივია, პოლიტსაბჭოსგან მსგავს შედეგსაც ველოდი. ზოგადად, როდესაც კენჭისყრა დემოკრატიულად ტარდება, წინასწარ არასოდეს იცი, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს.

პოლიტსაბჭოზე საკითხი მარტივად დაისვა: როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის განვითარება, რადგან ფაქტია, რომ დღეს არაორდინარულ მდგომარეობაში ვართ. ლიდერები პოლიტიკური დევნილები არიან, მათი ნაწილი ციხეშია, ნაწილი - საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით ლოგიკურად დაისვა საკითხი: პარტია გახდეს სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ორგანიზაცია, აირჩიოს ახალი თავმჯდომარე და თბილისის ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი გახლდათ მხარდამჭერთა გაზრდისთვისაც.

- თქვენ, ანუ ე.წ. ბოკერიას ფლანგის წარმომადგენელი, ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობით პარტია ფუნქციონირებადი არ არის?

- სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს - ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობით მას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს და დღეს არც არის. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო, პარტიის თავმჯდომარის ადგილი დავით ბაქრაძეს დაეკავებინა. ამ საკითხზე გვქონდა ტაქტიკურ აზრთა სხვადასხვაობა და არა დაპირისპირება, როგორც ეს ზოგიერთმა შერაცხა.

- დაპირისპირება კამათის ფარგლებს ჯერ კიდევ მაშინ გასცდა, როდესაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "თვითგამოცხადებულ ხელმძღვანელებსა" და "სვეცკებს" პარტიიდან მისი დისტანცირება სურდათ. განსხვავებულად აფასებს პროცესს თქვენივე თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური და აღნიშნავს, რომ გარკვეულ ჯგუფს სააკაშვილის პარტიიდან გარიყვა სურდა. ფიქრობთ, ექსპრეზიდენტი დღეს პარტიისთვის პოლიტიკური ტვირთია?

- კამათი ზოგჯერ შეიძლება იყოს საკმაოდ მწვავეც, თუმცა ამ პროცესს განხეთქილებამდე არ მივუყვანივართ. ისინი, ვინც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ, დღემდე პარტიის წევრები არიან.

- როგორ წარმოგიდგენიათ იმ 25 კაცთან ერთად გუნდში ყოფნა, ვინც პოლიტსაბჭოზე მხარი არ დაგიჭირათ? მით უმეტეს, როდესაც თავად თქვით, რომ მათი ნაწილი მეორე ჯგუფის აშკარა შანტაჟზე გადავიდა - შეგახსენებთ, ნუგზარ წიკლაური ყრილობის ჩაშლითაც იმუქრებოდა.

- პარტიის დაშლა დღის წესრიგში არ დგას, არც რომელიმე ჯგუფი აპირებს "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყოს. მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გარიყვა არავის უცდია. საერთოდ, ლიდერს პოლიტიკური პარტიიდან ხელოვნურად ვერასოდეს გარიყავ, სააკაშვილის გადარჩევაზე რომ გვემსჯელა, ამის საფუძველი კიდევ იქნებოდა, თუმცა ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე გვქონდა საუბარი.

რაც შეეხება ყრილობის ბოიკოტირების მუქარას, საკითხის ასე დაყენებას ნამდვილად არ ვეთანხმები. თუმცა ეს მათი არჩევანია და საბოლოოდ წარმატებასაც მიაღწიეს. ვიმეორებ, დემოკრატიული პარტიები სწორედ ასეთ რეჟიმში მუშაობენ და არა ისე, როგორც "ქართულ ოცნებაში" ხდება, როდესაც ერთი პ[ირის ბრძანებას მთელი გუნდი მორჩილად ეთანხმება.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური კი ისევ აცხადებს, რომ პარტიის წევრთა ერთმა ნაწილმა სააკაშვილის გარიყვა სცადა.

- "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, ჩემი აზრით, არადემოკრატიულ პროცესს გვთავაზობდა, როდესაც ყრილობის ჩატარებას ორი ათასი დელეგატის ფარგლებში ცდილობდა. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება. მე და კიდევ არაერთ თანაგუნდელს საკითხის ასე დაყენება მიუღებლად მიგვაჩნია - მართალია, მიხეილ სააკაშვილს არა აქვს კანონიერად პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება, თუმცა ის სიმბოლურად უნდა დარჩენილიყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ. მსგავსი სურვილი ბოლო ოთხი წელია ივანიშვილს აქვს - არაერთხელ უთქვამთ ჩვენთვის, პროკურატურა მაშინ დაგანებებთ თავს, თუ სააკაშვილს პარტიიდან გარიყავთო.

- მიანიშნებთ, რომ გიგა ბოკერია ივანიშვილის მითითებებს ასრულებს?

- გიგა ბოკერიას ჰქონდა ჩემგან განსხვავებული პოზიცია და დღემდე ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პარტიიდან გაირიყება, პარტია ე. წ. შუაშისტ ამომრჩევლებს მოიზიდავს. მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობის" ელექტორალური თვითმკვლელობა იქნებოდა. მიხარია, რომ ჩვენმა პოზიციამ გაიმარჯვა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მორალურადაც გაუმართლებელი იქნებოდა პარტიიდან გაგვერიყა ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პარტია და რომელთანაც სწორედ ის ცხრა წელი ასოცირდება, რომელსაც მე წარმატების წლებად მივიჩნევ.

რუსუდან შელია