"რუსებს სურთ, ჩვენი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა შესაძლებელი გახადონ" - აფხაზეთში საპროტესტო განწყობა იზრდება - კვირის პალიტრა

"რუსებს სურთ, ჩვენი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა შესაძლებელი გახადონ" - აფხაზეთში საპროტესტო განწყობა იზრდება

"კიდევ რამდენ თაობას უნდა ეწოდოს დაკარგული თაობა?! - შიდსი, ჰეპატიტი, ნარკომანია, კრიმინალი, ყაჩაღობა, - აი ეს არის, ჩვენი ახალგაზრდობის ყოველდღიურობა და შეუძლებელია ამის ატანა"

ოპოზიციის მასშტაბური მიტინგი სოხუმში, 15 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას რამდენიმედღიანი დაკავება სოჭში. მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია და სხვა ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ მზად იყო.

ოპოზიციონერთა შეკრებისთანავე, შეიკრიბნენ ხაჯიმბას მომხრეებიც. მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ვითარების განსამუხტად, აქციის წევრებს სიტყვით მიმართა ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ და აღნიშნა, რომ: "აფხაზი აფხაზს ტყვიას არასდროს ესვრის. და თუ ეს მოხდა, აუცილებლად ყველა დავმარცხდებით".

აქციას ასლან ბჟანიას მომხრეებისთვის უშედეგოდ არ ჩაუვლია, - დრამატული თეატრის წინ მიმდინარე მიტინგის კვალდაკვალ, ოპოზიციის ლიდერები დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას ხვდებოდნენ. რამდენიმესაათიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ გაირკვა, რომ ოპოზიციის ორ ლიდერს ვიცეპრემიერისა და გენერალური პროკურორის თანამდებობები, დანარჩენებს კი პოსტები საკონსტიტუციო სასამართლოში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეთავაზეს...

ასევე გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში უნდა შეიმუშაონ კანონ-პროექტი იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერის დანიშვნა ან დათხოვნა.

მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები აღნიშნული შედეგით დასრულდა, ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადეს და აქცია დაიშალა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი პრეზიდენტისთვის მთავარი ამოცანა იყო პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების თავიდან არიდება. ოპოზიციის დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემაც აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომლის დროსაც პუტინმა განაცხადა: "თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან, შესაძლოა, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს"! რაც პირდაპირ მინიშნება იყო იმაზე, რომ აფხაზების კრიტიკული პოზიციით კრემლი უკმაყოფილიოა. სწორედ პუტინის განცხადებიდან მეორე დღეს დააკავეს რუსმა სამართალდამცავებმა აფხაზური ოპოზიცის ერთ-ერთი  ლიდერი ბჟანია, თუმცა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის შემდეგ გაათავისუფლეს.

ოპოზიციის წევრები და ლიდერების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ხაჯიმბამ არსებული დაპისპირება მხოლოდ დროებით განმუხტა.

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ აფხაზეთმა "სახელმწიფოებრიობის" იმ მცირე ელემენტებიც დაკარგა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააჩნდა. მათივე თქმით, გასაგებია, რომ რუსეთი მის მიერ დანიშნული ხაჯიმბას მოხსნის უფლებას არავის მისცემს, ამიტომაც ბოლო შანსი რჩებათ, - დაანახონ ხალხი ძალა.

ლუდმილა წვიჟბა:

- რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ ურთიერთობას "ძმური" უწოდა და იქვე ბოლო დროს, შემუშავებული ხელშეკრულებაც გაიხსენა, თუმცა, ორივე პრეზიდენტმა რატომღაც ეს ისე ახსენეს, თითქოს აფხაზეთის მოსახლეობა ამას ზარ-ზეიმით შეხვდა. პროტესტი, რომელიც მაშინ დაიწყო, ახლაც გრძელდება და იმ პროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს... ვითომ ტურისტული სახელმწიფოს შექმნაზე ვოცნებობდით, მაგრამ ამასობაში აფხაზეთი სამხედრო რეგიონად ჩამოყალიბდა. ჩვენ კი, მხოლოდ ვწერთ და ვლაპარაკობთ... დინებას მივყვებით, საკუთარი პოზიცია არ გვაქვს არც ერთ საკითხში. ჩვენ ვიცით, რა ბედი ეწიათ მოძმე კავკასიელებს, რომლებმაც საკვანძო საკითხში ერთიანობას ვერ მიაღწიეს, საუბარი მაქვს ჩეჩნეთსა და დაღესტანზე, სადაც მუდმივად ხდება ლოკალური აფეთქებები, მაგრამ არაფერი იცვლება... მათთან როგორც მენტალურად, ისე სხვა მხრივაც ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, კავკასიელ ხალხთან გაერთიანებაზე?!

