"ზურა ნახევრად ხუმრობით ამბობდა, ცხოველთა ქცევის გამოცდილება ძალიან მეხმარება პარლამენტის მართვაშიო" - კვირის პალიტრა

"ზურა ნახევრად ხუმრობით ამბობდა, ცხოველთა ქცევის გამოცდილება ძალიან მეხმარება პარლამენტის მართვაშიო"

ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 53 წლის გახდებოდა. ქართული პარლამენტარიზმისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში მისი ღვაწლი ძალიან დიდია. ბატონ ზურას მისი მეგობარი იხსენებს.

დავით გუგუშვილი, ზურაბ ჟვანიას ფონდის გამგეობის თავმჯდომარე:

- ბიოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, ორივემ ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა დავამთავრეთ.

ეთოლოგია (ცხოველთა ქცევის შემსწავლელი მეცნიერება) საბჭოთა კავშირის პერიოდში აღიარებული არ იყო, რადგან დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგებოდა, ამ დარგში მეცნიერული კარიერა კი თითქმის წარმოუდგენელი პერსპექტივა გახლდათ. მიუხედავად ამისა, ზურამ, ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტმა, ჩვენს უნივერსიტეტში საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი სტუდენტური და ასევე, პირველი ოფიციალური, ეთოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შექმნა. მოგვიანებით, ის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და მახსოვს, ნახევრად ხუმრობით თქვა, ცხოველთა ქცევის გამოცდილება ძალიან მეხმარება პარლამენტის მართვაშიო. ზურას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა, რითაც უსიამოვნო და უხერხულ სიტუაციაშიც კი შეეძლო კეთილგანწყობის შექმნა. ის იყო უაღრესად აქტიური და სულ მაღლა უწევდა თამასას საკუთარ თავს - სადაც მეტი სირთულე ეგულებოდა, იქ მიდიოდა... ჯერ კიდევ 80-იანი წლების დასაწყისში, როცა რელიგიური ცხოვრება იზღუდებოდა, ეკლესიურად ცხოვრობდა, მოძღვარი ჰყავდა, მარხვას იცავდა, საეკლესიო ლიტერატურას კითხულობდა.

...რაც შეეხება სიცოცხლის ბოლო პერიოდს, განსაკუთრებით დატვირთული იყო. თუმცა მაინც გამონახა დრო და სამეგობრო შეგვკრიბა. იმ დღეს ძალიან ხალისიანი მოგვეჩვენა. მოგვეფერა, უამრავი რამ გაიხსენა, თითქოს მთელ ცხოვრებას გადაავლო თვალი... ერთმა ჩვენგანმა ხუმრობით ჰკითხა, პრემიერ-მინისტრი კაცი შენს ძმაკაცებს არაფერს გვიწილადებო? თქვენთვის, ძმებო, თითო ტომარა მადლი და თითო ტომარა ნისლი მაქვს დასარიგებელიო, - უპასუხა ზურამ, ოთხი დღის თავზე კი ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაიღუპა... გაოგნებულები დავრჩით.

მან მართლაც დაგვიტოვა მადლიც და მისი საიდუმლოებით მოცული გარდაცვალებით ჩამომდგარი ნისლიც, რომელიც იმედია, მალე გაიფანტება.

იხილეთ სრულად