"თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ" - კვირის პალიტრა

"თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ"

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს.

Deutsche Welle-ს რუსულენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი მის მიზანს არ წარმოადგენს. მას სურს უკრაინაში პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლის პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე იყოს.

"ჩემთვის თანამდებობა არ არის თვითმიზანი. ჩემი მიზანია ვიყო იქ, სადაც ყველაზე მეტად შევძლებ უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ მის მიერ შექმნილი "ახალი ძალების მოძრაობა" მოიგებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ როგორც კი მის პოლიტიკურ ძალას რადაში "ძლიერი უმრავლესობა" ექნება, ის ნებისმიერ კანონს მიიღებს.

"ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და შევძლებთ იმპიჩმენტის გამოცხადებას", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"