"გავიგე, ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და პასუხი გექნებათ გასაცემი" - "ნაცმოძრაობაში" "ფეისბუკბრძოლა" გრძელდება - კვირის პალიტრა

"გავიგე, ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და პასუხი გექნებათ გასაცემი" - "ნაცმოძრაობაში" "ფეისბუკბრძოლა" გრძელდება

"ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს მიშა თუ ბოკერია"

"სრულიად აშკარაა, რომ მეგის ქარდავას ასე უცბად და ხელოვნურად გააქტიურებული თემა მიზანმიმართულად უკავშირდება სააკაშვილის დისკრედიტირების დიდ სურვილს"

"მთავარია, გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ეთიკის ხალხი ცდილობს ენმ-ის მართვის ხელში ჩაგდებას"

"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით "ფეისბუკბრძოლა" მართლაც რომ სახიფათო მასშტაბს იღებს. მას შემდეგ, რაც ამ პარტიის დეპუტატმა ოთარ კახიძემ ასევე "ფეისბუკში" დაწერა, რომ გიგა ბოკერიას გუნდს სააკაშვილის სახელს ამოფარებული ახალაიების ჯგუფი უპირისპირდება, შეიძლება ითქვას, რომ "ბრჭყალები" გაიხსნა და მათ მედიისთვის მიცემულ კომენტარებსა თუ "ფბსტატუსებში" ქვეტექსტების ძებნა საჭირო აღარ არის - ღიად გადავიდნენ ერთმანეთის ლანძღვა-გინებასა და მუქარაზე.

(იხილეთ ასევე: "მიშა, ვიდრე არ ჩამოვა, პარტიის შიდა მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს" - ვის ემუქრებიან "მანდატის თავზე დახევით" "ნაცმოძრაობაში"?!)

"ეს წერილი დამხვდა წუხელ ინბოქსში, ანალიზი თქვენთვის მომინდია. გამახსენდა, ერთი ქალბატონი გვემუქრებოდა მე გუნავას და დამენიას ასათესი გექნებათ არამარტო ზუგდიდიდან არამედ საქართველოდანო, აი თურმე რატომ", - ამ წარწერით გამოაქვეყნა მესენჯერში მისული შეტყობინების სქრინი დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ლელა ქებურიამ, რომელსაც ვინმე ნიკა ლოგუა შემდეგი შინაარსის წერილს სწერდა:

"ქალბატონო ლელა, რაღაც-რაღაცები გავიგე და მოვუყევი კიდეც მეგისის და კარგს არ მოგიტანთ ეს, პირადად გპირდებით, მე მეგისის გაზრდილი ვარ, ჩემი დეიდაშვილია. მოკითხვა შემოგითვალათ ისე, რომ იცოდეთ და პასუხი გექნებათ გასაცემი... ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს მიშა თუ ბოკერია, მეგის ქარდავას და ახალაიებს გაუმარჯოს... გავიგე, თურმე ახალაიების და მეგისის დაბრუნება არ გინდათ, მაგრამ დაბრუნდებიან და პასუხი გექნებათ გასაცემი. ჭკვიანად იყავით, ჭკვიანად რა", - სწერს ნიკა ლოგუა ლელა ქებურიას.

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ახალაიებისა და მეგის ქარდავას გულშემატკივრები ქებურიას მატყუარას ეძახდნენ და საკუთარი თავისთვის მუქარის წერილის გაგზავნას აბრალებდნენ.

მათი მოწინააღმდეგეები კი ქებურიას იცავდნენ, მათ შორის დეპუტატები: ელენე ხოშტარია და ოთარ კახიძე, რომელიც, როგორც ამ მიწერ-მოწერიდან ჩანს, ასევე გამხდარან მუქარის ადრესატები.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას აბრალებდნენ.

მაია ორჯონიკიძე:

"ივანიშვილის სუს-ის აგენტს, ვინმე ნიკა ლოგუას რომ გამოიყენებ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირო და თავად ამ დროს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის კვოტით ზიხარ პარლამენტში - ეს ისეთი საოცრებაა, რომ ალბათ პრეცედენტი არ მოეპოვება მსოფლიოში და ვინც ეს ყველაფერი დადგა და საკუთარ ინტერესებში იყენებს - ივანიშვილზე ბევრად უარესია, რადგან ღალატი მტრობაზე ბევრად ამორალურია.

სრულიად აშკარაა, რომ მეგის ქარდავას ასე უცბად და ხელოვნურად გააქტიურებული თემა მიზანმიმართულად უკავშირდება სააკაშვილის დისკრედიტირების დიდ სურვილს. და ვინ უფრო ახლოსაა მეგის ქარდავასთან - მისი უშუალო უფროსი თენგიზ გუნავა თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი? და მეგისთან რაიმენაირი კავშირი თუ პიროვნების ავტომატურ დისკრედიტაციას გულისხმობს - მაშინ გამოდის მისი უშუალო უფროსი,თენგიზ გუნავაა უპირველესყოვლისა დიკრედიტირებული, ასე არაა?

თუ მხოლოდ იმიტომ, რომ გუნავა ახლანდელი "გამიჯნულების" გუნდის წევრია - მხოლოდ ამიტომ უნდა გადაახტეთ, არ შეიმჩნიოთ და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტს მიახტეთ?

საერთოდ რას სჩადიხართ ისინი, ვინც ეს თამაშები წამოიწყეთ - აცნობიერებთ?

აცნობიერებთ, რომ ამ უმსგავსი პროვოკაციიდან შეიძლება ბევრად უფრო დიდი საფრთხის შემცველი შედეგი დადგეს ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც ნაციონალების პარტიის შიდა ომია?!

ვის თამაშს თამაშობთ, რა დროს ესაა, როდესაც აგერაა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში? თუ ისე დაგიბნელათ მიშა სააკაშვილის სიძულვილმა ყველას გონება, რომ ივანიშვილი თქვენთვის აღარ წარმოადგენს არც საშიშროებას და არც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს?!

ნუ მოგწონთ მიშა, არავინ გავალდებულებთ, მაგრამ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და მსგავს პროვოკაციებზე წამოგებას არ სჯობია-უბრალოდ პოლიციას მიმართოთ, რათა დაისაჯოს პროვოკატორი, რომელსაც, როგორც ჩანს, მშვენივრად იყენებს არა მხოლოდ არსებული რეჟიმი, არამედ ისინიც - ვინც აგერ უკვე ორი თვეა - ღიად ეომებიან უკრაინაში მყოფ სააკაშვილს! იცოდეთ,რომ პასუხისმგებელნი ხართ უკლებლივ ყველა, ვინც ამ ცეცხლს ეთამაშებით!

და თუ ამ ყველაფერს რაიმე ცუდი შედეგი მოყვება - ვერცერთი ვერ აიცილებთ პასუხისმგებლობას, ვერც ერთი"!

გავრცლებულ მუქარას ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი: "აღიარა მეგის ქარდავას ჯიგიტმა, მე ვიყავი - ოღონდ მთვრალი ვიყავიო.

რასაკვირველია, იმ საზიზღარი პერსონაჟებისგან, ვინც ამტკიცებდა, რომ ლელა ქებურიამ თავად "მოუწყო" საკუთარ თავს მუქარა, ბოდიშის მოხდასაც არ ველი.

მთავარია, გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ეთიკის ხალხი ცდილობს ენმ-ის მართვის ხელში ჩაგდებას",- წერს ჩერგოლეიშვილი.