მარინა აგრბა:

- ძალიან სასაცილოდ იქცევა ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია თურმე ამერიკისგან იმართება. ყველანაირად ცდილობენ, ბჟანიას დაკავება გადაფარონ, რადგან იციან, რომ მის სახლთან, ტამიშში დაწყებული აქციების გამოძახილია 15 დეკემბრის აქცია და სულ მალე ეს ყველაფერი ფართომასშტაბიანი გახდება. არ გვინდა დაპირისპირება, მაგრამ ჩვენი სიმშვიდისა და მოთმინების ხარჯზე რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობა არ უნდა ეწყობოდეს.

კიდევ რამდენ თაობას უნდა ეწოდოს დაკარგული თაობა?! - შიდსი, ჰეპატიტი, ნარკომანია, კრიმინალი, ყაჩაღობა, - აი ეს არის, ჩვენი ახალგაზრდობის ყოველდღიურობა და შეუძლებელია ამის ატანა.

ფელიქს თარბა, სოხუმელი აფხაზი:

- რუსეთის შენიშვნები და მითითებები, ემსახურება ერთ მიზანს, - რუსებს სურთ, ჩვენმა ხელისუფლებამ უძრავის ქონების - ჩვენი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა დაუშვას. ეს ერთადერთია, რასაც ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია, - ერთობლივი სამხედრო დაჯგუფება შექმნილი, საზღვარიც ერთობლივად კონტროლდება, ეკონომიკა მათ ხელშია...

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვახტანგ ყოლბაია. მისი თქმით, ხაჯიმბას დე ფაქტო მმართველობა, რუსეთთან ერთად ცდილობს, აფხაზეთის, მათ შორის, გალის მოსახლეობას ენგურს აქეთ გადმოსვლა შეუზღუდოს.

- გალის ე.წ. ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ენგურის ხიდზე, 6 ნაცვლად, ორი გადასასვლელი დარჩეს. - ერთი დაბალ ზონაში, ხოლო, მეორე - მაღალში. ფიჩორში არის პატარა სოფელი, ნაკარღალი, საიდანაც ბავშვები ზუგდიდში, განმუხურის სკოლაში დადიოდნენ. ბოლო დროს, უამრავი ბარიერი შეუქმნეს, - აკავებდნენ მათ მშობლებს და იზოლატორში გადაჰყავდათ, რის შემდეგაც მათ ჯარიმის გადახდა უწევდათ. ბოლოს და ბოლოს მშობლები იძულებული გახდნენ, ფიჩორის სკოლაში შეეყვანათ შვილები, სადაც ქართული ენის სწავლება აკრძალულია... მოგეხსენებათ, რომ იქიდან ხშირად გადმოჰყავთ ავადმყოფები. რუსულ-აფხაზური გეგმა ემსახურება იმას, რომ ორი ე.წ. გამშვები საკონტროლო პუნქტი შექმნის რიგებს და საცობს. ავადმყოფის შეყოვნების შემთხვევაში კი, მისი პატრონი იძულებული გახდება რუსეთს მიაშუროს... გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება უკვე შექმნეს, ახლა მიწის საკითხს უკირკიტებენ... წლებია ამის მისაღწევად სხვადასხვა მეთოდებით იბრძვის, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გახდნენ... იმედი მაქვს, აფხაზები ასე ადვილად არ დათმობენ პოზიციებს, მით უფრო, რომ რუსეთის მიმართ უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება...

ამას წინათ, თოდუას კლინიკაში მყოფი აფხაზი მოვინახულე, რომელიც აქ მკურნალობის კურსს გადიოდა. მან ღიად ისაუბრა იქ შექმნილ პრობლემებზე, რუსეთის წნეხზე და ბოლოს მითხრა, - მზად ვარ, ქართულ პრესას ინტერვიუ მივცე, იქ არსებულ ვითარებასა და აქაურ დამოკიდებულებაზეო. ეს არის პირველი შემთხვევა, რომ აფხაზმა ქართულ პრესაში ღიად ლაპარაკი გადაწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ რაღაცებს "სხვანაირად" შეხედეს... ასე რომ, შეიძლება აქედან არ ჩანს, მაგრამ იქ ახლა პროტესტის ტაღლა საკმაოდ ძლიერია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)