"სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ტარას ბულბასავით როგორც შექმნა, ისე დაასრულა..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ტარას ბულბასავით როგორც შექმნა, ისე დაასრულა..."

"ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ" - აპირებს უგულავა თბილისის მერობისთვის ბრძოლას?

"მე ორი არჩვენი მქონდა, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ანაც ციხეში... მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ წავედი და დავრჩი... მაგრამ უკაცრავად, თუ ეს ვინმეს აკომპლექსებს, ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ, გასაგები იყო, რომ ივანიშვილი იმასაც დაიჭერდა"

როგორც თბილისის ყოფილმა მერმა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, თბილისის მერობაზე კენჭისყრას არ აპირებს.

"როდესაც 2012 წელს ოპოზიციაში აღმოვჩნდით, ჩვენ დავმარცხდით და მარცხი ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა ძალიან მაღალი კვარცხლბეკიდან ჩამოვვარდით და მოგვიწევს საზოგადოება დავარწმუნოთ არა დაბრუნებაში, არამედ დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი იდეები არის სწორი და ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და არა დაბრუნებისთვის. მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მითუმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას. ფუნდამენტურად ეს არ უნდა იყოს დაბრუნება. აი, აქ არის განსხვავება, იგივე ჩემს ხედვას და მიშას შორის, მიშა არსებითად უყურებს ამას, როგორც დაბრუნების პროექტს", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საკითხი ახლა არ წამოწეულა. "2013 წელს თებერვალში გვქონდა ამაზე მიშასთან საუბარი, ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილი არ იყო დაპატიმრებული და ის საუბარი მწვავედ დასრულდა. ჩემი პოზიცია იყო ასეთი, რომ მიშა ის ერთი წელი ყოფილიყო სრულფასოვანი პრეზიდენტი და არა პარტიის ლიდერი, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო მიხეილ სააკაშვილის განცახდება, რომ თითქოს უგულავა გაბრაზებულია იმაზე, რომ სააკაშვილის გამო დააკავეს.

"მე ორი არჩვენი მქონდა, ან ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი, ანაც ციხეში... მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ წავედი და დავრჩი... მაგრამ უკაცრავად, თუ ეს ვინმეს აკომპლექსებს, ქვეყნიდან წასვლის გამო მიშას პრეტენზიას არ ვუყენებ, გასაგები იყო, რომ ივანიშვილი იმასაც დაიჭერდა, ეს არჩევანი ყველამ ინდივიდუალურად გააკეთა, ვანომაც, ბაჩომაც, რომელიც წავიდა და დაბრუნდა, ვიღაცები წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ.... არ ვაყვედრი და არც წამოვაყვედრებ მიშას წასვლას", - განაცხადა უგულავამ, რომელიც ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის შეცდომების შედეგად დაიშალა:

"სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ტარას ბულბასავით როგორც შექმნა, ისე დაასრულა..."

მისივე თქმით, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ოდესის გუბერნატორობას დათანხმდა და ამის გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

"ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამღუპველი იყო", - განაცხადა უგულავამ.