"ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს" - კვირიკაშვილი მამაკაცთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს" - კვირიკაშვილი მამაკაცთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს ავალებს, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, "ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები.

"ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს.

ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არცერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების,

ძალადობრივი ქმედებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

კვირიკაშვილმა ასევე სთხოვა ადამიანის უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.

"თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე: რატომ არ უშვებენ თბილისში მდებარე უცხოურ ბარებში ქართველ მამაკაცებს?

"ინტერპრესნიუსი"