"ვფიქრობ, ბატონი კალაძე თავის დანაშაულს ხვდება" - კალაძე 2018 წლისთვის თბილისის მერობას ან პრეზიდენტობას აპირებს?! - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, ბატონი კალაძე თავის დანაშაულს ხვდება" - კალაძე 2018 წლისთვის თბილისის მერობას ან პრეზიდენტობას აპირებს?!

საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, მთავრობამ იმსჯელა და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისას ნედლეულის სანაცვლოდ ფულს მიიღებს.

"ამ ხელშეკრულებით საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ასევე, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, მივიღოთ ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.

მინისტრის ინფორმაციით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება. რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში“.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის მოღალატური.

"ყველა არგუმენტი, რაც შარშან ჰქონდა მთავრობას „გაზპრომთან“ დათმობაზე წასვლის გასამართლებლად, ამოწურულია. შაჰდენიზის საერთაშორისო კონსორციუმმა 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი გამოგვიყო დამატებით და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენშიც გატარების უფლება მოგვცა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ კაპიტულაცია მოახდინა. აქ იკვეთება პირადი ინტერესებიც და ამას ადრე თუ გვიან ფარდა აეხდება. რუსეთის შემდგომი სამიზნე თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა იქნება, რომელიც „ყაზტრანსგაზის“ საკუთრებაშია. ამის შემდეგ კი რკინიგზა. ესაა მცოცავი ეკონომიკური ანექსია“.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ეკონომიკური და ფინანსური გათვლების შედეგი.

- პირობები 2017 წლისთვის მისაღებია და ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი, რაც შეეხება 2018 წელს, რატომ აიგდო ბატონმა კალაძემ ასე აბუჩად შემდეგი წელი, ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ იგი 2018 წელს ენერგეტიკის მინისტრობას აღარ აპირებს და გეგმავს თბილისის მერად ან საქართველოს პრეზიდენტად მოგვევლინოს.

ასეთი უპასუხისმგებლობა არ შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი პირის, მითუმეტეს ადამიანის, რომელმაც სულ რამდენიმე წელია, რაც მოირგო მინისტრის სავარძელი. უამრავი არგუმენტი არსებობდა გასულ წელს, რომ მიგვეღო ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ბოლოსდაბოლოს მივიღეთ, ახლა კი ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯი მიგვიყვანს იქამდე, რისი გაგონებაც არ გვსურდა 2016 წელს.

დარწმუნებული ვარ, ბატონი კალაძე თავის დანაშაულს ხვდება და ამიტომაც ყველა ოპონენტს  წინასწარ აცხადებს უცოდინრად და არაპროფესიონალად.

შარშან ბატონ მინისტრს 10-ჯერ, 15-ჯერ გაუმეორეს და ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რატომ უნდა ყოფილიყო ისეთი ხელშეკრულება, როგორიც დაიდო მაშინ. არ მსურს რაიმე რადიკალური ფრაზების მოშველიება, მაგრამ ბატონმა კალაძემ მოგვცეს პირობა, რომ 2018 წელს ამ ხელშეკრულების შედეგს საკუთარი ფინანსებიდან დაფარავს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას ვღებულობთ ისე, რომ აღარ ვეკითხებით არც აზერბაიჯანს, არც ირანს...

- მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს...

- ოო, ეს ისეთი სანახაობა იყო, რასაკვირველია, მხოლოდ ჭეშმარიტების მღაღადებელთა ჯგუფი იქნებოდა. რად უნდოდა ამას მთავრობა? ამას უნდოდა სპეციალისტებთან გასაუბრება და შედეგების შეფასება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ეკონომიკური და ფინანსური გათვლების შედეგი. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილებით მთლიანად ჩვენს მთავრობას მიადგა ჩრდილი თუნდაც იმიტომ, რომ ხმას აძლევდა ამ გადაწყვეტილებას იმ მინისტრთა ჯგუფი, რომელთაც ალბათ საკუთარ სახლშიც უჭირთ ბუნებრივი აირის გამოყენება.

იხილეთ: რუსეთმა თავისი გაიტანა - საქართველო რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტისას ნედლეულის სანაცვლოდ ფულს მიიღებს

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)