გამოკითხულთა რამდენმა პროცენტმა არ იცის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა პარლამენტში?! - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა რამდენმა პროცენტმა არ იცის საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა პარლამენტში?!

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) ახალი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%_ია.

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა პარლამენტი. გამოკითხულთა 30%-ის აზრით, ახალი პარლამენტის მუშაობა იგივე იქნება, ხოლო 8 % ფიქრობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს, ვიდრე წინა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო იმ ფონზე, როცა ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქალაქეთა 51,63%-იანი აქტივობა იყო.

კვლევის თანახმად, მხოლოდ გამოკითხულთა 26%-ი ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

გამოკითხულთა 33%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

კითხვაზე - ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – 65%-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% - არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

გამოკითხულთა უმრავლესობა - 65% მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის.

56 %-ის აზრით, პარლამენტის წევრი აქტიური იქნება. 48% აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს. ასევე 48% მიიჩნევს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს.

გამოკითხულთა უმრავლესობა 40% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. გამოკითხულთა 22%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 3% - „პატრიოტთა ალიანსს“ და ასევე 3% „თავისუფალ დემოკრატებს“.