"ერთ მხარეს - პოლიტელიტა უგულავა-ბოკერიას სახით, მეორე მხარეს - სააკაშვილის მრევლი" - ვის დარჩება "ნაცმოძრაობის" მზითვი და ჩიხტიკოპი?! - კვირის პალიტრა

"ერთ მხარეს - პოლიტელიტა უგულავა-ბოკერიას სახით, მეორე მხარეს - სააკაშვილის მრევლი" - ვის დარჩება "ნაცმოძრაობის" მზითვი და ჩიხტიკოპი?!

"იმ ფრთის პერსპექტივა, რომელსაც ბელადი სააკაშვილი მართავს პრაქტიკულად ნულის ტოლია"

"ის ციხიდან არ გამოსულა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გამოვიდა ახალი პარტიის წევრი"

ბოლო პერიოდში აქტიურ ფაზაში შევიდა დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის. პარტიის წევრთა ნაწილი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის მზადებას აანონსებს, სამომავლო გეგმებზე კი როგორც ისინი აცხადებენ, 20 იანვარს ჩანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრებენ. აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმას აპირებს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავაც, რომელმაც ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები პარტიას უახლოეს პერიოდში დატოვებენ.

"ნაცმოძრაობის" ე.წ. სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლის, ნიკა მელიას თქმით, უგულავა, რომელიც ციხიდან გამოსვლის დღესვე შერიგების შესაძლებლობაზე ლაპარაკობდა, ცრუობს: "უგულავა რომელი შემრიგებელი იყო, რომელიც დღეს იძახის, რომ პარტია დანგრეულია. ორი დღის გამოსულია ციხიდან და დღეს აღმოაჩინა, რომ პარტია დანგრეულია?! ამ ადამიანს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს. ის ციხიდან არ გამოსულა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გამოვიდა ახალი პარტიის წევრი. ის, რაც ამ დღეების განმავლობაში იკადრა გიგა ბოკერიას გუნდმა, არის ის, რაც წლების განმავლობაში არ მოსწონდა ჩვენს საზოგადოებას, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში. ბოკერიამ და მისმა გუნდა, პარტიის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა, რათა დაესაჯათ თავისი თანაგუნდელები, რომლებმაც უბრალოდ უთხრეს, არ გეთანხმებითო".

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით კი, უახლოეს ორ დღეში გაკეთდება განცხადება 7-ათასიანი ყრილობის მოწინააღმდეგეთა გეგმების შესახებ.

"უგულავას გამოსვლის შემდეგ გარკვეული ტაიმაუტი ავიღეთ იმისთვის, რომ მიგვეცა შანსი მოლაპარაკებებისთვის. მოლაპარაკება არ შედგა და შანსი იმის, რომ შედგება, ძალიან მცირეა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. საბოლოო გადაწყვეტილება, როდის მოხდება ეს, ჯერ არ არის მიღებული. ჩვენი გზები გაიყოფა. საბოლოო განცხადება გაკეთდება ორ დღეში", - განაცხადა თარხნიშვილმა.

ამ დრომდე უცნობია, გარდაუვალი გაყოფის შემდეგ როგორ მოგვარდება ქონებრივი საკითხი, ვის დარჩება სახელი "ნაციონალური მოძრაობა"?

ნინო კალანდაძის განცხადებით, შეუძლებელია პრეტენზია სახელზე ჰქონდეთ მათ, ვინც პარტიას ტოვებს:

"სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. "ნაციონალური მოძრაობა" დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" მათ არ მიჰყვება."

რაც შეეხება ქონებრივ საკითხებზე მსჯელობას, უგულავას თქმით, დღის წესრიგში ქვეყნის პრობლემების მოგვარება დგას და არა ქონებრივი საკითხი.

"მე საერთოდ არ ვარ ჩახედული და არ მაინტერესებს არანაირი ქონების საკითხები. ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითევზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ პარტიაშია. როდესაც რესურსი აღარ არის, მაშინ უმჯობესია ყოველგვარი მზითევის გარეშე, სუფთა ხელებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მზითევის და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს", - განაცხადა უგულავამ.

