"ზოგ-ზოგიერთს ნუ გიტყდებათ ახალაიას გუნდს როცა გიწოდებენ" - ვინ ვის უპირისპირდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?! - კვირის პალიტრა

"ზოგ-ზოგიერთს ნუ გიტყდებათ ახალაიას გუნდს როცა გიწოდებენ" - ვინ ვის უპირისპირდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?!

"ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის,  ესეც ნათელია"

"პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი თანამოაზრეებით და მეორე მხარეს - ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი თანამოაზრეებით"

ბოლო დღეებია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარტიის შიგნით არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელებში არჩევენ. ერთ-ერთი ვინც შექმნილ პრობლემებზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა დეპუტატი ოთარ კახიძეა:

"მიშას მხარდამჭერებად იდენტიფიცირებული ჯგუფები ფეისბუქზე სვამენ საკითხს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის მომავალთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ერთ მხარეს არის ბაქრაძე-ბოკერიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და ენმ დეპუტაციის დიდი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეს დათა ახალაიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და რამდენიმე დეპუტატი.

ამგვარ პოზიციონირებას ამყარებს დათა ახალაიას ადვოკატის - ირაკლი ზაქარეიშვილის ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია იმის შესახებ, რომ მე და ჩემი კოლეგა დეპუტატები ვართ "ცუციკები", "ეფესბეს აგენტები" და "ივანიშვილთან შეკრული" ხალხი. საგულისხმოა, რომ მის ბრალდებებს არ გაემიჯნა პოლიტსაბჭოს ნაწილი, როცა ამაზე განცხადება იქნა მიღებული.

თან იგივე ჯგუფი ერთი-ერთში იმეორებს "ასავალ-დასავალის" სტილის ბრალდებებს ენმ-ს ლიდერების მიმართ - კორუფციაზე, 7 ნოემბერზე, მოლაშვილსა და ა.შ.

იგივე სურათია ენმ-ს სამეგრელოს დეპუტაციაზე (გუნავა, ქებურია, დამენია) თავდასხმების კუთხით, იქაც დათა ახალაიას ჯგუფი აქტიურობს.

მიშა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ვერ გახდება, რადგან კანონი ამას კრძალავს. შესაბამისად, ყრილობაზე დათა ახალაიას გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ჩაიბარებენ პარტიის მართვის სადავეებს, ხოლო თავმჯდომარის პოსტი დარჩება ვაკანტური.

"საინტერესო" პერსპექტივაა პარტიის განვითარების თვალსაზრისით", - დაწერა კახიძემ და მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი მოაყოლა:

"სერიოზული გამოხმაურება მოყოლია ჩემ სტატუსს ახალაიას ფლანგის ხსენებაზე.

"ჯერ მინდა აღვნიშნო, რომ მე არ შემიფასებია ახალაიების საქმიანობის სამართლებრივი მხარე და წარსულზე არ მისაუბრია, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც პირდაპირ იშვერენ ხელს ენმ-ს ლიდერების მიმართ, სამიზნედ ჰყავთ ამოღებული გიგი, გიგა და ვანო. ისეთ კითხვარებს ადგენენ, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტებს შეშურდებათ, წლებია, რაც ელისო კილაძე ვანოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა, ახალაიას ადვოკატი ამონტაჟებს ვიდეოებს, ცვლის სათაურებს და მაგრად წვალობს ჩემ წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად.

აქვე დავამატებ, რომ ახალაიები არაერთხელ საჯაროდ დამიცავს უმტკიცებულებო ბრალდებებისგან და ზოგადად, მგელი და ვაშლის თლა არ მაინტერესებს. მე ვსაუბრობ პარტიის შიგნით მიმდინარე, რეალურ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე.

ნუგზარი, აკო და ჩიორა რომ ახალაიას გუნდს წარმოადგენენ, ახალი ამბავი არ არის, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ახალაიას პოზიციაც მახსოვს და მისი გუნდის მხარდაჭერაც, ახალაიას ადვოკატის განცხადებებს რომ არ გაემიჯნენ და მას მერეც რომ განაგრძობს კამპანიას - ესეც ცხადია, გიგას, გიგის, კეზერას და ვანოს საწინააღმდეგო მესიჯებიც რომ ამ გუნდის მხარდამჭერებისგან მოდის - ესეც ნათელია.

ნუგზარ წიკლაურმა ღიად თქვა, რომ თურმე "რასკოლნიკების" ფრთას სურს მიშას გარიყვა, ამიტომ აქედანაც ღიად უნდა ითქვას სიმართლე - რომ კი, პარტიის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, ერთ მხარეს მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი თანამოაზრეებით და მეორე მხარეს - ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდი თანამოაზრეებით.

ჩვენი მიზანი არის არა მიშას გარიყვა და მისგან გამიჯვნა, არამედ პარტიის ლიდერშიფის სრულფასოვნად დაკომპლექტება, განვითარება და ივანიშვილის დამარცხება.

ახალაიას ფლანგის მიზანიც ხელისუფლების შეცვლაა, მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ამის გამო თავმჯდომარის პოსტის ხელუხლებლად შენახვა არის აუცილებელი და ცდილობენ ისე დაუხატონ მიშას ვითარება, რომ თითქოს სკამი თუ არ დარჩა ცარიელი და თავმჯდომარეს თუ ავირჩევთ - მიშა ვეღარ იქნება ლიდერი და გაირიყება.

ამ საკითხზე უნდა იყოს დისკუსია და არა იმაზე, კუნინგის ტილოზე რას ფიქრობს ბოკერია, როგორ გაურიგდა უგულავა ციხიდან ივანიშვილს, როგორ ტარდებოდა ტენდერები კეზერაშვილის დროს და არის თუ არა ბედუკაძე ვანოს აგენტი - ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის დასაძირად ასავალ-დასავალის უბინძურესი მეთოდების გამოყენება.

ჭორაობის ნაცვლად, ვიკამათოთ მთავარ საკითხზე - პარტიის წინსვლისთვის აუცილებელია თუ არა თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვება და არის თუ არა ამ სკამზე დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი და პოლიტიკური წონა?

და ბოლოს - ზოგ-ზოგიერთს ნუ გიტყდებათ ახალაიას გუნდს როცა გიწოდებენ... მე არ მიტყდება ადეიშვილის მოადგილე რომ ვიყავი, არც ბოკერიას გუნდელობის მრცხვენია და იმ 9 წელზე პასუხისმგებლობაც ყველას გვაქვს, კარგზეც და ცუდზეც, ზოგს მეტად და ზოგსაც ნაკლებად, მაგრამ მაინც ყველას.

იხილეთ ასევე: "ამ ყველაფრის მიღმა მთავარი საკითხი იმალებოდა - მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება