გიგი უგულავა თავისუფალია - კვირის პალიტრა

გიგი უგულავა თავისუფალია

გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ. (ვიდეო)

როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა. იმის გამო, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

"მინდა ყველას მივესალმო. პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ უკლებლივ ყველა ჩვენს პოლიტიკურ პატიმარს, ვინც რჩება ამ ციხეში, რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის და სხვისი პარტიის, ჩვენი ფლანგის და სხვისი ფლანგის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ერთობლივი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოილიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი იქნება უმრავლესობა და მთავრობა. თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური და სხვა პრობლემები, რაც მოსახლეობას აწევს, ამისთვის აუცილებელი პირველი ნანიჯია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაზე ადვილად შეუძლია მთავრობას და ხელისუფლებას თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით ის შეძლებს მთლიანად გადაშალოს ფურცელი და გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა", - განაცხადა უგულავამ საპატიმრო დაწესებულების დატოვებისას.

იხილეთ ასევე: "უგულავას გამოშვებას და მისი ხელით "ნაცმოძრაობის" უფრო სწრაფ დაშლას გეგმავენ" - უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად?!