ისმის კითხვა, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის შემდეგ თითოეულ ჯგუფს რა პერსპექტივა ექნება?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- პერსპექტივაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ ცხადია, ის რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, რჩება როგორც დაზიანებული ბრენდი. ერთ მხარეს არის გარკვეული პოლიტიკური ელიტა უგულავა-ბოკერიას სახით, რომელსაც აქვს კარგი პოლიტიკური კვალიფიკაცია, კარგად შეუძლიათ მართონ პოლიტიკური პროცესები; მეორე მხარეს კი რჩება სააკაშვილის მრევლი, ანუ ადამიანები, რომლებსაც რბილად რომ ვთქვათ არც კვალიფიკაცია გააჩნიათ და არც პოლიტიკის გაეგებათ ბევრი რამ. ეს ეგზალტირებული და ემოციური მასაა. რაც შეეხება პერსპექტივას - ემოციური, ეგზალტირებული და ნაკლებად კვალიფიციური მასის პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია, ვინაიდან პოლიტიკურ პროცესებს ცოდნა სჭირდება, მინიმალური კომპეტენცია მაინც, რასაც ამ ფრთაში ვერ ვხედავ.

რაც შეეხება უგულავა-ბოკერიას ფრთას, მათ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება და კვალიფიკაცია, მაგრამ მათი პრობლემა ის არის, რომ არ აქვთ ელექტრონული ბაზა, ფინანსები და ის, რაც საჭიროა პარტიის არსებობისათვის. სწორედ, ამიტომაც ორივე მხარე უახლოეს მომავალში სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან.

- ვის შეიძლება დარჩეს პარტიის სახელი, ფინანსები?

- ფაქტია, რომ ორივე ფრთა გაყოფის სასწყის ეტაპზე იქნება სერიოზულად დასუსტებული. რაც შეეხება პირველი ფრთის პერსპექტივას ისინი პოლიტიკურ ასპარეზზე გარკვეულ როლს ითამაშებენ. არა მგონია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ მათ თავიანთი სეგმენტი ექნებათ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ყველაზე დიდი ფრაქცია აქვთ პარლამენტში. გასათვალისწინებელია, რომ ისინი კარგად ფლობენ საპარლამენტო ტრიბუნის გამოსვლის ტექნოლოგიებს, რის ბაზაზეც შეეცდეებიან, რომ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ სამომავლოდ პოლიტიკურ პროცესების განვითარებაში. ხოლო იმ ფრთის პერსპექტივა, რომელსაც ბელადი სააკაშვილი მართავს პრაქტიკულად ნულის ტოლია. ცხადია, ვინც უგულავა-ბოკერიასთან არ იქნება, სააკაშვილზე იქნებიან მიკერებულები. სააკაშვილს კი ნამდვილად გაუჭირდება მართვა, რადგან ის არც საქართველოში იმყოფება და არც ამ ქვეყანაზე დიდი ხანია.

- არსებობენ ადამიანები ჩვენში, ვინც ეჭვობენ, რომ ეს გაყოფა შესაძლოა უფრო დიდი პოლიტიკური მიზნისთვის გათვლილი თამაში იყოს ...

- ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა მე შეთქმულების თეორიებს არ განვავითარებ და არ ვიტყვი, რომ რაღაცა ტაქტიკური სვლები კეთდება. ჩემი აზრით, რეალურად ყველაფერი პოლიტიკურ-ემოციურ ფონზე მიდის. ფაქტია, მოხდა კონცეპტუალური დაჯახება. ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და რისი გამკეთებელიც არის, მას მორგებული აქვს მყარად მანტია და ფაქტობრივად ის, რაც მას არ ექვემდებარება და ვინც ცდილობს, რომ მისი უპირობო ლიდერობა ეჭქვეშ დააყენოს, ყველას და ყველაფერს ანადგურებს. ამ შემთხვევაში რას გააკეთბს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მალევე ვნახავთ.

იხილეთ ასევე: "ის, რაც თქვა ივანიშვილმა წლების წინ, რომ დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", სრულდება"

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)