"რასაკვირველია, მთელი ცხოვრება ციხეში ვერ იჯდებოდა" - როგორ ეხმაურებიან უმრავლესობის წევრები უგულავას გათავისუფლებას - კვირის პალიტრა

"რასაკვირველია, მთელი ცხოვრება ციხეში ვერ იჯდებოდა" - როგორ ეხმაურებიან უმრავლესობის წევრები უგულავას გათავისუფლებას

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 იანვარს დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა. იმის გამო, რომ „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება გუშინ დატოვა.

საპატიმროდან გამოსულმა უგულავამ სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. (იხილეთ: "ეს ყველაფერი ძალიან სამარცხვინო და სასაცილო საყურებელია" - რატომ გეგმავს უგულავა სააკაშვილთან შეხვედრას?!)

გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ:

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"არა მგონია, ბარიერს იქეთ ან აქეთ მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არ იყოს დამნაშავე თუნდაც ირიბად იმ ოჯახების გაუბედურებაში, რომლებიც არაერთი გვყავს საქართველოში. ბიზნესმენებს აღარ ჩამოვთვლი და წართმეულ და წაგლეჯილ ქონებას. რასაკვირველია, მთელი ცხოვრება ციხეში ვერ იჯდებოდა. ამნისტიაც შეეხო, რომელიც ჩვენი კანონით არის გარანტირებული ამ მუხლისთვის, რომელსაც ექვემდებარება მისი დანაშაული, მაგრამ ეს ყველაფერი წუთიერია, ძალიან მოკლე პერიოდია საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრება ნებისმიერი ადამიანისთვის".

ეკა ბესელია, პარლამენტი წევრი:

"მე არ ვთვლი, რომ ის პოლიტპატიმარია, თუმცა ყველა კითხვა, რომელიც კი შეიძლება იყოს და გაჩნდეს გათავისუფლების, ან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უნდა იყოს სასამართლოსთან. გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ქართულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, მან გარკვეული სასჯელი მოიხადა, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული ეპიზოდები არის დარჩენილი. სამოხელეო დანაშაულისთვის მას მსჯავრი დაედო, ხოლო სასამართლომ კვალიფიკაცია შეცვალა, მე სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ, რადგან არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელითაც ის არ გამართლებულა. მას სასაჯელი, რაც ჰქონდა განაჩენით დადგენილი, შეუმცირდა, თუმცა სამოხელეო დანაშაულში ის დამნაშავედ ცნეს. სხვა საქმეებზე ვერ გეტყვით, რომლებზეც სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს“.

აკაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:

"...წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. გიგი უგულავამ თვითონ აღიარა დანაშაული. თქვა, რომ სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა. სხვა კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ საერთოდ ჰუმანური თვალსაზრისით ადამიანი ციხიდან რომ გამოდის, მისასალმებელია, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ მის მოსაზრებას, რომ პოლიტპატიმარი გახდა, ჩემი აზრით, ეს საფუძველს მოკლებულია“.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით