"ევროპარლამენტი "შეჩერების მექანიზმზე" შეჯერდა, რაც იმას გულისხმობს, რომ უდიდესი ალბათობით საახალწლოდ ვიზა-ლიბერირებულნი ვიქნებით" - კვირის პალიტრა

"ევროპარლამენტი "შეჩერების მექანიზმზე" შეჯერდა, რაც იმას გულისხმობს, რომ უდიდესი ალბათობით საახალწლოდ ვიზა-ლიბერირებულნი ვიქნებით"

ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივ მოლაპარაკებაზე ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ შეთანხმდნენ.

ამის შესახებ სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა, კატი პირმა დაწერა.

ასე რომ, შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისა და უკრაინელებისთვის“, - წერს კატი პირი.

ამ დრომდე სწორედ ამ მექანიზმის არარსებობა უშლიდა ხელს ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას. შეჩერების მექანიზმი ევროპას სჭირდება იმისათვის, რათა ვიზების ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, თუ კონკრეტული ქვეყნიდან გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, უვიზო რეჟიმი შეწყდება მარტივი პროცედურებით.

როგორც 2030.news-ს საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ განუცხადა, შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი განიხილეს ევროკავშირის ელჩებმა, რომელიც პარლამენტს წარუდგინეს.

მისი თქმით, კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით დავა ძირითადად ერთ პუნქტზე მიდიოდა, თუ რამდენი ხნით ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი წევრი სახელმწიფოების მიერ პარლამენტის ჩართვის გარეშე.

"შეთანხმება მიღწეულია, რომ 9 თვის განმავლობაში შეუძლიათ შეჩერება. თუ ცხრა თვის შემდეგ კვლავ გაგრძელდა უვიზო რეჟიმი, მაშინ უკვე პარლამენტიც ჩაერთვება. კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა გულისხმობდა ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის შეთანხმებას. ამ საკითხს საბჭო განიხილავდა ელჩების კონფიგურაციით, ხოლო პარლამენტი მომხსენებლის სახით იყო წარმოდგენილი და ამ ორ მხარეს შორის მიღწეულია შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც საბჭომ წარადგინა, ევროპარლამენტის მხრიდან წინააღმდეგობა მოიხსნა”,- განაცხადა საბანაძემ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საბჭოს მიერ წარდგენილ ვარიანტს პარლამენტი განიხილავს, შემდეგ კვლავ ელჩებს დაუბრუნდებათ უკან, რომლებმაც ხელმეორედ უნდა დაადასტურონ შეთანხმება და ამ დროისთვის გაირკვევა საბჭოსა და პარლამენტის საბოლოო პასუხიც. ხვალ კი უკვე კომიტეტი განიხილავს და ალბათ დაადასტურებს.

„შემდეგ უკვე საკითხი პლენარულ სხდომაზე უნდა გაიტანონ. თუ მოესწრება, შეიძლება უკვე მომავალ კვირას გავიდეს, თუ არადა - შემდეგ პლენარულ სხდომაზე“,- აღნიშნა ნატალია საბანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ახალი წლიდან ამოქმედდება.

მისი თქმით, პრაქტიკულად შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტმა კენჭი უყაროს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.

ჩვენმა მეგობრებმა ევროპარლამენტიდან გვაცნობეს, რომ როგორც ჩანს შეთანხმება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია. პრაქტიკულად, შესაძლებელია ისიც, რომ უკვე შემდეგ სხდომაზე მომავალ კვირაში ევროპარლამენტში კენჭისყრაც შედგეს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ეს მექანიზმი უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაირთვება ახალი წლიდან. კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ - უახლოეს მომავალში. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება საბოლოოდ ყოფილიყო მიღებული”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეჩერების მექანიზმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას "ფეისბუკში" პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია გამოეხმაურა.

"კარგი სიახლე. ევროპარლამენტი "შეჩერების მექანიზმზე" შეჯერდა რაც იმას გულისხმობს, რომ უდიდესი ალბათობით თვის ბოლომდე, საახალწლოდ ვიზა-ლიბერირებულნი ვიქნებით. იმედია პროცესი აღარ გაჯანჯლდება. მადლობელი ვარ ყველას მიმართ, ვინც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა ამ გზაზე, მათ შორის არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა დასავლეთ და განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. ისინი ჩვენს მხარეს არიან.

იმედია მალე შევძლებ ამ თემაზე საბოლოოდ მოგწეროთ: "გილოცავთ!", - წერს გრიგოლ გეგელია. (წყარო)