"მიშა, ვიდრე არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს" - ვის ემუქრებიან "მანდატის თავზე დახევით" "ნაცმოძრაობაში"?! - კვირის პალიტრა

"მიშა, ვიდრე არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს" - ვის ემუქრებიან "მანდატის თავზე დახევით" "ნაცმოძრაობაში"?!

"არ ვემიჯნები არც "ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი"

ამ ორიოდე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე მეტად საინტერესო სტატუსი დაწერა: "ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა - მოღალატეო, ზოგმა - სიტყვის გამტეხიო, მანდატს თავზე დაგახევთო, მიშას შეუცვლელად თვლიდი, ახლა დაგავიწყდაო… მიშა და "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანად მიმაჩნდა 2015 წლის დასაწყისში (მიტრიალებენ ძველ პოსტსა თუ კომენტარს, ადრე ასე ფიქრობდი და ახლა დაგავიწყდაო)... და რა გინდათ, ამით რომ თქვათ? ამის მერე ხდება ისეთი მოვლენები, რამაც 2016 წლის არჩევნების შემდეგ მიმიყვანა აზრამდე, რომ მიშა უნდა დარჩეს ენმ-ს დამფუძნებლად (ისტორიაა, ამას ვერავინ შეცვლის), დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიულ სიმბოლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტად, მაგრამ, სანამ იგი არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. არ გამოდის სხვაგვარად პარტიის ფუნქციონირება: ინტრიგების, დაპირისპირებების მეტს არაფერს უწყობს ეს ხელს. გადაწყვეტს ყრილობა სხვანაირად? ანუ, მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? კი, ბატონო: მე, ალბათ, გავალ უკვე პარტიიდანაც...

ახლა კი გთხოვთ, ემოციები დაიოკეთ და უზრდელურ კომენტარებს ნუ დაწერთ. თუ ვერ იოკებთ, თავდასხმა გინდათ, არსად არ გავრბივარ. შეგიძლიათ მიპოვნოთ პარტიის ოფისში (ჯერჯერობით), ილიას უნივერსიტეტში, "დამიპადიეზდოთ".

სტატუსის მიხედვით, გაჩნდა ეჭვი, რომ ბატონი დავითი პარტიის შიგნით გვარიანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა პარტიის იმ ჯგუფისგან, რომელსაც კიდევ ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ "მიშას სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდი" უწოდა. სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ დავით დარჩიაშვილთან ინტერვიუ:

- ჩემზე არავითარი ზეწოლა არ ხდება. აქ არის აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა, იმაზე, თუ რატომ დასრულდა არჩევნები ისე, როგორც დასრულდა და იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ მომავალში.

თუ პარტიაში ისე წავიდა საქმე, რაც, ჩემი აზრით, პარტიის მომავლისათვის ნეგატიური იქნება. მაშინ შეიძლება, მე ჩემი ადგილი პარტიაში ვეღარ დავინახო.

- "ნაციონალური მოძრაობიდან" თუ წახვედით, პოლიტიკიდანაც წახვალთ, თუ შესაძლოა რომელიმე სხვა პარტიაში გიხილოთ?

- ეგ არ ვიცი ან რა საინტერესოა მაგაზე პასუხი?! მყავს თანამოაზრეები და ყრილობაზე, თუ ისე გადაწყდა საკითხი, რომ ამ თანამოაზრეებმა  პარტიაში საერთო ენა გამონახეს, მიუხედავად დაპირისპირებისა, მე ვიქნები ჩემი თანამოაზრეების გვერდით. თუ ეს არ მოხერხდა, რამე სხვა გზა აუცილებლად გამოჩნდება.

- როგორ წარმოგიდგენიათ "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გარეშე? მიიღებს ასეთი პარტია ამომრჩეველთა თუნდაც იმდენ ხმას, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულად უნდა მსჯელობდეს იმაზე, თუ რა მოხდა ოქტომბერში და ხელახლა უნდა დააკომპლექტოს ყველა მმართველი რგოლი, ბუნებრივია, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელის ვაკანტური პოსტიც. არ ვემიჯნები არც "ცხრა წელს" და არც მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არის ახალი რეალობა და ამ ახალ რეალობას სჭირდება ახალი პასუხი. იმას, თუ რა ფაქტორი როგორ მოქმედებდა, სჭირდება კვლევა. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად რამაც დაგვაზარალა წლევანდელ არჩევნებში და რის გამოც წავაგეთ 20%-ით, ეს იყო უსამართლობის შედეგი, რადგან არ იყო არჩევნები სამართლიანი, მაგრამ სრულიად სამართლიანიც რომ ყოფილიყო, ჩვენ 10%-ით მაინც წავაგებდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ვერ მოვახერხეთ ღიად გვეთქვა, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ვინ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა პრემიერი და სხვა. ამას როცა ვერ ან არ ამბობ, ამომრჩეველს უჩნდება ეჭვი, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ხარ.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი 2016 წლის არჩევნებზე და რომ არა ის, პარტია ხმების იმ რაოდენობასაც ვერ მიიღებდა, რაც მიიღო...

- არ ვიცი, რომელ ექსპერტებზე ლაპარაკობთ და ვინ რა კვლევა ჩაატარა. ჩემთვის ერთი რამეა ცხადი, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, დაგვერწმუნებინა საზოგადოების უმრავლესობა, რომ ხმა მიეცა ჩვენი პარტიისათვის, შესაბამისად, თუ ჩვენ ახალი ნაბიჯები არ გადავდგით, მეეჭვება მომავალ არჩევნებში რამე შანსი გვქონდეს.

- დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა", ყველაზე მეტად თქვენს ოპონენტებს აწყობთ და ამ გარემოების გამო ხომ არ წახვალთ კომპრომისზე?

- "ქართული ოცნების" ინტერესებში შედის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს სუსტი, ჩამოუყალიბებელი, შიდა კონფლიქტებით დახუნძლული და ა.შ. აი, ეს არ მინდა მე და სწორედ ამიტომ ვითხოვ ნათელ პასუხებს მთელ რიგ საკითხებზე. რეალურად, რაც დღეს ჩვენს პარტიაში ხდება, შედის "ქართული ოცნების" ინტერესებში.

- ოთო კახიძის თქმით, პარტიაში განახლების მოწინააღმდეგე სააკაშვილის სახელს ამოფარებული ახალაიას გუნდია...

- ამაზე ჩემი შეხედულება მაქვს, მაგრამ მირჩევნია ეს ყველაფერი ითქვას ყრილობაზე, სადაც იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხედულებები შეჯერდება და გამოინახება საერთო ენა, თუ ასე არ მოხდა, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პარტიაში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)