"უგულავა ციხეში შევიდა გატუტუცებული და უზრდელი, იქიდან კი გამოვიდა დაბრძენებული იერით, მშვიდი ტონით, ჯანმრთელი" - კვირის პალიტრა

"უგულავა ციხეში შევიდა გატუტუცებული და უზრდელი, იქიდან კი გამოვიდა დაბრძენებული იერით, მშვიდი ტონით, ჯანმრთელი"

"გიგი უგულავა როცა ციხეში შევიდა, ფაქტობრივად იყო გატუტუცებული და მაქსიმალურად უზრდელი, იქიდან გამოვიდა დაბრძენებული იერით, მშვიდი ტონალობით, დამშვიდებული, ჯანმრთელი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფასა და ორი სხვადასხვა გუნდის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში პატიმრობიდან გათავისუფლებული პირები დაავადმყოფებულნი იყვნენ და მინიმუმ 6-თვიანი რეაბილიტაცია სჭირდებოდათ.

მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ „გიგი უგულავამ ნაწილობრივ აღიარა რაღაცები“, „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შედეგად შექმნილი ორი ბანაკიდან ის მაინც „ყველაზე დიდი წონისაა“.

„გიგი უგულავა ციხიდან გამოვიდა ჯანსაღი - ძალიან კარგ პირობებში იმყოფებოდა. მან იქ შეძლო კითხვა, რაღაცების გადაფასება, ფიქრი... ბევრი რაღაც წაიკითხა, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის, თომას მანს, ყველა ინტერვიუში რაღაც უნდა ჩართოს იქ წაკითხული. ძალიან ეტყობა ეს. ამბობს, პოლიტპატიმარი ვარო, კი აღიარა რაღაცები, მაგრამ იმდენადაც არა და ესეც გარკვეულად ხელს უწყობს. გიგი უგულავა ამ ორ ბანაკში ყველაზე დიდი წონისაა, მაგრამ ერთია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ფანატიკური წრისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილზეა გაგიჟებული, უგულავას ფლანგი მოღალატეები არიან. უგულავას წამოაძახებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ესენი მოინდომებენ პასუხს - ასე არა ვართო და დაიწყებენ ბიძინას ლანძღვას, ეს იქნება გაჯიბრება ერთმანეთთან“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მისივე განმარტებით, უგულავას ფლანგის გამოყოფა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჰგავს „ტყავის გამოცვლას“ და „ახალი ფიგურის ძებნას“.

„ტყავის გამოცვლას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. არიან ბუნებაში ისეთი არსებები, რომლებიც დროდადრო იცვლიან კანს, მაგრამ არსით, შინაგანად, რჩებიან იგივენი. მგონია, რომ ესენიც იგივენი არიან ბუნებით და მხოლოდ გარეგნულად შეიცვალეს სახე იმიტომ, რომ ვერ შეეწყნენ იმ მდგომარეობას და კონფლიქტი მოუვიდათ ბელადთან. ისინი ახალი ფიგურის წამოწევას შეეცდებიან და უგულავა ცდილობს ეს ფიგურა თვითონ იყოს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

"ინტერპრესნიუსი"