უგულავა: "ივანიშვილმა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გამათავისუფლა" - კვირის პალიტრა

უგულავა: "ივანიშვილმა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გამათავისუფლა"

"ივანიშვილმა გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად, რა ზეწოლაც მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო პარტნიორებიდან იყო", - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, ”TV პირველის” ეთერში განაცხადა.

”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის თქმით, არჩევნების შემდეგ მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა, მათ შორის პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გათავისუფლება. უგულავას განცხადებით, სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ მთავრობას, ხელისუფლებას, ივანიშვილს ან პროკურატურას აზრი არ ჰკითხოს.

”მე დამიჭირა ივანიშვილმა და, რა თქმა უნდა, ეს სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ მთავრობას, ხელისუფლებას, ივანიშვილს, პროკურატურას არ ჰკითხოს. ივანიშვილმა გამომიშვა იმ ზეწოლის შედეგად, რა ზეწოლაც მთელი ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებიდან იყო. არჩევნების შემდეგ, მთავრობას წაუყენეს სამი ძირითადი მოთხოვნა - დაანებე ”რუსთავი 2”-ს თავი, ახალი პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა იყოს ქვეყანაში და პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვება.

ჩემთვის ყველაზე მძიმეა, რომ ეს მეორე მოთხოვნა ჰაერის მიყიდვაა, რადგან ივანიშვილს ახალი პოლიტიკური რეპრესიები არ სჭირდება, დღეს არ არის ეს სიტუაცია. მესამე მოთხოვნიდან, ბუნებრივია და მოულოდნელი არ იყო, რომ პირველი ჩემი საქმე დაიძრებოდა, რადგან ”ქართული ოცნებისა” და ივანიშვილისთვის სხვა საკითხი უფრო მძიმეა. ივანიშვილი არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ ბიზნესმენი სამი საკითხიდან ორს თუ კოჭს გაუგორებს, მესამეს შეიძლება დაარტყას, ამიტომ მე ყველაზე ცუდი მოლოდინი მაქვს ”რუსთავი2”-თან დაკავშირებით”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"