"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - მაკკეინის საქართველოში ვიზიტის დეტალები - კვირის პალიტრა

"თუ ერთად არ ვიდგებით, პუტინის აგრესია გაგრძელდება" - მაკკეინის საქართველოში ვიზიტის დეტალები

ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი საქართველოში 2017 წლის 1 იანვარს ჩამოვიდა.

ვიზიტის პირველ დღეს ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა.

გარდა ამისა, გუშინ ჯონ მაკკეინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა.

ამერიკელმა სენატორმა ჟურნალისტებთან კომენტარებიც გააკეთა. მისი განცხადებით, აშშ-ს კონგრესი და სენატი გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ კუთხით არსებული პოლიტიკა არ შეიცვლება.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი და ადმინისტრაცია გააგრძელებენ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მხარდაჭერას. კონგრესისა და სენატის პოზიცია არ შეიცვლება. კვლავ ვიმუშავებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, გაგრძელდეს ქართული ჯარის წვრთნები. ჩემი გზავნილია ის, რომ ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, მათი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ თუ ერთად არ ვიდგებით ვლადიმერ პუტინის აგრესია გაგრძელდება“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ჯონ მაკკეინის გარდა საქართველოს სხვა სენატორები, ლინდსი გრაჰამი და ემი კლობუჩარი სტუმრობენ.

დღეს მაკკეინი უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს და აუდიენციას ქვეყნის პირველ პირ, გიორგი მარგველაშვილთან გამართავს.

დღესვე დაგეგმილია კრწანისის სასწავლო ცენტრში მისვლა და ცენტრის დათვალიერება, რის შემდეგაც ამერიკელი სენატორი თბილისს დატოვებს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით