"ბოკერიას ცოლი თავისი ცინიზმით ცდილობს საჯაროდ დასცინოს და მოშხამოს ის, ვინც ამ პარტიას ირჩევს" - კვირის პალიტრა

"ბოკერიას ცოლი თავისი ცინიზმით ცდილობს საჯაროდ დასცინოს და მოშხამოს ის, ვინც ამ პარტიას ირჩევს"

(გ)იგი წავა და "სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა"

"რა საჭიროა, ვინმე თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსების ასეთი ხშირი ტირაჟირება? ერთი შხამიანი აზროვნების პერსონაა და არ ვიცი, რა აუცილებელია ყოველდღე მისი ცინიზმის კოპირება და გაზიარება?!

თუ მაინცდამაინც რაიმე აქტუალურის, მნიშვნელოვანის და ღირებულის გაზიარება გსურთ, გაიზიარეთ და სხვებსაც გაუზიარეთ ჩემი პოეზია, ჩემი ტექსტები, იკითხეთ ჩემი რომანები, მოისმინეთ და ასევე გააზიარეთ ჩემი აუდიონამუშევრები.

მის სტატუსებსა და დამცინავ სიბინძურეში დროს რატომ ხარჯავთ, მეგობრებო? ე.ი. ის მოგწონთ. ე.ი. ის თქვენთვის საინტერესოა. ე.ი. მას თქვენზე მეტი ეთქმის და მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია. ასეა? თუ ასე არაა, მაშინ ლამის ყოველდღე რა მიზეზით აზიარებთ ამ გაავებული ადამიანის დამცინავ გამონათქვამებს, გნებავთ ზვიადზე, გნებავთ მიშაზე? თქვენ მისი ღვარძლის გაზიარებით რა გემატებათ?" – ეს არის ამონარიდი პოეტ დავით დეფის სტატუსიდან, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

დავინტერესდით რას ფიქრობს პოეტი "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო მიმდინარე პროცესებზე, პარტიაზე, რომელსაც ყოველთვის თანაუგრძნობდა.

- (გ)იგი წავა და "სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა". პირადად ჩემთვის, მომხდარი ძალიან მოულოდნელი იყო. თავიდან ხუმრობა მეგონა.

- იმ პოლიტიკოსებიდან, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, ყველაზე მეტად რომელ პოლიტიკოსზე გწყდებათ გული?

- ადრე ბევრზე დამწყდა გული, დღეს უკვე არც ერთზე... ასეც უნდა ყოფილიყო. თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიორგი ღვინიაშვილი და თენგიზ გუნავა იქით იყვნენ. შემდეგ კი უცებ, ყველაფერი ნათელი გახდა და ჩემდა მოულოდნელად, გამეღიმა. მიხეილ სააკაშვილი დღე და ღამე, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების - სი-ენ-ენ-ის, "ფოქსნიუსის", ენ-ბი-სი-ს და ა.შ. პრაიმ-თაიმში, პირდაპირ ეთერშია, მსოფლიო არხები მას ეკითხებიან, მას უსმენენ... უცხოელი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მის აზრს ითვალისწინებენ. მთელს პლანეტაზე ასობით ათასი, თუ გნებავთ მილიონობით ადამიანი, მის ინტერვიუებს თვალს ერთდროულად ლამის ყოველ დღე ადევნებს. ამ ახირებული გამიჯნულებიდან რომელიმე მათგანი თავის სიცოცხლეში, მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ასეთ ამბავში თუ აღმოჩენილა თუნდაც მცირე ხნით?!

- როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს გაყოფა "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა?

- ახლა როცა მომხდარ ამბებს თვალს გადავავლებთ სურათი სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება:

1. ბაჩო ახალაიასადმი აგდებულმა დამოკიდებულებამ, ის პარტიიდან თითქმის მიტოვებული, ლამის კეთროვანი და სრულიად დემონიზირებული გახადა. მისი სახელის ხსენებაც კი დაუშვებელი იყო. საქმე კი ისაა, რომ "მონსტრი და კეთროვანი" ბაჩო ახალაია ცამეტი წარდგენილი ბრალდებიდან ცამეტივეში გამართლდა, მაგრამ უსაშველოდ გაწელილი წინასწარი პატიმრობის დასასრულ, კრიმინალების ჩვენებით მაინც ციხეში გამოკეტეს. ამას რა ჰქვია?

2. ვნახეთ სანდრას უმაგრესი საარჩევნო კამპანია, არადა, მისი შტაბის წევრები დღეს თავმომწონედ და დაჟინებით ტოვებენ პარტიას. ან ამას რა ჰქვია?

3. თავყრილობა დიდგორზე - ეს სიმბოლური აქტი მიშას წინადადება იყო და კარგად მახსენდება ის ახალი თუ ძველი სახეები, რომლებიც ამ იდეას საჯაროდ დასცინოდნენ და ამაზე იგესლებოდნენ.

4. არჩევნები, პარტიული სიის დაკომპლექტება, როდესაც ყველანაირად ცდილობდნენ ის პირები არ მოხვედრილიყვნენ სიაში, ვისაც მიშა მხარს უჭერდა.

