"ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა" - კვირის პალიტრა

"ვერ დავადასტურებ, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა"

რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შემოსავლების მობილიზაციის გეგმების შესახებ ილაპარაკა. მის განცხადებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

მთავრობის სამომავლო გეგმებმა პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში კრიტიკა დაიმსახურა.

მოგვიანებით კვირიკაშვილი შემოსავლების მობილიზაციის გეგმაზე მთავრობაში ერთიანი პოზიციის არქონასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა. პრემიერმა ამ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და აბსურდული უწოდა.

”მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ მთავრობის შემოსავლების მობილიზაციის გეგმა, რომელიც ასახულია 2017 წლის ბიუჯეტში, შემუშავებულია მთელი სამთავრობო გუნდის მიერ - ეს არის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის განსახორციელებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეს არის მთელი სახელისუფლებო გუნდის შეთანხმებული პოზიცია, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების სწრაფად დაძლევასა და მომავალ განვითარებას ემსახურება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ გეგმის განხორციელებაზე. მიუხედავად მცდელობისა, ვერავინ შეძლებს ხელი შეგვიშალოს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ არის მიმართული. რაც მთავარია, საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს ესმით, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს, რომელიც დღეს შეიძლება ბევრისთვის მარტივი არ იყოს, აუცილებლად მოჰყვება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და უკეთესი მომავალი”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ადასტურებს, რომ გუნდში რაიმე უთანხმოებაა.

კითხვაზე, ვის გულიხმობს პრემიერ-მინისტრი, როცა ის იმის შესახებ საუბრობს, რომ ვერავინ შესძლებს შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში, კილაძემ განაცხადა, რომ “უპრიანია, ამის შესახებ თავად პრემიერს ვკითხოთ“.

კრიტიკა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ისმის, არახალია - დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ასეც უნდა იყოს და ასეც არის. რაც შეეხება გუნდში უთანხმოებას, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. პრემიერ-მინისტრმა სწორად ბრძანა, რომ ჩვენ 4-პუნქტიან გეგმას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. იმ მიზნებს, რომელიც დავისახეთ და დავპირდით ხალხს, შევასრულებთ“, - აღნიშნა კილაძემ.

"ინტერპრესნიუსი"