5. გიგა ბოკერიას ცოლი თავისი ცინიზმით ცდილობს საჯაროდ დასცინოს და მოშხამოს ის, ვინც ამ პარტიას ირჩევს და ამ პარტიის გამო ათას შარშია გახვეული. ან ამ ჯანდაბას რაღა ქვია?

6. გიგი უგულავა აცხადებს, პარტია დაინგრაო მაშინ, როცა თვითონაც კარგად უწყის და სხვებიც უწყიან, რომ პარტია არ დაინგრა.

ასეთი, შესამჩნევი თუ შეუმჩნეველი დეტალები, ნიშანია იმისა, რომ ის, რაც ხდება ენმ-ში, დიდი ხნის გეგმაა. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, რის გამოც დიდი აქციების მოწყობა გარანტირებული იქნებოდა, ცალკეული იშვიათი შემთხვევის გარდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა კი ნაგავი ზედაპირზე ამოტივტივდა და მადლობა ღმერთს, ყველაფერი წინაა.

ფაქტია კრემლის, ივანიშვილისა და ამ გამიჯნულების თუ გამიჯ-ნულების მისწრაფებები ერთმანეთს ემთხვევა. მათი გზავნილია: ენმ მიხეილ სააკაშვილის გარეშე!

ლაპარაკი ფაქტების გარეშე და მით უმეტეს რაიმეს მტკიცება უბილწესი ჭორაობაა და ცუდი საქმეა. ადამიანთა დამცირება და დემონიზირება სწორედაც ჭორით და ასეთი ცუდი საქმეებით ხდება. ასე მუშაობს კე-გე-ბე და მადლობა ღმერთს, დღეს ახალ საუკუნეში მათ ვერა და ვერ გამოსდით ის, რაც გამოუვიდათ გასულ საუკუნეში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აგორებული პუტჩისა და სამხედრო - სახელმწიფო გადატრიალების დროს.

ვერ გამოუვიდათ, რადგან ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს და რადგან საქმე ასე დატრიალდა, მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან გამიჯვნის მცდელობით, მისი როლი კიდევ უფრო განმტიკცდა, თანაც მსოფლიო პოლიტიკაში. ენმ-ს ნახევარ მილიონიანმა ამომრჩეველმა მთელ ქვეყანას საოცარი ერთობა აჩვენა და ე.წ. გამიჯნულებმა თუ გამიჯ-ნულებმა მიხეილ სააკაშვილის მისივე ამომრჩევლიდან ჩახსნა ვერ შეძლეს, მით უმეტეს ვერ შეძლეს ვერც ამომრჩევლის დემონიზირება და კიდევ უფრო უარესი დემორალიზება, დაბნევა. ივანიშვილისთვის ეს ყოველივე ისტორიული და ისტერიული მარცხია და ამასთან ერთად ენმ კიდევ უფრო ღია და კიდევ უფრო სახალხო პარტიად იქცა. ამ ამბავმა მთელ საქართველოში ყველა თავისი მხარდამჭერის სწრაფი და ორგანიზებული ერთობა მოახდინა. უცნაურიც ესაა - ყველაფერი ენმ-ის წინააღმდეგაა მიმართული, არადა პირიქით მის სასარგებლოდ მუშაობს ყოველთვის და ყველგან ასეა, It’s magic.

- ამ ცოტა ხნის წინ ფბ-ზე დაწერეთ, რომ თქვენთვის გაუგებარია თუ რატომ ხდება თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსების გაზიარება, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მოხდებოდა, მანამდეც მიუღებელი იყო თქვენთვის თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარები?

- მასთან არც ხშირი კონტაქტი მქონია და არც კონფლიქტი. ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო ის და მისი ე.წ. წრე ყოველთვის აიგნორებდა ჩემთან დაკავშირებულ ამბებს, რაც სიმართლე რომ ვთქვა, მიკვირდა. მე ჩემს აზრზე ვარ, ის თავის აზრზეა, მაგრამ ჩემდამი ასე ჩაციკლული ანტაგონიზმის მიზეზიც, როგორც ჩანს, არსებობს.

დღეს აშკარაა ცინიზმის და სარკაზმის ახალი ტალღა დაიწყო, ბელადომანიასა და კერპთაყვანისმცემლობაზე აგებული და აგორებული. ფორმით და შინაარსით ზუსტად იგივე ტალღაა, როგორიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, მისი პიროვნების და ეროვნული მოძრაობის დამაკნინებლად აგორდა. საზოგადოების ცნობიერებას მენტალური განგრენასავით წამებში მოედო და ყველაფერი მოსპო.

ამ ყველაფრის შემდეგ, დღეს ვინც განსხვავებას ვერ და არ ხედავს ბელადსა და ლიდერს შორის, იდეალიზმსა და კერპთაყვანისმცემლობას შორის, პიროვნებას, გზას, რწმენასა და პატივმოყვარეობას, მეტიც - განსხვავებას ვერ და არ ხედავს გულწრფელობასა და თვალებში ნაცრის შეყრას შორის, ის განსხვავებას ვერასდროს ვერაფერში დაინახავს. ასეთი ადამიანები, მთელ თავის ცხოვრებას ცინიზმსა და სიცარიელეში განლევენ. ინტელექტი, თანაგრძნობის, სიყვარულის, იდეალიზმის გარეშე თვალთმაქცობა და ეშმაკობაა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)